სუბსარქისის დღესასწაულზე მრავალი ლეგენდა და თქმულება არსებობს.
ერთ-ერთის თანახმად, ამ დროს ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები სხვადასხვა რიტუალებს ატარებენ, რადგან სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ერთხელ სარქისს მოშიებია და სუპი აივანზე გაუტანია, ძალიან ცხელი იყო და ვერ აცივებდა. შეწუხებულმა წაიწუწუნა, “ეს რა ამინდია, სუპი არ ცივდებაო”, გაბრაზდა ქარების ღმერთი და ისეთი დაუბერა 9 დღე და 9 ღამე, სარქისი გარეთ თავს ვერ ყოფდა.
აქედან მოდის თქმულება სუპ სარქისზე (დროთა განმავლობაში „პ“ ამოვარდა და „ბ“ ასომ ჩაანაცვლა)… ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ სურბ სარქისის დღესასწაულის დროს საქართველოში ძლიერი ქარია. სურბ სარქისი მოძრავი დღესასწაულია, წელს ის 16 თებერვალს დასრულდა. სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა. სურბ სარქისობას წინ 5–დღიანი მარხვა უძღვის, დღესასწაულის წინა ღამით კი ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ და სიზმარში საქმროს ან საპატარძლოს გამოეცხადებას ელდებიან. სურბ სარქისი, იგივე წმინდა სარქისი, წარმოშობით ბერძენი იყო. იმპერატორმა კონსტანტინემ მას მხედართმთავრის წოდება მიანიჭა. თავისი ცხოვრებით ის ქრისტიანობას ქადაგებდა. როდესაც დაიწყო ქრისტიანების დევნა, სუბსარქისი სომხეთში, იქიდან კი სპარსეთში გადავიდა, სადაც შეიპყრეს, დილეგში ჩააგდეს და სტანჯავდნენ. ხალხში დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წმინდა სარქისს სიყვარულის მფარველად მიიჩნევენ, ძველ ისტორიას უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, ღარიბ ვაჟს მდიდარი მოვაჭრის ქალიშვილი შეუყვარდა. რადგან ვაჟი ღარიბი იყო, გოგონა ვერ გათხოვდა მასზე, თუმცა დაჰპირდა, რომ შვიდი წელი არ გათხოვდებოდა. ახალგაზრდებმა პირობა დადეს, რომ ერთ, კონკრეტულ დღეს შეხვდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგო იმას გაჰყვებოდა ცოლად, ვისაც მამა ურჩევდა. ვაჟი სხვა ქვეყანაში გასამდიდრებლად წავიდა. შვიდი წელი ტანჯვასა და მონატრებაში გაატარა, დათქმულ დღეს კი გოგოსთან შესახვედრად წავიდა. გზაში ბევრი პრობლემა შეექმნა, დათქმული დღე კი იწურებოდა, ამიტომ მან სურბ სარქისს განსაცდელების თავიდან აცილება და დახმარება სთხოვა. ხალხური გადმოცემის მიხედვით, წმინდა სარქისი ვაჟთან ცხენზე ამხედრებული მივიდა და დაეხმარა სწრაფად მისულიყო საცოლესთან. გოგონას მშობლები მათ ქორწინებას დასთანხმდნენ. სწორედ აქედან მოდის რწმენა, რომ წმინდა სარქისი ყველა შეყვარებული წყვილის მფარველია. სურბ სარქისის დღესასწაულს ხშირად უამინდობასაც უკავშირებენ. თქმულების მიხედვით, მაშინ როცა შვიდწლიანი განშორების შემდეგ ვაჟს შეყვარებულის სანახავად მიეჩქარებოდა, ქარბუქი ამოვარდნილა.
სხვა სიახლეები