რამდენად სასარგებლოა დილის რაციონში კარაქიანი პური
თანამედროვე დიეტოლოგები საბჭოთა საუზმის ტრადიციაზე - ვიცხოვრეთ თუ არა ტყუილში
საბჭოთა პერიოდში კარაქიანი პური ბავშვების საუზმის ერთ-ერთ მთავარ და შეუცვლელ ელემენტად ითვლებოდა — მარტივი, ხელმისაწვდომი და ენერგიით მდიდარი. თუმცა თანამედროვე კვებითი მეცნიერება ამ ტრადიციულ პროდუქტს უკვე უფრო ფრთხილად აფასებს და მის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.
სპეციალისტების შეფასებით, პურისა და კარაქის კომბინაცია ორგანიზმს სწრაფ ენერგიას აწვდის: პური ნახშირწყლების წყაროა, კარაქი კი ცხიმების. ნატურალური კარაქი ასევე შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს — A, D, E და K, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, მხედველობისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის. ამასთან, ცხიმი დროებით უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას.
მიუხედავად ამისა, დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი საუზმე სრულფასოვნად ვერ აკმაყოფილებს ორგანიზმის დილის საჭიროებებს. თეთრი პური დაბალია ბოჭკოთი, კარაქი კი პრაქტიკულად არ შეიცავს ცილას, რის გამოც სისხლში შაქრის დონე სწრაფად იმატებს და მალევე იკლებს. გარდა ამისა, კარაქი მდიდარია გაჯერებული ცხიმებით და მისი ჭარბი მოხმარება რეკომენდებული არ არის.
ექსპერტების რეკომენდაციით, კარაქიანი პური შეიძლება დარჩეს საუზმის ნაწილად, თუმცა უკეთესია მისი დაბალანსება — მარცვლეულის პურის გამოყენება, ცილის დამატება (კვერცხი, ყველი, ხაჭო) და ბოსტნეულით ან ხილით გამდიდრება.
ასე, რომ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კარაქიანი პური მავნე პროდუქტი არ არის, თუმცა თანამედროვე სტანდარტებით იგი დამოუკიდებელ, სრულფასოვან საუზმედ აღარ ითვლება და დამატებითი საკვები კომპონენტების გარეშე ორგანიზმის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.
წყარო – kulinaria.uk