რას მოიტანს 25 ოქტომბრის მზის დაბნელება – რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 25 ოქტომბრის მზის დაბნელების შესახებ ასტროლოგიურ პროგნოზს ავრცელებს:

“რას მოიტანს 25 ოქტომბრის მზის დაბნელება?!
(ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი)
/© რამაზ გიგაური/
25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება, რომელიც გამოჩნდება მთელ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში (ინდოეთის ჩათვლით), ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ ციმბირში.
ასტროლოგიაში მზის დაბნელება განიხილება როგორც ახალი ექვსთვიანი ციკლის დასაწყისი, რომელიც გარკვეული მიმართულებით „ცნობიერების დაბნელებაზე“ და შექმნილი სიტუაციის ახლებურად დანახვის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
ამ ასტრონომიულ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში, ანუ იმ მიმართულებაში, რომელიც ქვეყნების, ქალაქების, ტერიტორიების ასტროლოგიურ კუთხით შესწავლას უკავშირდება. ნატალურ (დაბადების) ასტროლოგიაში მზის დაბნელებას გავლენა აქვს მხოლოდ იმ კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა პირად ჰოროსკოპთანაც აქვს რეზონანსი).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მზის დაბნელების ასტროლოგიური ციკლი საშუალოდ ექვსი თვეა, ამიტომ პროცესები, რომლებიც ახლა დაიწყება, მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება (კონკრეტულად ეს დღე 2023 წლის 20 აპრილს იქნება, თუმცა საგრძნობი უკვე 2023 წლის მარტში გახდება).
რა კონკრეტულ ტენდენციებზეა საუბარი?! მზე-მთვარის კვადრატული ასპექტები პლუტონთან მიანიშნებს, რომ ის დაძაბული პროცესები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება, ჯერ კიდევ გაგრძელდება. პლუტონი – ასტროლოგიაში მასშტაბურ მოვლენებზე მიანიშნებს, ამიტომ ის მსოფლიო რეზონანსი, რომელიც ამ ომს ახლავს ჯერჯერობით აქტიური დარჩება.
25 ოქტომბერს მზის დაბნელება მორიელის მე-2 გრადუსზე იქნება (უფრო სწორად, 2˚0’4” გრადუსზე). ეს უკავშირდება „სიზიფეს ლოდს“. ბერძნული მითის თანახმად, სიზიფეს დიდ მთაზე წვალებით ააქვს ლოდი და ისევ ძირს უგორდება. ანუ ეს გრადუსი ასტროლოგიურ უკავშირდება ამაო შრომას. როდესაც ნატივს (ჰოროსკოპის პატრონს) არ ჰყოფნის ენერგია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისთვის.
ადამიანს თუ ქვეყანას უხდება იმავე წერტილში დაბრუნება, საიდანაც დაიწყო მოქმედება (ბრძოლა).
ასე რომ, ეს ყოველივე გლობალურ დონეზე შესაძლოა მიანიშნებდეს რუსეთის ამაო მცდელობებს, უკრაინასთან ომში რაიმე გარდატეხა შეიტანოს და პროცესები მისთვის სასარგებლოდ განავითაროს. თუმცა ეს ამაო იქნება. უფრო მეტიც, პროცესები 2023 წლის გაზაფხულისთვის რუსეთისთვის მეტად არასასიკეთო მდგომარეობა შეიქმნება და ძალიან მაღალი ალბათობით რუსეთში დადგება ხელისუფლების სისტემური ცვლილებების აუცილებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ მზის ეს დაბნელება კიევის გრძედის, განედისა და დროის მიხედვით მე-9 სახლში, ხოლო მოსკოვის ამავე პარამეტრების მიხედვით მე-8 სახლში ხდება. ეს მიანიშნებს, რომ უკრაინის სივრცეში კიდევ უფრო გააქტიურდება და მოიმატებს უცხოეთის მხარდაჭერა, ხოლო რუსეთში პირიქით, გაიზრდება კრიზისული სიტუაციების და მოვლენების ალბათობა (უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარამეტრებითაც მზის ეს დაბნელება მე-8 სახლში ხდება, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ არა მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულამდე, არამედ უკვე 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში განვითარდეს პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული მიმართულებით შეიქმნას ექსტრემალური სიტუაციები, რაც მნიშვნელოვნად დაძაბავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან კრიმინოგენურ სიტუაციას. არ არის გამორიცხული ტექნიკური ავარიების ალბათობაც).
რაც შეეხება ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანებს დასჭირდებათ იმის გაცნობიერება, თუ რომელი ძველი პრობლემების წინაშე დადგნენ და რატომ გახდა საჭირო ერთი და იგივე გზის კიდევ ერთხელ გავლა. მზის ეს დაბნელება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მორიელის და ასევე კუროს პირველ, მე-2 ან მე-3 გრადუსებში მზე, ასცენდენტი ან რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული. მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია გაჩნდეს გარკვეული შემოტრიალების წერტილი, როდესაც საჭირო გახდება „სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა“ და სწორი დასკვნების გამოტანა (თუ რომელ სფეროში გამოვლინდება ეს ყოველივე, დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში, თუ რომელ ასტროლოგიურ სახლში მდებარეობს ნატალური მზე, ასცენდენტი ან სხვა რომელიმე პლანეტა).
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მზის დაბნელების ამ ციკლს თითქმის ემთხვევა მარსის „მარყუჟი“, რომლის ინტენსიური გავლენა 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2023 წლის 16 მარტამდე გასტანს. მოსალოდნელია ეს მიანიშნებდეს, რომ 2023 წლის მარტიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა შესუსტდება და არ არის გამორიცხული აქტიური სამხედრო მოქმედებები შეჩერდეს კიდეც.”- წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები