რას უნდა ველოდოთ 2015 წელს და როგორ უნდა მოვიქცეთ თხის წელიწადის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად – ასტროლოგის რჩევები
ყოველი წელი თავისებურად განსხვავებული და უნიკალურია… არც მომავალი წელია გამონაკლისი! პირველ რიგში, მომავალი წლის სტიქია ხეა – ყველაზე ცვალებადი, და მოქნილი სტიქია. ამიტომ მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ ყოველგვარ შესაძლო, მოულოდნელ და დაუჯერებელ ცვლილებებსაც კი. საჭიროა მზადყოფნაში მოვიყვანოთ საკუთარი თავი ყველანაირი ცვლილებებისთვის, გავხდეთ მოქნილები და შევძლოთ ავყვეთ ცვლილებების რიტმს. უნდა მოვახერხოთ და წინასწარ განვსაზღვროთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომ ცოტა მომზადებულები შევხვდეთ სიახლეებს.
აუცილებელია ვისწავლოთ სხვების მოსმენა, გაგება და სხვის ადგილზე თავის დაყენება, მოვახერხოთ სხვისი აზრის გაზიარება, გადავხედოთ პირად შეხედულებებს, სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციებს.
ტიბეტურ ასტროლოგიაში თხა (ცხვარი) ასახავს ნელ აზროვნებას, გარკვეულ უმადურობას, მაგრამ მთლიანობაში ის მაინც ჰარმონიისა და სიკეთის სიმბოლოა. წელს ტენდენციური იქნება საქმეების გადადება, სიზარმაცე, რასაც მთელი ძალებით უნდა ვებრძოლოთ!
თხის წელში აქტუალური იქნება მეგობრული ურთიერთობები, მეგობრებთან ერთად დასვენება, ქეიფი და მოლხენა, ამიტომ აუცილებლად ხშირად დაპატიჟეთ მეგობრები და განიტვირთეთ მათთან ერთად, ისაუბრეთ მსუბუქ, უშუალო თემებზე, რომლებიც არ შექმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს.
ტიბეტური ასტროლოგიის თანახმად, ხის თხის წელიწადი გამოირჩევა გონების შრომისუნარიანობის დაქვეითებით, გართულდება ახალი ინფორმაციის ათვისება და გააზრება, ამიტომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს წელს მეტად მოუწევთ დახარჯონ დრო და ძალები ახალი მასალის ასათვისებლად.
2015 წლის თილისმა
მიუხედავად ცხვრის არაერთგვაროვანი ხასიათისა, ის, სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ვინაიდან, ტიბეტელი ასტროლოგების თქმით, მასში ყველაზე კარგად ურთიერთობს სიცოცხლისა და წარმატების ელემენტები. ცხვარს მუდან დაჰყვება ფორტუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ! შესაძლოა დაკვირვებულიც კი იყოთ იმაზე, თუ რა მარტივად აგვარებენ ამ წელს დაბადებული ადამიანები პრობლემებს.
ხე – 2015 წლის მთავარი ელემენტია, ის განსაზღვრავს ჩვენს შესაძლებლობებს, ხოლო, ტიბეტური ასტროლოგიის მიხედვით, შესაძლებლობები ჩვენი პირადი ძალაა, რომელიც გვეხმარება ჩვენი ბიზნესის ასაწყობად, პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად, ჩვენი განვითარებისთვის. ხოლო იმისთვის, რომ ეს ძალა გავაძლიეროთ, კარგი იქნება, გამოვიყენოთ ამ წლის თილისმები, რომლებსაც სამსახურში ან თუნდაც სახლში დავდებთ. თილისმად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის ნებისმიერი ლამაზი ფიგურა, ან სათამაშო, შეიძინოთ ხისფერი, ან ხისგან დამზადებული აქსესუარი და ა.შ.
2015 წლის ფერები
ხის სტიქიის ფერი მწვანეა (ყველა მწვანე ფერი – ღიადან დაწყებული მუქით დამთავრებული). ამიტომ სასურველი იქნება, თუ თქვენს გარდერობს შემატებთ ამ ფერის ტანისამოსს, ან აქსესუარს მაინც. კარგი იქნება, თუკი მწვანე ტანსაცმელს მნიშვნელოვან შეხვედრებზე ატარებთ – იგი თქვენ გაცილებით გახსნილად წარმოგაჩენთ ადამიანებთან და გარკვეულ წარმატებასაც მოგიტანთ.
მომავალი წელი არ გამოირჩევა კონსერვატიულობით, ან გარკვეული რთული წესების დაცვით. შეგიძლიათ ძალზე თავისუფლად ჩაიცვათ ის სტილი, რომელიც მოგწონთ და რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. ერთადერთი რჩევაა, თავი შეიკავოთ თხისა და ცხვრის ტყავისგან, ან ქურქისგან დამზადებული ტანისამოსის ტარებისგან. ეს დიდი უპატივცემულობა იქნება წლის მეპატრონე ცხოველების მიმართ.
კარგი იქნება, თუკი თქვენს აქსესუარებშიც შეიტანთ ხის სტიქიას, მაგალითად, ხისგან დამზადებულ სამაჯურებს, საყურეებს და ა.შ.
2015 წლის დამატებითი რჩევები
ცხვრის დაცვის სიმბოლო ცეცხლია. ამიტომ სასურველია, თუკი თქვენს გარდერობს შემატებთ ამ ფერის მოსაცმელებს, ქუდებს… ყველანაირ დამატებით აქსესუარს. ეს ფერი შეგმატებთ თავდაჯერებას, მიზანდასახულობას, გაცილებით დაცულად გაგრძნობინებთ თავს. სასურველი იქნება, თუკი მომავალ წელს თქვეში ერთხელ ჩაატარებთ სახლის გაწმენდის რიტუალს ცეცხლის მეშვეობით (დაანთეთ ბევრი სანთლი, აანთეთ სურნელოვანი ჩხირები).
ახალი წლის სუფრა
და ბოლოს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ახალი წლის სუფრის თემას… როგორც მოგეხსენებათ, ცხვარი ბალახისმჭამელია, ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად გაამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა სალათებით, ხილითა და ბოსტნეულით და, რაც შეიძლება ნაკლები ხორცეული მოიხმაროთ. არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ცხვრის ხორცი!
რაც შეეხება საჩუქრებს, სასურველი იქნება, თუკი ახლობლებს ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებულ ნივთებს აჩუქებთ, ვინაიდან, როგორც ვთქვით, ამ წლის მფარველი სტიქია ცეცხლია! ეს შეიძლება იყოს სანთლები, სამალი სანთებელა და ა.შ.
წარმატებულ 2015 წელს გისურვებთ.
თორნიკე ბიძინაშვილი