ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა

დღეს ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. გიორგი სანაია 26 წლის ასაკში, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. მის მკვლელობას თავიდანვე განიხილავდნენ პოლიტიკური თამაშების ჭრილში. “კვირის პალიტრის” ჟურნალისტურ გამოძიებაში ასეთი ვერსია დასახელდა – “პირველი გარემოება, რომელიც სანაიას მკვლელობას პირდაპირ ადებდა პოლიტიკურ “სანქციას” და რომელზე საუბარიც მიზანმიმართულად იბლოკებოდა, არის მკვლელობის დროითი კავშირი ხელისუფლებისთვის სწორედ მაშინ დაწყებულ ურთულეს პოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელშიც მედია ლიდერების გვერდით იდგა და როგორც პოლიტიკურ ცენტრებს შორის ინფორმაციით ბრძოლის იარაღი, მძლავრი ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ. უპირველესად ეს ხდის საეჭვოს მედიის ცნობილი წარმომადგენლის მკვლელობის მოტივად შემთხვევითობის გამოცხადებას; მით უმეტეს, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობამდე და მას შემდეგაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რამდენიმე ჟურნალისტის მკვლელობა ანალოგიურ ვითარებაში მოხდა, ანუ მაშინ, როცა მედია იწყებდა ხმაურს ხელისუფლების წარმომადგენელთა ეკონომიკურ, სამხედრო თუ სხვა ორგანიზებულ და სისტემურ დანაშაულში მხილებისთვის”, – აღნიშნულია სტატიაში.
ამას გარდა, სანაიას მკვლელობის საქმეში მრავალი ვერსია გაჟღერდა. საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ის ყოფილი თანამშრომელი, 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მან სასჯელი უკვე მოიხადა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები