რას უნდა ველოდეთ ოქტომბრისგან – თვის ასტროლოგიური პროგნოზი

“ასტროლაბზე” ვრცელდება ოქტომბრის თვის პროგნოზი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ოქტომბერს ასტროლოგიურად საკმაოდ ძლიერი, ინტენსიური ენერგიებით ვიწყებთ

2 ოქტომბერს სავსე მთვარეა (პიკი – 01:05სთ).
ამჯერად მთვარე ვერძის 9’08 გრადუსიდან დაუპირისპირდება მზეს სასწორში
აქვე აღვნიშნოთ, რომ ოქტომბერში მეორე სავსე მთვარეც გველოდება (31 ოქტ.) უკვე კუროში ურანთან ერთად.
არაერთხელ გვიხსენია, რომ სავსე მთვარე ისედაც მოჭარბებულ აგრესიას უკავშირდება, თუმცა მაშინ, როდესაც ვერძზე ვსაუბრობთ და მისი მმართველი პლანეტა მარსიც თავად ვერძში იმყოფება, ეს ყველაფერი გაორმაგებული და გაათმაგებულია.
 მარსი უკავშირდება ინიციატივას, ბრძოლას, საკუთარი პრინციპების დაცვას, აგრესიას, იმპულსურობას და თითქმის ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ცეცხლს დავუკავშიროთ (ხანძარი, ომი, აფეთქებები, ცეცხლსასროლი იარაღი და ა.შ.). ვერძი თავისი ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული ნიშანია, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მარსის ბუნებას. თუმცა მაშინ, როდესაც მარსი რეტროგრადულია (უკუმოძრავი) და ზუსტ კვადრატს ქმნის სატურნთან, სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ავტომობილის მართვისას გაზსა და მუხრუჭზე ერთნაირად ბოლომდე მიწოლას. დიდია შინაგანი ენერგია და იქვეა ბლოკები, რომელიც ამ ენერგიის გამოხატვას უშლის ხელს. მიუხედავად სატურნის სიძლიერისა, რომელიც ასევე საკუთარ ნიშანში (თხის რქაში) იმყოფება და ესესაა გაასწორა მოძრაობა, ამ პერიოდში გაცილებით მაღალია მარსის ენერგია, რომელსაც სწორედ სავსე მთვარე და მარსის ლილიტთან შეერთება აპროვოცირებს. ამას დავამატოთ რამდენიმე დღეში მარსის ზუსტი კვადრატი პლუტონთანაც, რომელიც 4 ოქტომბერს ასევე გაასწორებს მოძრაობას. ცეცხლზე ნავთს ასხამსო, ზუსტად ამათზე შეგვიძლია ვთქვათ. საერთო ჯამში, ოქტომბერი შეიძლება, რომ 2020 წლის ყველაზე „ცხელ“ თვედაც მოვიაზროთ
ნებისმიერი ასპექტი, ჰარმონიული იქნება თუ დაძაბული, რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომლის გამოყენება, რა თქმა უნდა, სასარგებლოდ შეგვიძლია. მთავარია, დავინახოთ, ვაღიაროთ, მოვინდომოთ და მივიღოთ ეს გამოწვევა. დიდია ცვლილებების სურვილი, როგორც პერსონალურ დონეზე, ისე მაკრო თუ გლობალური მასშტაბით. ვხედავთ კიდევაც, როგორ დაიძაბა სიტუაცია ქვეყნებში, ქვეყნებს შორის და ა.შ. ეს ყველაფერი არ არის. დიდი ალბათობით, ოქტომბერში არაერთი კონფლიქტის, დაძაბული ვითარებისა თუ სხვა არასასიამოვნო ფაქტის მომსწრე გავხდებით. თუმცა მოდით, პოლიტიკა გვერდით გადავდოთ და ტრადიციულად, ინდივიდუალურ დონეზე განვიხილოთ ამჟამინდელი პლანეტარული კომბინაციის გავლენა.
 დავიწყოთ მარსისა და სატურნის კვადრატით, რომელიც იდეაში, ახალი არ არის. მარსი-სატურნის ზუსტი კვადრატი გამოვიარეთ 24-25 აგვისტოს, მეორე პიკი გვაქვს ახლა, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისში და კიდევ ერთი გველოდება 2021 წლის იანვრის მეორე კვირაში.
 მარსი მოქმედებისა და მოტივაციის პლანეტაა, რომელიც მეომრის სულისკვეთების მატარებელია: იბრძვის საკუთარი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის. მარსი თავისი ბუნებით იმპულსური და მოუთმენელია, ყველაფერი დღესვე და ახლავე უნდა. უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით მარსის არსს, ის გვაძლევს შიშზე გამარჯვების ძალას და უნარს, გავრისკოთ, გადავდგათ თამამი ნაბიჯები და წინასწარ ბევრი ფიქრის გარეშე, უბრალოდ ვიმოქმედოთ. დავფრინავთ თუ მიწაზე ვეცემით, მარსი გვეხმარება, რომ მოძრაობა გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ.
♄ რაც შეეხება სატურნს, ის ბარიერებსა და შეზღუდვებს უკავშირდება. სატურნი ნებისმიერ ჩვენს მოქმედებაში პასუხისმგებლობასა და ყოველი ნაბიჯის წინასწარ კარგად გაანალიზებას ითხოვს. ეს პლანეტა ერთგვარად მკაცრი მასწავლებლის როლს ირგებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან სრულყოფასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. როგორც ვხედავთ, ამ ორი პლანეტის ბუნება მკვეთრად გასხვავდება ერთმანეთისგან. მარსი სწრაფ, უშიშარ მოქმედებას უკავშირდება, სატურნი კი პასუხმგებლობასა და თავშეკავებას.
როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია პერსონალურ დონეზე? პასუხი მარტივია თუ ამ ლოგიკას მივყვებით:
მარსი გვაძლევს საწვავს, დრაივს, მოტივაციას, ენერგიას, სატურნი კი მიმართულებას. სატურნს სურს, რომ მარსის უშიშარი ხასიათი პრაქტიკულ, შედეგების მომტან საქმეებში დავხარჯოთ, ლოგიკურად და ჭკვიანურად, აუჩქარებლად. არც მარსი და არც სატურნი „ბოროტი ბიძიები“ არ არიან. უბრალოდ, ორივეს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათი აქვთ და საკუთარი „გაკვეთილებითაც“ გვანებივრებენ. სწორედ ამ პერიოდში, შანსი გვაქვს, ბალანსში მოვიყვანოთ მარსი/სატურნის ენერგიები. ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ, ოღონდ ეს ბრძოლა სამართლიანი, კარგად ნაფიქრი და დაგეგმილი უნდა იყოს.
თავისუფლების მზარდ სურვილს, დაძაბულობას ურთიერთობებში, ცვლილებებთან დაკავშირებულ იმპულსურად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დაუცველობის შეგრძნებას გვაძლევს მარსი-პლუტონის კვადრატი. პლუტონი, როგორც ვიცით, ტრანსფორმაციული ენერგიის მატარებელია, რომლისთვისაც ნგრევა, განადგურება, წაშლა და სიკვდილი ახლის შექმნისა და შენების აუცილებელი წინაპირობაა. ასეთი ასპექტი ხშირად დიდი ხნის ჩაბუდებულ ემოციებს, წყენას, ბრაზს თუ სხვა შეგრძნებებს ააქტიურებს და გარეთ გამოაქვს აგრესიული ფორმებით. ეს შეერთება ვულკანსაც კი შეიძლება შევადაროთ, იმდენად დიდია მისი ფეთქებადი ხასიათი. კონფლიქტებისა და ომის გაჩაღების ნაცვლად, ჯობია, დამკვირვებლის პოციზია მოვირგოთ და ჭკვიანურად, დიპლომატიურად და სტრატეგიულად მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს.
 ჩვეულებრივზე მეტხანს დარჩება მერკური მორიელში, რომელიც 14 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე უკუსვლის რეჟიმით იმოძრავებს (ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ). მერკურის მორიელში ტრანზიტი იდეალური დროა თვითანალიზისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის და საჭირო კორექციების შეტანისთვის. ამასთან ერთად, სავსე მთვარე შეერთებაში იმყოფება ქირონთან, რომელიც ერთგვარი ღრმა ჭრილობების „მკურნალია“ ასტროლოგიაში.
 თუ ზემოთხსენებულ ყველა ასპექტს შევაჯამებთ და სინთეზურად შევაფასებთ ენერგიებს, ერთი მხრივ მივიღებთ საკმაოდ ფეთქებად-საშიშ პერიოდს და მეორე მხრივ, შანსს, ვიმუშაოთ საკუთარ ბლოკებსა და რწმენა-წარმოდგენებზე, რომელიც გვზღუდავს და ხელს გვიშლის.მარსი-სატურნის კვადრატი დაგვანახებს, სად მოვდივართ საკუთარ თავთან (და არა მხოლოდ) წინააღმდეგობაში, მერკური მორიელში და მარსის პლუტონთან კვადრატი საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, ვიგრძნოთ და გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი, სავსე მთვარის შეერთება ქირონთან კი ამ ყველაფერზე მუშაობაში შეგვიწყობს ხელს, როგორც მკურნალი.
როდესაც სავსე მთვარის პლანეტარულ ენერგიებს ვუკვირდები, თავში მხოლოდ ერთი ტერმინი მიტრიალებს: „Limiting beliefs“ ე.წ. შემზღუდველი რწმენა-დამოკიდებულებები, რომელიც თემატურად იდეალურად ერგება ამჟამინდელ ასტროლოგიურ ამინდს. ბუნდოვანი რომ არ იყოს, მოდით, უფრო ვრცლად ავხსნათ რას მოიცავს ეს ტერმინი
ჩვენ, ყველას გვქონდა ბავშვობა, გვყავდა არაერთი მასწავლებელი, მივიღეთ ცხოვრებისეული გამოცდილება, მოვსინჯეთ მრავალი რამ და წლების განმავლობაში დასკვნებიც გავაკეთეთ როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვა ადამიანებსა და ზოგადად, ცხოვრებაზე. ამასობაში ჩამოგვიყალიბდა დამოკიდებულებები და რწმენა გარკვეული საკითხების მიმართ. ზოგიერთი მათგანი ჯანსაღი და სასარგებლობა, ზოგი კი პირიქით, ხელისშემშლელი. ამ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში წვლილი როგორც საკუთარ გამოცდილებას, ისე სხვებისგან მიღებულ ცოდნასა თუ დოგმებს მიუძღვის. წარსულში მიღებული გამოცდილება ხშირად აწმყოში ხდება წინაღობა, რომელსაც ჩვენვე ვუწესებთ საკუთარ თავს სწორედ რწმენითა და დამოკიდებულებებით. მაგალითად, თუ რომელიმე ურთიერთობა კრახით დასრულდა, ვასკვნით, რომ ურთიერთობაში ბედი არ გვაქვს. თუ რამდენიმე გასაუბრება წარუმატებელი აღმოჩნდა, ვიჯერებთ, რომ სამსახურის პოვნა რთული ან შეუძლებელია და ა.შ. ეს დამოკიდებულება კი სამომავლოდ გვევლინება, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი. წარსული არ არის აწმყო და არც მომავალი. აწმყოში რაც გვაქვს წარსულიდან, ეს მხოლოდ მიღებული გამოცდილებაა, რომელიც დამოკიდებულებად ჩვენვე ვაქციეთ. ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებები ძალიან ბევრი შეიძლება გვქონდეს. მაგალითად: „მე არ ვარ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ…“, „ამ ცოდნით ვერაფერს მივაღწევ…“, „მე ამისი ბედი ვინ მომცა…“, „მე ვინ მეკითხება…“ და ა.შ. ეს სია შეგვიძლია, უსასრულოდ გავაგრძელოთ. აქ მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრით ჩვენ მხოლოდ ვიზღუდავთ თავს, რის გამოც ძალიან ბევრ გასაოცარ შანსს ვუშვებთ ხელიდან. ასეთი შემზღუდველი რწმენა და დამოკიდებულებები მოსინჯვის, მცდელობის საშუალებასაც აღარ გვაძლევს. როგორ ვიმუშაოთ ასეთ შემთხვევებში?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ ასეთი რწმენა-დამოკიდებულებები, გავიხსენოთ სიტუაცები, როდესაც ჩვენ თვითონ ვთქვით უარი კარგ შანსზე. შემდეგ ეს დამოკიდებულება გამოვაცალკეოთ და ვეცადოთ, მივაგნოთ წყაროს: სად, როდის, როგორ, რატომ გაჩნდა? ჩვენით დავასკვენით თუ ვინმემ გვიკარნახა (მშობელი, მასწავლებელი, პარტნიორი, უფროსი)? და ა.შ. შემდეგ კი გავიხსენოთ ის სტუაციები, სადაც იგივე დამოკიდებულებამ სხვა დროსაც შეგვიშალა ხელი. დავუკვირდეთ მის არარეალურობას და გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. აქ ცოტა ბრაზიც შეიძლება ვიგრძნოთ, მაგრამ არაუშავს, ეს კარგია. ამის შემდგომი ეტაპი არაჯანსაღი დამოკიდებულების/რწმენის ჯანსაღით ჩანაცვლებაა. მაგალითად: დამოკიდებულება, რომ „მე არ შემიძლია საჯაროდ სიტყვით გამოსვლა“ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმით, რომ „მე შემიძლია, ვისწავლო საჯაროდ სიტყვით გამოსვლა“. ამის შემდგომ კი ნელ-ნელა ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოვცადოთ, შევიცვალოთ, ვისწავლოთ და გავიზარდოთ. ამ თემაზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და უფრო სიღრმისეულადაც განვიხილოთ ეს საკითხი თავისი მაგალითებით, თუმცა სავსე მთვარისგან ძალიან შორსაც ნუ წავალთ.
 დავუკვირდეთ სურვილებს (მარსი) და წინაღობებს (სატურნი), რომელიც ხელს გვიშლის, გავაცნობიეროთ დამოკიდებულებები, რომელიც წლების განმავლობაში დაგვდევს თან, როგორც შეზღუდვა, ჩავძვრეთ ჩვენი გონების სიღრმეებში (პლუტონი, მერკური) და ჩავუტაროთ საკუთარ თავს „მკურნალობის კურსი“ (ქირონი).
 უშუალოდ სავსე მთვარის დღეებში (1-2 ოქტომბერი) განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით გვმარებს ავტომობილის მართვა, მჭრელ, ცეცხლსასროლ და ფეთქებად ნივთებთან ურთიერთიერთობა. კონფლიქტების ნაცვლად ჯობია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მეტი დიპლომატია გამოვიჩინოთ.
სავსე მთვარე და მარსის ასპექტები ყველა ზოდიაქოს ნიშანზე იმოქმედებს, თუმცა მის გავლენას განსაკუთრებით ის ადამიანები იგრძნობენ, ვის რუკაშიც აქცენტირებულია კარდინალური ნიშნები (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა).
მშვიდობას და სასარგებლო ტრანსფორმაციას გისურვებთ!
P.S. პირადი კონსულტაციები განახლდება 4 ოქტომბრიდან. დეტალებისა და კონსულტაციის დროის შესარჩევად მომწერეთ შეტყობინება.
მადლობა, რომ ჩემთან ხართ!”,–წერსასტროლოგიდავითნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები