აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე საქართველოს ეკონომიკის გადასარჩენად ბიზნესს რჩევებს აძლევს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ტემპერატურის მატება და ზაფხულის ეფექტი არ აღმოჩნდა განმსაზღვრელი ეპიდემიის მიმდინარეობაში. ბრაზილიაში ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკამ მკაფიოდ გასცა პასუხი ამ კითხვას.
მეორეს მხრივ, სომხეთის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი რიცხვები შემთხვევითი არ არის და ჩვენი სოლიდარობის, შეგნების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობის ერთობლივი შედეგია.
ჩემი აზრით, 2021 წლის გაზაფხულამდე, ყველაფერი „ახალი ნორმა“ იქნება და ნებისმიერი ბიზნესი თუ ორგანიზაცია, კერძო თუ საჯარო, რომელიც თავშეყრის ადგილია, გარკვეულ წესებს და რეგულაციებს უნდა დაემორჩილოს. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა მოხსნილია, ჰოსპიტალური სისტემა ისევ ისეთი გადავსების რისკის ქვეშაა, როგორც 1 ან 2 თვის წინ იყო; თუ ბიზნესს უნდა რომ იარსებოს და ისევ არ დაიხუროს, თავად უნდა დაარეგულიროს მომხმარებლის დინება, დისტანციის დაცვა, ნიღბების გამოყენება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, ეს საბოლოო ჯამში მათაც სარგებელს მოუტანს, რადგან კიდევ ერთხელ გაჩერებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გადაიტანს. თუ ასეთი რეგულაცია ან კანონი არ არსებობს, მაშინ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას”.- წერს მაჩაიძე