რას ჰყვება ექიმი, რომელმაც კორონავირუსით დაინფიცირებულს ოპერაცია პირველმა გაუკეთა

გმირი ექიმები, ასე უწოდებენ მარნეულში ჯეო ჰოსპიტალის კლინიკის ექიმებს, რომლებმაც საქართველოში პირველებმა, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია გაუკეთეს.

ქირურგები დათო შუბითიძე და ზურა გრიგალაშვილი მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში წლებია მუშაობენ და მათ არაერთი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარებიათ.

“56 წლის პაციენტი საკარანტინე ზონიდან, მწვავე ხოლეცისტიტით გადმოიყვანეს. ძლიერი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, კლინიკა უკვე ცხელების ცენტრი იყო.

შესაბამისად, როგორც ყოველთვის ჩვენს კლინიკაში საოპერაციო ბლოკი გამართული იყო.

იმ დღეს, მე და ზურა გრიგალაშვილი ვიყავით მორიგეები, ვიცოდით რომ გადმოყვანილი პაციენტი შეიძლებოდა კოვიდინფიცირებული ყოფილიყო, მაგრამ არ დაველოდეთ ანალიზის გაკეთებას და პირდაპირ შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში.

საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, სრულიად ეკიპირებულები ვიყავით, რამდენიმე ტანსაცმელი გვეცვა და ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდით. თუმცა, ოპერაციამ საბედნიეროდ კარგად და გართულებების გარეშე ჩაიარა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ანალიზი გაუკეთდა და მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან დადებით პასუხი მოვიდა.

ამ ყველაფერმა ჩვენზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იმოქმედა, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდით ყველა ზომა მიღებული გვქონდა და ინფექციის გადადების შანსი არ იყო.

ამ დროს პირველ რიგში შენს ოჯახზე ფიქრობ, ამიტომ ოჯახებთან ვცდილობდით მაქსიმალურად დაგვეცვა დისტანცია“, – გვიყვება ექიმი დათო შუბითუძე.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები