თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს – რას წერენ მისი გულშემტკივრები?
რუსეთში დაიწყეს ე.წ. შავი სიების შედგენა. მათში შეჰყავთ ის ცნობილი ადამიანები, ვინც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ უწოდეს და მისი დაწყება გააპროტესტეს. ამ თემაზე ambebi.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა სტატია. როგორც ირკვევა, პუტინის რეჟიმის “შავ სიაში” რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლებიდან მხოლოდ ვალერი მელაძე მოხვდა, რადგან მან რუსეთის უკრაინაში პუტინის შეჭრა გააპროტესტა.
საზოგადოებამ იმ დღეებში ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ რუსეთსი მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. თამრიკო გვერდწითელი აღმოჩნდა ის მომღერალი, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში დუმილი არჩია, მეტიც, 6 მარტს კრემლის დარბაზში დაანონსებულ კონცერტზე გამომსვლელთა სიაშიც მოხვდა. მას შემდეგ, რაც აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თბილისში ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში შეღება, გვერდწითელის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ის კონცერტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ამის მიზეზად კი, მანაც ქეთა თოფურიას მსგავსად ჯანმრთელობის პრობლემები მოიმიზეზა.
უკვე ორი დღეა რაც რუსეთის მთავრობამ მოსახლეობას “ინსტაგრამზე” წვდომა შეუზღუდა. რუსი ვარსკვლავები საკუთარი გვერდებიდან მიმდევრებს “ვკონტაქტესა“ და “ტელეგრამზე” ეპატიჟებიან. გვერდწითელის “ინსტაგრამგვერდზე” 24 თებერვლის შემდეგ ყველა აქტივობა შეჩერებულია.
სამაგიეროდ, აქტიურია “ვკონტაქტეზე“ გვერდწითელის ოფიციალური გვერდი, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია მომღერლის კონცერტების გადადების შესახებ.
“ყურადღება! კონცერტი გადაიდო, ახალი თარიღი დაზუსტდება!“
“იძულებული ვართ გაცნობოთ, რომ თამარა გვერდწითელის სოლო სპექტაკლი “ადამიანის ხმა”, რომელიც 29 მარტს 19:00 საათზე უნდა გამართულიყო, გაუქმებულია.
კომენტარებით ცხადად ჩანს, რომ მომღერლის გულშემატკივრები ფრიად უკმაყოფილოები არიან და წერენ, რომ მომღერლის კონცერტები ოქტომბრამდე გადაიდო.
“რა უნდა გააკეთოს? – “ce la vie” – ასეთია ცხოვრება“ – წერენ ისინი.
უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და სწორედ მას შემდეგ აგორდა საპროტესტო ტალღა, როდესაც რუსეთში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების შემსრულებლებმა კონცერტების გამართვაზე უარი თქვეს და პუტინის ქმედება გააპროტესტეს. შეგახსენებთ, რომ თამარ გვერდწითელმა უარი თქვა 6 მარტს კრემლის დარბაზში სიმღერაზე, თუმცა მას არ გაუუქმებია კონცერტი 3 მარტს მოსკოვის თეატრში.
“მშვენიერი დღე დასრულდა სახალხო არტისტის თამარა გვერდწითელის ბრწყინვალე შესრულებით…
მომღერლის შემოქმედებითი საღამოზე პირველ მოქმედებაში გაჟღერდა მონოოპერა “ადამიანის ხმა“, მეორეში შარლ აზნაურის, ედიტ პიაფის, მიშელ ლეგრანის ფრანგული ჰიტები! უბრალოდ, მოუსმინეთ მუსიკის, ხმის და ნიჭის ამ ღვთაებრივ კომბინაციას!“ – ვკითხულობთ 5 მარტს მომღერლის “ვკონტაქტეს“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში…
წყარო: https://www.ambebi.ge/