რას გვირჩევს 53 წლის ასაკში მოტაცებული ქალი – “პირველად 14 წლისა მომიტაცა 13 წლით უფროსმა კაცმა…”

“გამარჯობა. მსურს გიამბოთ ცხოვრებისგან დატანჯულ ქალზე, რომელსაც ერთი დღეც არ გაუხარია და ბედმა თუ უბედობამ, არანაირი განსაცდელი არ აარიდა. ჩემს თავზე მართლაც, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გამოვიარე. ახლა დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შემიძლია; ჯოხის დახმარებით ძლივს დავდივარ. ვცხოვრობ კეთილი ადამიანების დახმარებით. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მოხუცი დედა მეცოდება: ბოლოს და ბოლოს, თავადაც ვიცი, თუ რა მწარეა შვილის სიკვდილი… მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ ძალიან მინდა, გული გადაგიშალოთ”, – ამ წერილის ავტორის სახლში რომ მივდიოდი, მეგონა, ცხოვრებისგან დაჩაგრულ, ფიზიკურად განადგურებულ ქალს შევხვდებოდი და მის საოცრად დამთრგუნველ ამბავს მოვისმენდი, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა.

არაჩვეულებრივ რესპონდენტთან საუბრისას გიჟივით, ხან მეცინებოდა, ხან – მეტირებოდა. გურული ქალი, გურულებისთვის დამახასიათებელი იუმორით მიყვებოდა გავლილ ეკლიან გზაზე. მან სიმწარეც ბევრი ნახა და სიხარულიც. ალბათ სიმწარე მეტი იყო, მაგრამ სულით არ დაცემულა, წაქცეული ყოველ ჯერზე წამოდგომას ცდილობდა ან სხვები ცდილობდნენ ამ ულამაზესი ქალის წამოყენებას, რომელსაც დრომ თუ განვლილმა მძიმე წლებმაც ვერაფერი დააკლო. ჰოდა, ალბათ ამიტომაც, ის მესამედ 53 წლის ასაკში გათხოვდა, უფრო სწორად – მოიტაცეს…

– ძალიან კარგი, ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლები მყავდა. საოცრად თბილ ოჯახში ვიზრდებოდი. მახსოვს, მამა სამსახურიდან 11 საათზე მოდიოდა, ჩვენ კი მას ველოდებოდით, რათა სუფრას ერთად შემოვსხდომოდით. სამი დედმამიშვილი ვიყავით და ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა მაგიდასთან. ოთახში მამა რომ შემოვიდოდა, ფეხზე ვდგებოდით. ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ყველასგან გამორჩეული ვიყავი. სოფელში ვინმე თუ გათხოვდებოდა ან ცოლს მოიყვანდა, მაყარში აუცილებლად მივყავდი, ვინმესთან აკვანი ან მზითევი თუ იყო წასაღები, პირველს მე მიშვებდნენ ღია კარში, – ნახონ, როგორი გოგო გვყავს სოფელშიო. 14 წლის ვიყავი, როცა მეზობლის ცოლის ძმამ მომიტაცა. ისიც ჩვენი რაიონიდან იყო და ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ.

– ეს როგორ მოხდა?
– მე და ჩემი და სკოლაში მივდიოდით, როცა ამ კაცმა მანქანა გაგვიჩერა. თავსხმა წვიმა იყო. მანქანაში ჩემი მეზობელი კაცი (ჩემი მომავალი მულის ქმარი) და მისი შვილები ისხდნენ, რომლებიც ასევე, სკოლაში მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩავჯექით. იმ დროში, უფრო სწორად, იმ საუკუნეში სიყვარულზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო და ბავშვებმა ბევრი არაფერი ვიცოდით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ჰოდა, მეც არაფერი მიეჭვია. შუაში ვიჯექი, უკანა სავარძელზე. სკოლასთან რომ მივედით, ბავშვები მანქანიდან გადავიდნენ. გადასვლა რომ დავაპირე, მომავალი მულის შვილმა კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და კარში ფეხი მომყვა. სიმწრისგან ავკივლდი. მძღოლმა, ჩემმა მომავალმა მეუღლემ კი მანქანა დაძრა და წავიდა. ტკივილმა ლამის გამაგიჟა, მაგრამ მაინც ვკითხე, – სად მიდიხარ-მეთქი? – ჩემთან წაგიყვან, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ხომ შეიძლებოდა, მეყვირა, მეკივლა, მაგრამ ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, თან, ფეხიც ძალიან მტკიოდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

– ამასობაში თქვენმა დამ ალბათ, მთელი სკოლა შეყარა…
– პირიქით, გაკვეთილზე ისე შევიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჩვენს სკოლაში ერთი ახალგაზრდა
მასწავლებელი იყო. ის ქიმია-ბიოლოგიას გვასწავლიდა. თურმე, ვყვარებივარ. კლასში რომ ვერ მნახა, ჩემი დისთვის უკითხავს, – შენი და სად არისო? – წაიყვანესო, – უპასუხია. ამტყდარა ერთი ამბავი. დირექტორს ჩემი და სახლში გაუშვია: შენებს შეატყობინეო… დას დღემდე ვეუბნები: შენი ბრალია, ამ დღეში რომ ვარ, თავის დროზე ყურადღება ვერ მომაქციე-მეთქი. არადა, ის ჩემზე ერთი წლით უმცროსია…

– მომავალმა მეუღლემ შინ მიგიყვანათ თუ რომელიმე ნათესავთან?
– დის სახლში მიმიყვანა. ფეხი გასივებული მქონდა და რაღაც დამადეს, შემიხვიეს. მერე სკოლის ფორმა გამხადეს, ბაფთა მომხსნეს და მულმა თავისი შვილის კაბა ჩამაცვა… ამასობაში თურმე, მამა მეზობლის ოჯახში დანით მივარდნილა: მითხარით, სად არიან, თორემ არ გაცოცხლებთო. ეს რომ გაიგეს, სასწრაფოდ, თბილისში წამომიყვანეს. მამა მხოლოდ მაშინ შემირიგდა, როცა პირველი შვილი გამიჩნდა, დედა ცოტა უფრო ადრე, ჩუმად დამეკონტაქტა.

– მშობლებმა მოტაცებიდან რამდენი ხნის შემდეგ გნახეს?
– 4 თვის მერე, მანამდე მმალავდნენ. სხვათა შორის, ჩემი მამამთილი ძალიან განათლებული კაცი იყო. მას მამასთვის უთქვამს: ჩემს შვილს თუ იპოვით და თქვენი ნება თუ იქნება, მოკალითო. ერთი მულის გარდა (სულ 9 და-ძმა იყვნენ), არავინ იცოდა, სად ვიყავით. რამდენიმე თვე რომ გავიდა, მერე თურმე, მამას ყველა ეუბნებოდა: აწი რაღა დროსია, შვილს ნუ გააუბედურებო და მილიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

– როგორ შეეგუეთ 13 წლით უფროს კაცთან, მით უმეტეს – უსიყვარულოდ ცხოვრებას?
– მანამდე შეყვარებული არასდროს მყოლია და შეძლო ჩემი გულის მოგება. თავიდან შევეგუე კიდეც ბედს, მაგრამ მას მერე, რაც შვილები გაგვიჩნდა, ჩვენს ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია სულ უფრო გახშირდა. როცა საბოლოოდ, თავისად დამიგულა და მიხვდა, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მას სურდა, მბრძანებლობა დაიწყო. სოფლის და საოჯახო საქმეების კეთება მიწევდა, მერე ამას ბავშვების მოვლაც დაემატა და ცხადია, პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა. ამას მოჰყვა კონფლიქტი. მშობლებს არაფერს ვეუბნებოდი მანამ, ვიდრე საკუთარი თვალით არ შეესწრნენ იმას, თუ როგორ მაყენებდა მეუღლე შეურაცხყოფას.

– როცა ქმარი შეურაცხყოფას გაყენებდათ, მამამთილი მაინც არ ცდილობდა თქვენს დაცვას?
– როგორ არა! ერთხელ მივიდა კიდეც ცხონებული ჩემს მშობლებთან და უთხრა: ამ ბავშვს ნუ მოაკვლევინებთო… ერთხელ ჩემმა ქმარმა, ნასვამ მდგომარეობაში თოფი ისროლა ჩემს შესაშინებლად. მამამისი მილიციაში წავიდა და საკუთარ შვილს უჩივლა. ეშინოდა, ჩემთვის რაიმე არ დაეშავებინა… გაუსაძლისი იყო მეუღლის გვერდით ყოფნა, მაგრამ სად წავსულიყავი სამი ბავშვით ხელში? დედამ – არა, მაგრამ ერთხელ მამამ მითხრა: ნუ მოაკვლევინებ თავს, მიუყარე ბავშვები და ნახოს, როგორია უშენოდ ყოფნაო, მაგრამ მენანებოდა შვილები დასატოვებლად…

– ბავშვებთან ერთად არ მიგიღებდნენ?
– როცა ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, წასასვლელიც არსად მქონდა. მაშინ ბავშვებთან ერთად სახლიდან წასვლა დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა, თან – ჩემს ძმასაც ცოლი უნდა მოეყვანა და ბავშვებით ხომ არ მოგვადგებიო?.. მერე ჩემს გასაჭირს ისიც დაემატა, რომ მამამთილი გარდაიცვალა, დედამთილი ლოგინად ჩავარდა და მისი მოვლაც მე დამაწვა მხრებზე. უფროსი შვილი რომ წამოიზარდა, შედარებით გაუმჯობესდა ჩემი ცხოვრება. 9 წლის იყო, წისქვილში საფქვავი რომ მიჰქონდა და ცდილობდა, ჩემთვის ყოფა შეემსუბუქებინა.

– თქვენი მეუღლე არ მუშაობდა?
– საოჯახო საქმეებში არ ერეოდა, მხოლოდ თოხნას თუ ითავებდა. სამაგიეროდ, სამსახური ჰქონდა. სოფელში იყო ჩაის კულტურა და გადამზიდავად მუშაობდა, მაგრამ რად გინდა, შვილებისთვის არასდროს არაფერს ყიდულობდა, ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის, ამხანაგებთან ერთად ხარჯავდა. მოგეხსენებათ, იმ დროს ტურბაზები არსებობდა, ჩამოჰყავდათ რუსი ქალები და ერთობოდა…

– ამ ყველაფერს ცხადია, აპროტესტებდით, არა?
– სწორედ ამ პროტესტს მოჰყვებოდა ხოლმე ძალიან დიდი შეურაცხყოფა. მერე, როცა ჩხუბით გულს მოიოხებდა, სახლიდანაც გარბოდა. ასეთ დროს დედამთილიც მეუბნებოდა: შენთვის რა მაყურებინებს, როცა ჩემი შვილი სახლში არ არისო? როცა ვჭამდი, სულ მწყევლიდა და ამბობდა: შენ უქმნი ჩემს შვილს ისეთ პირობებს, რომ სახლიდან წავიდეს. არ აცლი დაღვინებას, დაჭკვიანებასო. არადა, როდისღა უნდა დაჭკვიანებულიყო?.. მერე ისეთი რაღაც შეგვემთხვა, რამაც მართლაც დაასერიოზულა, მაგრამ უკვე გვიანი იყო… სამსახურიც დაკარგა…

– როგორც მომწერეთ, შვილის სიკვდილის სიმწარე გამოცდილი გაქვთ…
– 21 წლის გახლდათ ჩემი უფროსი ვაჟი, როცა მომიკლეს. მანამდე, 19 წლისამ ცოლი მოიყვანა. ის გოგო დედისერთა იყო და ახალდაქორწინებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ცალკე სახლი ჰქონდა, გადაწყვიტეს, ცოტა ხანი გოგოს მშობლებთან ეცხოვრათ. იმ დღესაც ცოლოურში იყო და ქეიფობდა. თურმე, ვიღაცებმა ჩხუბი ატეხეს. ჩემმა შვილმა მოჩხუბრების გაშველება სცადა და ამ დროს, დანა მოხვდა, სასიკვდილოდ დაიჭრა. ფეხმძიმედ დარჩა ცოლი… მიმძიმს შვილზე ლაპარაკი. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო უკან წავიდა. ჩემი ვაჟკაცი 4 მაისს დავასაფლავეთ და 31-ში მეუღლეც გარდაიცვალა. სულ სვამდა. არადა, თურმე, პანკრეასის სიმსივნე ჰქონია, რომელიც ნერვული სტრესის დროს შხამს გამოჰყოფს… ღმერთმა ყველას აშოროს, სიზმარშიც არ გენახოთ ის, რაც შვილის სიკვდილის გამო გამოვიარე. იმ პერიოდში ლოგინად ჩავარდნილ ქმარსაც ვერ ვუვლიდი, არც მახსოვს ეს ყველაფერი. რამდენიმე თვე ლოგინშიც არ ვწვებოდი, იატაკზე ვიძინებდი და ამის გამო, თირკმლები დამიავადდა, ორჯერ მომიხდა ოპერაციის გაკეთება… დამრჩა დიდი ტკივილი და ვალები. აბა, ორი მიცვალებულის დაკრძალვას ცოტა თანხა უნდოდა? ისე კი, სოფელმა, ჩემებმა დიდი პატივი მცეს. იმ პერიოდში ქალიშვილი გათხოვილი იყო, უმცროსი ვაჟი კი გარდატეხის ასაკში გახლდათ და ეს სტრესი ვერ აიტანა. ჩემზე ამბობდა, – სულ ტირის, სულ ცუდ ხასიათზეაო და სახლიდან გარბოდა. რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერი მიჰქონდა… შეიძლება, მართლაც, ჩემი გლოვით მივიყვანე ამ მდგომარეობამდე, რომ განმარტოებას ცდილობდა, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? როცა ტკივილი მახრჩობდა, სიცილს ხომ ვერ დავიწყებდი? არადა, ამ მდგომარეობაშიც ოჯახს ვუვლიდი; ვცდილობდი, მეზობლები არ შემეწუხებინა და როცა საქმეს მოვრჩებოდი, კარს ჩავკეტავდი ხოლმე და ამის შემდეგ ვიწყებდი გლოვას. ვტიროდი ჩემს ბედს, გარდაცვლილ შვილს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქმარსაც და უმცროს ვაჟზეც ვდარდობდი, რომელიც ძალიან მაწვალებდა, სისხლს მიშრობდა. მეზობლები საყვედურობდნენ: დედას ასე ცუდად რატომ ექცევიო? ყველას ასე პასუხობდა: ვისაც ეგ უყვარდა, მოკვდა და მე არ მინდა სიკვდილი. ეს სახლი მამამ მე დამიტოვა და მარტო მინდა აქ ცხოვრებაო. ახლა კი მოვიდა გონს, ცოლიც ჰყავს და შვილებიც, მაგრამ მაშინ მის გამო ქუჩაში ამოვყავი თავი; იძულებული გამხადა, სახლიდან წავსულიყავი.

– ალბათ მშობლების სახლში წახვედით, არა?
– არა, ნათესავმა წამიყვანა სხვა ქალაქში, სამუშაოდ… მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ გავთხოვდი. ეს გადაწყვეტილება როგორ მივიღე? – თავადაც არ ვიცი. პრობლემებისგან გაქცევას ვცდილობდი და დასახმარებლად გამოწვდილი ხელი რომ დავინახე, დავთანხმდი. იმ პერიოდში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობდი. მერე ეს დაწესებულება სხვა რაიონში გადაიტანეს და დავრჩი უმუშევარი. რაღაც პერიოდის შემდეგ, მაღაზიაში მოვეწყვე.

– თქვენს მეორე მეუღლეზე რას გვეტყვით?
– საოცარი ადამიანი იყო. მის გვერდით ვიგრძენი, რას ნიშნავს გყავდეს კარგი ქმარი. ჩემს ცხოვრებაში ეს კაცი რომ არ გამოჩენილიყო, შეიძლება, დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ისიც ჩვენი რაიონიდან იყო და ჩემი გავლილი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდა. ჩემი გოგონა ჩვენს ამბავს მალევე შეეგუა, ვაჟი კი დიდხანს, შვილის საფლავზეც არ მიშვებდა, მერე დავჭირდი და შემირიგდა; ჩემს მეუღლესაც შეეგუა. მამას თავიდანვე ვუთხარი, რომ გათხოვებას ვაპირებდი. უარი არ უთქვამს. სამაგიეროდ, დედა ძნელად შეეგუა ამ ამბავს, ძმა კი არ მელაპარაკებოდა… სამწუხაროდ, ჩემს მეუღლეს ინსულტი დაემართა. სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიყვანე, მაგრამ ექიმმა მითხრა, მკურნალობას აზრი არ აქვსო. ისევ რაიონში დავბრუნდით. მხოლოდ აზროვნება შეეძლო, მოძრაობა – არა. თვე-ნახევარი მაინც იცოცხლა, მერე კი კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მივიღე ცხოვრებისგან… მისი გარდაცვალების შემდეგ, ბინის ქირის გადახდა გამიჭირდა. მეგობარმა შემომთავაზა: დედაჩემის (რომელიც ახალი გარდაცვლილი იყი) სახლში შედი და იცხოვრე, კარს მაინც გააღებო. ჩემი ნივთები გადავიტანე და გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდი. მერე ამავე მეგობარმა მითხრა, – ბიძაჩემისთვის თბილისში მომვლელს ეძებენ და წახვალო? ვინაიდან მაღაზიაში “კაპიკებს” მიხდიდნენ და თავი ძლივს გამქონდა, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი.

– ახლა არ მითხრათ, რომ ბიძამისს მოეწონეთ?
– (იღიმის) ცოლობა კი მთხოვა, მაგრამ… კარგი გასამრჯელო მქონდა, ამ სახლში თავს დაცულად ვგრძნობდი. მოხუცს ვუვლიდი, თან – მისი შვილიც ჩემ გვერდით იყო. ამ კაცს გაფანტული სკლეროზი ჰქონდა. ვინმე სტუმრად თუ მოვიდოდა, ეუბნებოდა, – არ გინდა, რომ ბინა გადმოგიფორმოო? მეც მეუბნებოდა, ცოლად გამომყევი და ეს ბინა შენი იქნებაო. 81 წლის იყო. ჰოდა, ერთხელაც მის შვილს ვუთხარი: მამაშენი ცუდად ლაპარაკობს ბინის გადაფორმებაზე და რამე არ ჩაიდინოს, მისი ავადმყოფობით ვინმემ არ ისარგებლოს-მეთქი. ოჯახის ადვოკატი მოიყვანეს. ამ კაცმა თურმე, თვალი დამადგა. ცოლს დაშორებული ყოფილა. ჩემზე უკითხავს, – ეს ქალი ვინ არისო? მერე ხშირ-ხშირად მოდიოდა სტუმრად და პატარა ბიჭივით იქცეოდა, სულ ეჩურჩულებოდა ამ ჩემი მოხუცებულის შვილს, მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი ან რა ჩემი საქმე იყო? ერთხელ ოჯახის წევრებს ვთხოვე: ის მაღაზია, სადაც ვმუშაობდი, რაღაც მიზეზების გამო მეპატრონემ ჩემს სახელზე გააფორმა. სულ მეშინია, ამის გამო შარი არ ავიკიდო და თუ ნებას მომცემთ, დასავლეთში რამდენიმე დღით წავალ, მაღაზიას პატრონს გადავუფორმებ-მეთქი. უარი არ უთქვამთ. უკვე მივდიოდი, როცა ამ ადვოკატმა დამირეკა: სად ხარო? – დასავლეთში მივდივარ-მეთქი. – რატომო? – დაუფარავად ვუამბე ყველაფერი. საქციელი მომიწონა…

– მაღაზია პატრონს უპრობლემოდ გადაუფორმეთ?
– იმ რაიონში, “საგადასახადოში” ისედაც ყველა მიცნობდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად შემხვდნენ და საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე დღე რომ სჭირდებოდა, მე ყველაფერი ერთ დღეში მომიგვარეს. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. თურმე, ამ ადვოკატს ვიღაც ნაცნობი ჩაურევია საქმეში. თან, მეც მირეკავდა ხშირ-ხშირად: აბა, ახლა რას შვრები, ახლა სად ხარო? მიკვირდა: რას გადამეკიდა-მეთქი? მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. იმ დღეს რაიონში დავრჩი. მეგობრის დედის სახლში მივედი, ყველაფერი გავამზეურე, დავალაგე, მიცვალებულის სახელზე სანთელიც დავანთე, მეორე დღეს კი თბილისისკენ წამოვედი. უკვე სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი, როცა დამირეკა: სად ხარო? – თბილისში მოვდივარ, მაგრამ სად ვარ, არ ვიცი-მეთქი. ზამთარი იყო, თან – ღამე და ვერ გავარჩიე ადგილი. – მძღოლს მიეცი ტელეფონიო, – მთხოვა. ხაშურში რომ შევედით, “მარშრუტკა” გზიდან გადავიდა. მძღოლი მომიბრუნდა და მითხრა, – ქალბატონო, გადაბრძანდითო. ლამის გადავირიე, – სად უნდა გადავიდე-მეთქი? მერე ეს ადვოკატი დავინახე, თავისი მანქანით და მუხლები მომეკვეთა. – შენ აქ რა გინდა-მეთქი? – არაფერი, აქეთ ვიყავი, დეიდასთან და რომ გავიგე, მოდიოდი, დაგელოდეო. ამასობაში მძღოლმა ჩანთა მომაწოდა და იძულებული გავხდი, ადვოკატის მანქანაში ჩავმჯდარიყავი.

– სად წაგიყვანათ?
– ხაშურში, რომელიღაც სახლს მიაყენა მანქანა. მთელ სახლში შუქი ანთებული იყო, ვიღაცები აივანზე გადი-გამოდიოდნენ. ადვოკატი ჩემკენ შემოტრიალდა, შემომხედა და მითხრა: ქალბატონო, თქვენ დღეიდან ჩემი ცოლი ხართო. – ვაიმე, ჩემს მკვდარ შვილს ვფიცავ, ლამის გავგიჟდი. ხომ ხედავ, ახლაც, ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ხელები მიკანკალებს. მაშინაც, ყელში რაღაც მომაწვა და მანქანიდან არ გადავედი. ვუთხარი: ახლავე, საიდანაც მომიყვანე, იმ ადგილას დამსვი-მეთქი. მანქანიდან გადავიდა. ცოტა ხანში მისი დეიდაშვილი მომადგა და, – პატარა გოგოსავით ნუ იქცევით, ახლავე გადმოდითო! შემრცხვა. მერე დეიდამისი შემეგება. არაჩვეულებრივი ქალია. თურმე, მასაც გარდაცვლილი ჰყოლია შვილი. ავტირდი. ყველაფერი შავი მეცვა… რომ დამინახა, გაგიჟდა სიხარულისგან, გულში ჩამიკრა. ცალკე გავიყვანე, ყველაფერი ვუამბე…

– როგორც ვხვდები, დღეს ამ ადვოკატთან ერთად ცხოვრობთ…
– დავრჩი, აბა, რა მექნა?! 20 დღეში ფეხზე დამემართა ნერვის ანთება, მერე ძვალმაც დაშლა დაიწყო და ახლა საოპერაციო ვარ. ჩემი მესამედ გათხოვების ამბავი შვილებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, მაგრამ უფალმა ხომ იცის, რომ ამის გაკეთებას არ ვაპირებდი?.. ვფიქრობ ხოლმე: ეტყობა, რაღაც გონებაში მთლად კარგად ვერ მაქვს, თორემ ვერც ერთი ჭკუათამყოფელი ამდენს ვერ გაუძლებდა-მეთქი. ახლახან ჩემი ძმა ჩამოვიდა ჩემს სანახავად. მითხრა: ვერავინ ვერაფერი დაგაკლო და ამ კახელმა ხომ ხედავ, როგორ დაგაგდო! ერთით ვიმშვიდებ გულს, რომ 53 წლის ასაკში მოგიტაცა, თორემ ძალიან განვიცდიდი შენი გათხოვების ამბავსო (იცინის).

მინდა, ყველა ქალი ბედნიერი იყოს და ყველას ვუთხრა, რომ უფრო მეტად იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე. ყველამ მაპატიოს, მაგრამ არ მინდა, ვნახო ქალი, რომელზეც ძალადობენ, რომელიც სხეულს ყიდის. ხომ შეიძლებოდა, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე უწესობაზე მეც მეფიქრა, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი რამ ჩემს გონებას არც გაჰკარებია. თუ პატიოსნად იცხოვრებ, შეძლებ, საბოლოოდ მაინც იპოვო ბედნიერება. ბედნიერებაა, აბა, რა არის, როცა მეუღლე მეუბნება: ოღონდ გამიცინე და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჯოხით ივლი თუ ჯოხის გარეშეო?! ვფიქრობ, ყველა ქალი იმსახურებს ამ ბედნიერებას! მე რომ საკუთარი თავის ფასი ცოტა ადრეულ ასაკში მცოდნოდა, ასე არ გავწვალდებოდი.

წყარო:https://www.facebook.com

კომენტარები

სხვა სიახლეები