რას მოიტანს იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა?! – ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოში გადადის. ამის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს:
“რას მოიტანს იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა?!
იუპიტერის ინგრესია და ციკლები:
26.05.2024 – ტყუპის ნიშანში გადასვლა
9.10.2024 – რეტროგრადული ფაზა
4.02.2025 – დირექტიული ფაზა
10.06.2025 – კირჩხიბის ნიშანში გადასვლა
26 მაისს იუპიტერი ტყუპის ნიშანში გადავა და მას მხოლოდ 2025 წლის 10 ივნისს დატოვებს. რეტროგრადულად იმოძრავებს 9 ოქტომბრიდან 4 თებერვლამდე (2025).
ასტროლოგიაში იუპიტერი ითვლება სიბრძნის, წარმატების, გამარჯვების, კეთილდღეობის, შემოსავლის, სოციალიზაციის, განვითარების, სამართლიანობის პლანეტად. მისი განთავსება ტყუპის ნიშანში გარკვეულწილად ნეგატიურად ითვლება, რადგან ეს არის მისი „გამოძევებული“ პოზიცია, როდესაც იუპიტერის „მიზანსწრაფვა გაბნეული და არაკონცენტრირებულია“, ხოლო „მასშტაბი წვრილმანებამდე მცირდება“.
თუმცა მისი გავლენა „გააფართოვებს“ ყველა მიმართულებას, რომელიც ურთიერთობებს და ინფორმაციას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს სწავლა, ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა, მოგზაურობა, ახალი ჰორიზონტის დანახვა და ახალი სივრცეების ათვისება. ეს თითქმის ცამეტთვიანი პერიოდი, ადამიანებს უბიძგებს უფრო შორს გაიხედონ, დაინახონ, გაიგონ და გააცნობიერონ ის, რასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ.
ყველა ადამიანს, რომლის საქმიანობა ინფორმაციას, სწავლას, ცოდნის მიღება-გადაცემას, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს, გადაადგილებებს თუ ტვირთების გადაზიდვას უკავშირდება, შეექმნება სასიკეთო შესაძლებლობები (ბუნებრივია, ამ ყველაფრის ინდივიდუალურად გამოყენება დამოკიდებული იქნება თითოეული ადამიანის პირად ჰოროსკოპსა და მათი მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე).
= იუპიტერის ტყუპში ინგრესია და ზოდიაქოს ნიშნები =
* ვერძი – ეს ერთწლიანი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში დაუკავშირდება ურთიერთობებს, ინფორმაციასა და კომუნიკაციას. გაფართოვება თქვენი უახლოესი გარემოცვა, გაიცნობთ ახალ, საინტერესო ადამიანებს, გაიჩენთ ბევრ ნაცნობსა და მეგობარს. წარმატების მიღწევა დამოკიდებული იქნება სწორედ ამ ფაქტორზე – რამდენად შეძლებთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ეფექტიანად და მოგებიანად გამოყენებას. ეს კარგი დროა სწავლისთვის და ახალი ცოდნის მიღებისთვის.
* კურო – ტრანზიტული იუპიტერი თქვენს სიმბოლურ მეორე სახლში იმოძრავებს. ეს ფულის სექტორია. ამიტომ თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება მატერიალურ-ფინანსური ასპექტები. სწორედ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები დაგანახებთ, რამდენად „მოემზადეთ“ წინა ერთწლიან პერიოდში და რამდენად შეძელით საკუთარი თავის განვითარება. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მაშინ ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე პოზიტიურად აისახება.
* ტყუპი – იწყება ძალიან მნიშვნელოვანი თორმეტწლიანი ციკლი და სწორედ მომდევნო ერთ წელზე იქნება დამოკიდებული შემდგომი განვითარებისთვის როგორ ფუნდამენტს შექმნით. არის ახალი ხედვის ჩამოყალიბების და ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი. ეს კარგო დროა თქვენში არსებული ტალანტის „გამოღვიძებისთვის“, იმიჯის შეცვლისთვის და ხასიათის შეცვლისთვის. ასევე სასიკეთო იქნება ქორწინება და პირადი ცხოვრების დალაგება.
*კირჩხიბი – ამ პერიოდში თქვენი წინსვლა და განვითარება პირდაპირ დაკავშირებული იქნება წარსულის ანალიზთან, მის გააზრებასთან და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებასთან. შეეცადეთ გათავისუფლდეთ წარსულის ნეგატიური გავლენისგან, გადაიხადოთ ვალები, მოიცილოთ ყველა ნეგატიური ენერგიის მატარებელი ადამიანი. იზრუნეთ თქვენი ფსიქიკისა თუ სხეულის გაჯანმრთელებაზე.
* ლომი – ეს მომავლის ფორმების ერთწლიანი პერიოდი იქნება. აუცილებელი იქნება სოციალური განვითარება და ამ კუთხით გარკვეული პასუხისმგებლობის გამოჩენაც. მოგიწევთ ფართო მასებთან, ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ ჩაკეტვა და მხოლოდ პირადი პრობლემებით დაკავება, შეცდომა იქნება. ეს კარგი დროა მეგობრულ წრესთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება, თანამოაზრეების შეძენა და თქვენი ახალი გუნდის ჩამოყალიბება.
* ქალწული – ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ წინ წაიწიოთ პროფესიულ საქმეში და კარიერულ წარმატებებსაც მიაღწიოთ. გაძლიერებული ამბიცია გიბიძგებთ ახალი საქმიანი პროექტებისკენ და კარიერაში გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ. ასევე სასიკეთო იქნება ბიზნესის განვითარება, რეპუტაციის გამყარება, საზოგადოების წინაშე თქვენი უნარების წარმოჩენა და ამ კუთხით წარმატების მიღწევა. ასევე იოლად შეძლებთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას.
* სასწორი – ტრანზიტული იუპიტერი თქვენთვის მეცხრე სახლში იმოძრავებს, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთწლიან მონაკვეთში იღბალი თქვენს მხარეზე იქნება. მოგეცემათ შესაძლებლობები მიიღოთ ან გადასცეთ ახალი ცოდნა, იმოგზაუროთ, დაამყაროთ საინტერესო კავშირები განსხვავებული ეროვნების თუ მსოფლმხედველობის ადამიანებთან. თუ აპირებთ უცხოეთში მცირე ან დიდ ხნით წასვლას, საბუთების გაკეთებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, მაშინ ეს ერთწლიანი პერიოდი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
* მორიელი – თქვენთვის ნამდვილად არ იქნება იოლი პერიოდი. ეს იქნება სტრესებისა და კრიზისების მართვა. უნდა ითქვას, რომ შეძლებთ იმ რთული საკითხების მოგვარებას, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი გაწუხებდათ. სასიკეთო იქნება ფინანსური ოპერაციები, თუნდაც რისკზე წასვლა, დაფინანსების მოპოვება, ბიზნესის განვითარება, ახალი ინვესტიციების დაბანდება, ასევე ვალების გადახდა და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების წარმატებით მართვა. თუ ბავშვთან დაკავშირებული თემის განვითარებას აპირებთ, ეს ნამდვილად დადებითი პერიოდი იქნება.
* მშვილდოსანი – ეს პარტნიორობასთან დაკავშირებული წელი იქნება და ყველა თემა, რაც უკავშირდება ქორწინებას, განქორწინებას, პარტნიორულ შეთანხმებებს, გარიგებებს, გააქტიურდება და წინ წამოიწევს. წარმატებას სხვა ადამიანების დახმარებით მიაღწევთ. მითუმეტეს, რომ ცვლილებები გელით გარემოცვასთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, სჯობს დადებითი ადამიანები გარშემოიკრიბოთ და იმედები მათზე დაამყაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ერთწლიან პერიოდში შესაძლო შეთანხმებებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
* თხის რქა – იუპიტერი თქვენს მე-6 სახლში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები და ყველაფერი რაც ამ ყველაფერს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილის შეცვლა, ახალი სამსახურის მოძებნა ან სულაც დაწინაურება. ყველაფერი, რაც არ მოგწონდათ ამ კუთხით, შეგიძლიათ შეცვალოთ და განავითაროთ. გარდა ამისა, ეს იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გაჯანმრთელება, რომელიმე დაავადებისგან განკურნება, ვარჯიშის დაწყება და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
* მერწყული – გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და კრეატიულობა, რაც საშუალებას მოგცემთ წამოიწყოთ ახალი, საინტერესო პროექტები, წარმატებას მიაღწიოთ სპორტთან და ხელოვნებასთან დაკავშირებით. შეძლებთ თქვენი თავის და შესაძლებლობების დადებითი კუთხით წარმოჩენას. თქვენში გაძლიერდება სიყვარულიც და მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების განვითარების ალბათობაც. ასე რომ, ეს საკმაოდ დადებითი პერიოდი იქნება, რომელიც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე, სასიყვარულო სფეროზე, ასევე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
* თევზები – თქვენს მე-4 სახლში იმოძრავებს იუპიტერი. ეს მიანიშნებს, რომ შეძლებთ ემოციური თუ ფიზიკური თვალსაზრისით მყარი საძირკვლის შექმნას. შეძლებთ მშობლებთან საერთო ენის გამონახვას, ოჯახში მყუდროების შექმნას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლებელია გაჩნდეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დადებითი ცვლილებების ალბათობა. ეს კარგია დროა სახლის ყიდვა-გაყიდვისთვის, მშენებლობის დაწყებისთვის და ოჯახის შექმნისთვის.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები