რას გვპირდება ძაღლის წელი, როგორ უნდა მოვიქცეთ ახალი წლის ღამეს და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი შევქმნათ – ინტერვიუ ასტროლოგთან

ჩინური კალენდრის მიხედვით 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, რომელიც ზუსტად 2018 წლის 16 თებერვალს დადგება და 2019 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდება. ასე რომ, ასტროლოგიის მოყვარულებო, გაითვალისწინეთ, რომ 1 იანვარს მამლის წელი არ სრულდება.
მომავალი წლის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ „კვირას“ ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ესაუბრა.
სტიქია – მიწა (აქედანაა სწორედ წლის მთავარი ფერი, ყვითელი, რომელიც ჩინურ ასტროლოგიაში მიწის სტიქიას განასახიერებს). მიწის სტიქია ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლოა, ამიტომ ეს წელი ადამიანებისგან სტაბილურობას, რეალიზმს, შრომისმოყვარეობას, პრაქტიკულობას, მაქსიმალურ კეთილსინდისიერებასა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

რაც შეეხება ფერებს, ასტროლოგი ამბობს, რომ ამ წლის ფერებია ყველა ის ფერი, რომელიც მიწის სტიქიას უკავშირდება – თავისთავად, ყვითელი, ხაკისფერი, მდოგვისფერი, ნარინჯისფერი და ყველა მათი ტონალობები, ასევე ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, ოქროსფერი.
ძაღლის შესაფერისი პარტნიორებია: ცხენი, ვეფხვი, ვირთხა და მაიმუნი
ძაღლის დადებითი თვისებებია: ერთგულება, თავგანწირვა, სინდისიერება შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, მიზანდასახულობა, გულწრფელობა.
უარყოფითი მხარეები: ინერტულობა, უენერგიულობა, გაუბედაობა, ყოყმანი, წარმოსახვის სიმცირე.
ძაღლის წლებია: 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030…
ძაღლის ზოგადი დახასიათება:
ძაღლი ჩინურ და იაპინურ ჰოროსკოპში განასახიერებს მეგობრობას, უპირობო ერთგულებას, ფხიზელ გონებას, საკუთარი გარემოს დაცვას, მეგობრებისა და ახლობლების პატივისცემას, სიმართლის სიყვარულს, ფინანსების გონივრულ გამოყენებას, ამიტომ როდესაც ძაღლის წელი მთელი თავისი სრულყოფილებით დადგება, 2018 წლის 16 თებერვლიდან ადამიანების მცდელობა თვალი აარიდოთ სიმართლეს, უშედეგო იქნება.
„მოგიწევთ მოვლენების უფრო ობიექტურად დანახვა, შეფასება და იმის აღიარება, რომ მამლის წელში ზედმეტი ეგოიზმი, სიმკაცრე გამოვავლინეთ იქ, სადაც ამის აუცილებლობა სულაც არ იყო.
ძაღლი მეგობრული ნიშანია და ამიტომ მოგვიწევს ყველაფრის გადაწყვეტა არა ეგოისტურად, არამედ კომპრომისებით და სხვებისადმი ლოიალობის გამოჩენით. მას არ უყვარს უსამართლო ადამიანები, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ სამართლიანები, ობიექტურები, წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ დანაკარგები, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ისე სასიყვარულო ფრონტზე, მაგრამ ეს ნუ გიბიძგებთ სიყალბისკენ, ყალბი მეგობრობისა და ნიღბების ცვლისკენ.
ძაღლს უყვარს უბრალოება, ის ალალია, მიმდობი, ვერ იტანს ვერანაირ თამაშს, ცბიერებას, ტყუილს, საკმარისია ერთხელ მაინც სცადოთ სხვებისთვის თვალის ახვევა ან ეგოისტური მიზნების მისაღწევად რაიმე სახის მაქინაცია, თუნდაც უმნიშვნელო, ეს ძაღლის წელში უპასუხოდ არ ჩაივლის“,- ამბობს ასტროლოგი „კვირასთან“ საუბარში.
ქეთი ვაწაძე ამბობს, რომ 2018 წელს მნიშვნელოვანია ურთიერთობები, მეგობრების შეძენა. აუცილებელია საკუთარ თავში მეგობრობის უნარების აღმოჩენა და გამოვლენა – „ამ წელს სასურველია ყველას მიმართ ვიყოთ კეთილგანწყობილნი და გულახდილნი. კონკურენტებთან ურთიერთობებშიც კი არ უნდა ვითვალთმაქცოთ, ან გადავუხვიოთ წესებს. ძაღლს უყვარს კომფორტი და იღწვის სახელის განთქმისკენ. ნებისმიერი საქმის მიმართ სასურველი იქნება შემოქმედებითი და ახლებური მიდგომა“.
დასავლურ ასტროლოგიაში ძაღლი მერწყულს შეესაბამება: „მერწყული კი განასახირებს უმაღლეს გონებას, მეგობრობას და უნივერსალური ჭეშმარიტების ძიებას, ამიტომ ძაღლის წელში ყველას მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. ადამიანები, რომლებიც დაკავებულები იქნებიან სულიერი ძიებებით, თვითგანვითარებითა და მეცნიერული ცოდნის შეძენით, აგრეთვე უმაღლესი საფეხურის სპირიტუალური შემეცნებით, მათთვის ძაღლის წელი ძალიან ნაყოფიერი იქნება.
ეს საუკეთესო წელია ინტელექტუალური პროფესიების ადამიანებისთვის, ახალი პროექტებისა და წამოწყებებისთვის. ძაღლს კარგი ყნოსვა აქვს და კარგად გრძნობს, სად არის წარმატება და ეხმარება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის, წარმატების მიღწევის სჯერა.
კეთილსინდისიერ შრომასთან ერთად, თავს უფლება უნდა მივცეთ დავისვენოთ, გავერთოთ, ვიმოგზაუროთ. 2018 წელს ბევრ ჩვენგანს მიეცემა მგზაურობებისა და სანაცნობო წრის გაფართოების შესაძლებლობა“.

ყვითელი ძაღლის წლის ზოგადი ტენდენციები:
მიწის ენერგია მოიტანს შედარებით მეტ სტაბილურობას, სიმშვიდეს, ჰარმონიას. უკვე გაზაფხულისთვის ძაღლი მოიკრებს ძალას და დაიწყებს წესრიგის დამყარებას იმპულსური მამლის შემდეგ და თავსაც გამოავლენს.
ვინაიდან წლევანდელი წლის ფერი ყვითელია, ფინანსური თვალსაზრისით ურიგო წელი არ უნდა იყოს (ფენ-შუის მიხედვით ყვითელი, ოქროსფერი წარმატების ფერია). შესაძლოა, ამ წელმა ოქროს საბადოებთან არ მიგვიყვანოს, მაგრამ მათ, ვინც შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული იქნება, დაწინაურება, წინსვლა და სხვადასხვა სახის სიკეთის მიღების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ. ამასთან, ყვითელი მზის ენერგიებთან ასოცირდება, რომელიც პოზიტივითა და სიმხნევით, კარგი ხასიათითა და ოპტიმიზმით გვავსებს.

ასტროლოგი საზოგადოებას ურჩევს, 2018 წელში გაბედულად წამოვიწყოთ ნებისმიერი საქმე და მიზნის მისაღწევად ძალისხმევა არ დავიშუროთ.
მიწის სტიქია კანონებთან და ტრადიციებთანაა კავშირში, ამიტომ ამ წელს კარგი იქნება პრინციპების გატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს არ უყვარს ცვლილებები, ის მაინც შეეცდება, იზრუნოს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, მთავარია, გვწამდეს, რომ ეს მოხდება და ძაღლის წელიც ხელს შეგვიწყობს ამ ოცნების ასრულებაში.

2018 წელი სოციალური თვალსაზრისით

2017 წლის 20 დეკემბრიდან სატურნი, სოციალური პლანეტა, თხის რქის ნიშანშია. 9 თვის მანძილზე აქვე იქნება ე.წ. ლილიტი, შავი მთვარე.
რადგან თხის რქის სფეროებია: პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტ-ეკონომია, სახელმწიფო მართვა,– სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი ყველაზე მეტი შეცდომის დაშვება. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, დაფიქრებული, მოზომილი ნაბიჯების გადადგმა. სატურნი ასევე განაგებს დიდ კორპორაციებს, დიდ გარიგებებს, საჯარო პოლიტიკას, მშენებლობასა და არქიტექტურას, ამიტომ ამ სფეროში ნებისმიერი თაღლითური კორუფციული საქმიანობა გამოვლენილი და დასჯადი იქნება, ვინაიდან ძაღლს არ უყვარს უსამართლობა და შეეცდება სამართლიანობის აღდგენას.

ასტროლოგი თვლის, რომ ეს ტრანზიტი განსაკუთრებით ჩინოვნიკებს, კარიერისტებსა, ხელმძღვანელ პირებს შეეხებათ.
ლილიტის თხის რქაში ტრანზიტის დროს ის პირები, ვინც კარიერა არაკეთილსინდისიერი გზით გაიკეთა, შესაძლოა რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ (ეს მოვლენა ყველაზე მეტად, სწორედ ადამიანების კარიერაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იასახება).
შესაძლოა ბიუროკრატიზმმა იმძლავროს. მოსალოდნელია უფროსობასთან უთანხმოებები, კონფლიქტები. მმართველები და ხელმძღვანელი პირები უფრო მეტ სისასტიკეს, ზოგჯერ კი დესპოტიზმსაც კი გამოავლენენ, ამიტომ იყავთ ამისთვის მზად. ამასთან, უფროსი ასაკის ადამიანებთან, მამასთან მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა.
სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონებს, მით უფრო თანამდებობების პირებს მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე მართებთ შეცდომების დაშვებისა და ცდუნებებში ჩავარდნის კუთხით.
მოკლედ, თხის რქის ნიშანში ლილიტის მშვიდობიანი ტრანზიტისთვის აუცილებელია კარიერა-სამსახურის სფეროში წინდახედულება, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, სამართლიანობა.
გარდა ამისა, 2018 წლის მაისში ხდება ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი მოვლენა – ურანი ტოვებს ვერძის ზოდიაქოს და გადადის ფინანსების, საბანკო ოპერაციების მართვის ნიშანში კუროში, შესაბამისად, ფინანსების საკითხში უნდა ველოდოთ არაპროგნოზირებად მოვლენებს. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დროს გამოვიყენოთ პრინციპი: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.
რაც შეეხება ვალუტის კურსის ვარდნას, მით უფრო წლის პირველ ნახევარში, ამის ალბათობა ნაკლებია და არამარტო საქართველოში.
მოსალოდნელია ლარის კურსის დევალვაცია, თუ სამთავრობო დონეზე სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. არსებობს რიგი ფინანსური ორგანიზაციების გაკოტრების საფრთხე. თუ მამლის წელი იძლეოდა ფინანსური თვალსაზირისით თავისუფალი ქმედებების საშუალებას, ძაღლის წელში სამთავრობო და ბიზნესსფეროებში ადამიანებს მოუწევთ ფინანსებში კეთილსინდისიერებისა და გონიერების გამოვლენა. ვინაიდან ძაღლის წელში, როგორც წესი, ფინანსები ძალიან სენსიტიური თემაა.
ყვითელი ძაღლის წელს თან ერთვის იუპიტერის მორიელში ტრანზიტი, შესაბამისად, მოგვიწევს ჩავუღრმავდეთ საკუთარ სულიერ სამყაროს, ხასიათს და აუცილებლად განვიცადოთ ტრანსფორმაცია.

ყველა წელს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები, მთავარია აქცენტი გავაკეთოთ პოზიტივზე, უარყოფითზე კი კონტროლი არ დავკარგოთ.
ვეცადოთ საკუთარ თავში წინ წამოვწიოთ ძაღლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები: ერთგულება, წინდახედულობა სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.
საერთო ჯამში, ბევრად მშვიდი და სტაბილური წელია მოსალოდნელი ცეცხლოვან მამალთან შედარებით.

ჯანმრთელობა

ძაღლის წელიწადი განსაკუთრებული დაავადებებით არ გამოირჩევა, თუმცა, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინაიდან მთავარი „დამსჯელი“ პლანეტა სატურნი, თხის რქის ნიშანში გადაბრძანდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ძვლოვან სისტემაზე, კბილებსა და კანზე. მით უფრო, თუ ხერხემლის, მუხლების, კბილების პრობლემები გაწუხებთ, სწორედ უახლოესი 2,5 წლის მანძილზე გესაჭიროებათ მეტი სიფხიზლე. ყურადღება მართებთ ასევე მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტსა და თირკმელში ქვების წარმოქმნისკენ აქვთ მიდრეკილება.
გამოიჩინეთ თვითდისციპლინა, ისწავლეთ დროის სწორი განაწილება და მოდუნება, ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, ბუნებაში, მეტი იმოძრავეთ.

სიყვარული
სასიყვარულო სფეროში ბევრი საოცარი გარდასახვაა მოსალოდნელი – 2018 წელი სავსე იქნება ახალი ნაცნობობით, პაემნებით, შეხვედრებით. ამ წელს მრავალი სასიყვარულო რომანის მომსწრენი გავხდებით, მთავარია, ადამიანებს გულით სურდეთ თავიანთ მეორე ნახევართან შეხვედრა. წესით, 2018 წელს, ბევრი ადამიანი დაწყვილდება. თუ წყვილები ძაღლის წელში გადაწყვეტენ დაქორწინებას, მათი კავშირი უფრო მეგობრული და ხანგრძლივი აღმოჩნდება, ხოლო ძაღლის წელში დაბადებული პატარები – მხიარული ბუნებისა და კარგი ჯანმრთელობის მქონენი იქნებიან. რაც ეხება უკვე დაქორწინებულ წყვილებს, მათთვისაც ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ამ წელს.
გაამყარეთ სასიყვარულო ურთიერთობები, ყურადღება გამოიჩინეთ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ძაღლს უყვარს სასიყვარულო კავშირები და ის წყალობს შეყვარებულებს, მაგრამ მათ, ვინც მხოლოდ გართობას და არასერიოზულ კავშირებს დაეძებს, ვინც ღალატობს და თამაშობს, ერთგული ძაღლის რისხვა არ ასცდება – მათ ძაღლი მარტოობას ჰპირდება. ძაღლი კონსერვატორია, პატივს სცემს ოჯახს და არ პატიობს მსგავს გადაცდომებს.
ძაღლის წელი აუცილებლად დაარღვევს არამყარ ნიადაგზე შექმნილ მეგობრულ კავშირებსაც. ის პატივს არ სცემს ნებისმიერი სახის თვალთმაქცობას, ფარსს, ამიტომ ნუ იქნებით თვალთმაქცი, ნუ ეცდებით ინტრიგების ხლართვას, ნუ მოიმსახურებთ ადამიანებს საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის, იყავით ლოიალურები, კეთილგანწყობილნი, მეგობრული, მხიარული და ალალი, ისეთი როგორც თავად ძაღლია და ისიც გულუხვად დაგასაჩუქრებთ თავისი საჩუქრებით.

ვისთვის იქნება 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?

ზოგადად, 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, პრაქტიკული, ეკონომიური და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, ვისთვისაც უცხო არაა გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება.
ეს განსაკუთრებით კარგი წელია თავად ძაღლის წელში დაბადებულთათვის. მათთან ახალი შესაძლებლობების, წინსვლის დრო მოვიდა და ამიტომ, ყველამ, ვინც ძაღლის წელშია დაბადებული, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ცხოვრების ახალი, უკეთესი ეტაპის დასაწყებად!
აღმოსავლური ჰოროსკოპიდან ამ წლის უდავო ფავორიტები ასევე იქნებიან: ვირთხა, მაიმუნი, ვეფხვი და ცხენი.
ძაღლი საკმაოდ ლმობიერია და წესით, განსაკუთრებულად ცუდი წელი არც ერთი ნიშნისთვის არაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დასავლურ ნიშნებს, წლის რჩეული, რასაკვირველია, მორიელია! ვინაიდან, გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი, სწორედ მორიელის ნიშანშია და იდგება 2018 წლის 9 ნოემბრამდე. გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი წამოწყებებისთვის!
სასიკეთო წელია ეს ასევე წყლის სხვა წარმომადგენლებისთვის – კირჩხიბისა და თევზებისთვის, ასევე მიწის ნიშნებისთვის, თუმცა თხის რქებს სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან ლილიტი, ანუ ე.წ. შავი მთვარე, შეცდომების დაშვების, ცდუნების მაჩვენებელი თითქმის 9 თვე, ანუ 7 აგვისტომდე თხის რქის ნიშანში იქნება, მაქსიმალური ყურადღება მართებთ ცდუნებებთან, შეცდომების დაშვებასთან დაკავშირებით.
ასევე, მაქსიმალური ყურადღება მართებთ მათ, ვისაც ე.წ. ლილიტის და სატურნის მობრუნება აქვს. თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნი 2020 წლის 16 დეკემრის ჩათვლით იდგება მისსავე მმართველობის ნიშანში, თხის რქაში, რაც ზოგიერთი ახალგაზრდა თხის რქისა და აქცენტირებული თხის რქის გავლენიანებისთვის შესაძლოა ცოტათი რთული აღმოჩნდეს, თუმცა, თუ თქვენ ითვალისწინებთ და ასრულებთ სატურნისეულ მოთხოვნებს – დისციპლინა, შეუპოვრობა, მუხლჩაუხრელი შრომა, პუნქტუალობა, მიზანსწრაფულობა და ამასთან, თუ იჩენთ მოთმინებას, სწავლობთ სატურნისეული მოთხოვნილებების შესაბამისად ცხოვრებას, სწორედ სატურნისგან იქნებით დაჯილდოვებული. დიახ, სატურნი ბუზღუნა და მკაცრი „ბიძიაა“ მაგრამ სამართლიანი და არასდროს დაგიკარგავთ გაწეულ ძალისხმევას.

რაც ეხება ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებს, შესაძლოა მათთანაც ბევრი საინტერესო და სასიკეთო მოვლენა მოხდეს, მით უფრო თუ მათი პირადი პლანეტები სწორედ წყლის, ან მიწის ნიშნებშია განთავსებული. გამოვყოფდი მშვილდოსანს, რომელთანაც დასრულდა 2,5 წლიანი გამოცდების და დაბრკოლებების პერიოდი და ასევე, ლომს, რომელსაც ახალი ეტაპის წელი აქვს აღმავალი კვანძის ლომში ტრანზიტის გამო, რაც ბევრ ახალ შესაძლებლობებს აძლევს ამ ნიშანს.

„და მაინც, ეს პროგნოზები ინდივიდუალურია და ვის როგორი წელი ექნება, ამაზე პასუხის მიღება მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის შედგენის შემთხვევაშია შესაძლებელი“,- ამბობს ქეთი ვაწაძე.

როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის?

იმისთვის, რათა მთელი წლის მანძილზე არ მოგვაკლდეს 2018 წლის მთავარი სტუმრის, ძაღლის კეთილგანწყობა, აუცილებელია სწორად შევხვდეთ მას, ასე ვთქვათ, მისი გული მოვიგოთ.
გაითვალისწინეთ საახალწო რეკომენდაციები:

როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სტიქია მიწაა, მისი ფერია ყვითელი, ამიტომ სახლში ყველაფერი შესაბამის ფერებში და შესაბამისი დეკორის გამოყენებით უნდა მოვრთოთ. შეეცადეთ ბევრი ყვითელი, ოქროსფერი ელემენტი გამოიყენოთ გაფორმებაში.

თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, აუცილებლად დაამატეთ მას ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტი, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

„კარგი იქნება თუ ნაძვის ხეზე წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, რამდენიც შეგიძლიათ იმდენი იყოს.
ასევე, თუ ოჯახის შექმნა გსურთ, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე წამოიცვით ის მარჯვენა ხელის არათითზე.
ხოლო ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ – ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტზე ახალშობილის გამოსახულება, ან ანგელოზის ფიგურა. მთავარია, გააზრებულად, გულდასმით, რწმენით აკეთებდეთ ამას.
ოთახებში გამოაწყვეთ ამ წლის სიმბოლოს, ძაღლის ფიგურები იქნება ეს ნაჭრის, შუშის თუ ხის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მას ჰქონდეს მომღიმარი სახე. კარგია, თუ ყვითელი, ბეჟი ან ოქროსფერი იქნება.
სასურველია, ფიგურა განათავსოთ, ან ჩამოკიდოთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელი წლის მანძილზე არ ჩამოხსნათ“,- გვირჩევს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.

როგორ და სად შევხვდეთ ძაღლის წელს?

ძაღლი მხიარული, მეგობრულია, უყვარს ადამიანები, გახსნილი ურთიერთობები, უყვარს სახლი და ოჯახის წევრები და ამიტომ, უმჯობესია, რომ უშუალოდ ახალ წელს, ანუ 12 საათზე შევხვდეთ ძაღლის წელს სახლში, მეგობრებისა და ახლობლების, მხიარულ და ხალისიან გარემოცვაში და აი შემდეგ კი, ცოტა ხნით, შეგვიძლია გარეთ გასვლა, „გაწანწალება“, ახლობლებთან სტუმრობა, ან უბრალოდ გასეირნება.
შეეცადეთ არ შეხვდეთ ახალ წელს მარტო ან მოწყენილად. აუცილებლად მონახეთ სადმე მხიარული თავყრილობა და შეუერთდით მას! თუნდაც ქუჩაში, მთავარ ნაძვის ხესთან!
მთავარი ხომ სწორედ განწყობა და ის პოზიტიური იმპულსია, რასაც ახალი წლის ღამეს ვუშვებთ სამყაროში და ამიტომ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, მეტი დადებითი ემოცია გაუშვით კოსმოსში.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?

ძაღლს არ უყვარს ზედმეტი სიკაშკაშე, ექსტრავაგანტობა, გამოირჩევა პრაქტიკულობითა და დახვეწილი გემოვნებით, ამიტომ ამ წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკულობა, დახვეწილობა, როგორც ჩაცმაში, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში.
იმისთვის, რათა თავი მოვაწონოთ მას, სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და მათი ტონალობები. არ არის აუცილებელი თავიდან ბოლომდე ამ ფერებში იყოს გადაწყვეტილი საახალწლო სამოსი, ამ ფერების პატარა დეტალების შეტანაც უკვე საკმარისი იქნება.

საახალწლო სუფრა
სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ მაგიდაზე გადააფარეთ ყვითელი ან მხიარული ფერის რაიმე სუფრა, დააწყეთ ასეთივე ხელსახოცები. სასურველია ყვავილებით სავსე ლარნაკი, ხის, განსაკუთრებით კი ატმის ტოტები.
აუცილებლად მოამზადეთ შანდალი ყვითელი, ოქროსფერი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით.
კარგი იქნება თუ სუფრზე იდება ძაღლის გამოსახულების ფიგურა და ასევე, მამლისაც, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია 16 თებერვლამდე.
„გავრცელებულია აზრი, რომ ძაღლს ძვალი უყვარს. კი, შესაძლოა, მაგრამ არ აძლევენ ხორცს, თორემ ალბათ არ იქნებოდა უარზე. ამიტომ სასურველია საახალწლო სუფრაზე მეტ წილად ხორცეული გვქონდეს – ძვლიანი ხორცი საუკეთესო იქნებოდა, ასევე სალათები და სხვა ხორც-პროდუქტები (მამლის „პატივსაცემად“, რომელიც ჯერ კიდევ წლის მბრძანებელი იქნება ახალი წილის ღამეს, უშუალოდ ახალი წლის დადგომის მომენტში მაინც არაა სასურველი ქათმის და ზოგადად ფრინველის ხორცის სადღესასწაულო სუფრაზე რომ იყოს, მოგვიანებით, კიდევ შეიძლება).
არ დაგავიწყდეთ სუფრაზე ჩვენი ცუგასთვის წყლიანი თასის დადებაც. რაც მეტი მრავალფეროვნება, სიუხვე იქნება სუფრაზე, მეტად ხვავიანი წელი გვექნება.

თუ ამის საშუალება არ არის, გაგახსენებთ ადრინდელ რეკომენდაციებს: სასურველია სუფრაზე თუნდაც მანდარინით სავსე ლარნაკი გვედოს, რაც ჩინეთში დოვლათის სიმბოლოდ მიიჩნევა. ესეც საკმარისი იქნება, რომ მომავალი წელი ბარაქიანი გვქონდეს (ჩინეთში არსებობს მანდარინების გაცვლის საინტერესო ტრადიცია: სტუმრებმა უნდა აჩუქონ მასპინძლებს ორი მანდარინი და მათგან ასევე ორი მანდარინი მიიღონ საჩუქრად. ჩინურად სიტყვათა შეთანხმება „წყვილი მანდარინი“ ჟღერადობით ჰგავს სიტყვა „ოქროს“, ამიტომ ის, ვინც სხვას ჩუქნის ორ მანდარინს, სიმბოლურად უსურვებს სიმდიდრესა და კეთილდღეობას)“,- გვირჩევს ასტროლოგი.
ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, თუ ახალი წლის ღამეს მაგიდაზე დავდებთ პატარა წითელ „ტომსიკას“, სადაც კენტი რაოდენობის ფულის მონეტა იქნება მოთავსებული – მაშინ მომავალი წელი უხვი და დოვლათიანი იქნება.
როდესაც საახალწლო სუფრას მიუსხდებით, კარგი იქნება, თუ რაიმე სახის კუპიურა მაინც გედებათ ჯიბეში, რათა ცარიელი ჯიბეების ნაცვლად დოვლათი „გადავიტანოთ“ შემდეგ წელში.
ასევე, წინასწარ მოამზადეთ და ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, მიზნები, სურვილები ვადების მითითებით და ესეც დადეთ თქვენს საახალწლო სუფრაზე იმ რწმენით, რომ თქვენი სურვილები ყოველ მიზეზ გარეშე ახდება! (კარგი იქნება თუ ეს ნუსხა ძალიან ბევრი პუნქტისგან არ იქნება შემდგარი და იქნება კონკრეტული და რეალური).
სასურველია ახალი წლის დადგომისთანავე გადაავლოთ თვალი თქვენს ჩამონათვალს, ანუ “გაააქტიუროთ“ და კიდევ ერთხელ დამუხტოთ თქვენი პოზიტიური ენერგიით, ერთგვარად გზა დაულოცოთ ახალ წელიწადში (ახალი წლის ღამის შემდეგ ეს ფურცელი საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ და დაივიწყოთ კიდეც შემდეგ წლამდე).
ასტროლოგი ყველას ურჩევს, რომ წლის მთავარ სტუმარს გულუხვად უმასპინძლოს და რაც მთავარია, უკეთესი მომავლის რწმენა ჰქონდეს.
„იმისთვის, რომ 2018 წელმა ბედნიერება, სიყვარული და კეთილდღეობა მოიტანოს, უნდა დავიმახსოვროთ მთავარი პრინციპი – ყოველგვარ წვრილმანზე უაზროდ არ „ვყეფთ“, არ „ვიკბინებით“, არ „ვიღრინებით“, არამედ ნებისმიერი საკითხს მოთმინებით, დიპლომატიურად და კეთილსინდისიერად ვაგვარებთ“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ქეთი ვაწაძემ და საუბრის ბოლოს ნახევრადხუმრობით დასძინა: „დაე, ყველას კარზე მოეფხაჭუნებინოს ჩვენ წილ „ბროლიას“.

კომენტარები

სხვა სიახლეები