პუტინის საყვარელი ქალი შვილს ელოდება – ფეხმძიმე კაბაევას არათითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს (ფოტოკოლაჟი)
არის თუ არა ბავშვი პუტინის, გახდება თუ არა 63 წლის რუსეთის პრეზიდენტი მესამე შვილის მამა? ეს კითხვა მსოფლიოს მასშტაბით ალბათ ბევრს გაუჩნდა. რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტმა ქალმა, ორსულობის შესახებ გავრცელებული ხუთთვიანი ხმაურიანი ჭორების შემდეგ, მუცელი გამოაჩინა.
„სურათები იძლევა იმის ვარაუდს, რომ პუტინი შესაძლოა 63 წლის ასაკში მამა გახდეს მესამედ“, – წერს გამოცემა DAILY MAIL.
ყოფილი ტანმოვარჯიშის ფეხმძიმობის ამსახველი ფოტოები დასავლურმა მედიამ გაავრცელა. აქვე ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტის საყვარელს მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია. 32 წლის ალინა კაბაევას ახლა უკვე გავრცელებული ხმების უარყოფა აღარ მოუწევს. ჭორები ვლადიმერ პუტინთან მისი რომანის შესახებ, საზოგადოებასა და მედიაში 2008 წლიდან გავრცელდა, თუმცა ქალბატონი ამ თემაზე დასმულ კითხვებს ან ყოველთვის გაურბოდა, ან უარყოფდა.
ფოტო, სადაც კაბაევას ნიშნობის ბეჭედი უკეთია, ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მისი ყოფნისას არის გადაღებული. „ცხინვალში, საერთაშორისო სამართლით საქართველოს რეგიონში, რომლის დამოუკიდებლობასაც მოსკოვი აღიარებს ოლიმპიური ოქროსმედალოსანმა განაცხადა: „ ამ ღონისძიებას მე დიდი ხანი ველოდი, ამიტომ დიდი მადლობა ყველას. ჩვენ პატივი გვაქვს გავხსნათ სპორტის სასახლე, რომლის კარიც მუდმივად ღია იქნება ყველასთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. დღეს განსაკუთრებული დღეა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. გისურვებთ წარმატებას და ოლიმპიურ გამარჯვებებს“, – წერს „დეილი მეილი“.
კაბაევაზე ნიშნობის ბეჭედი შარშან სოჭში, ზამთრის ოლიმპიადის დროსაც შენიშნეს. მოგვიანებით დასმულ შეკითხვაზე მან განმარტა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი.
“მე არ მახსოვს, თუ რა ბეჭედი მქონდა იქ. ისე ხომ ხედავთ, ეს არ არის ბრილიანტის ბეჭედი. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პატარა საიდუმლოება. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ გარს მახვევია სიყვარული. მაგრამ ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბედნიერება ბევრს უფრთხობს მოსვენებას“, – განაცხადა მან და ჟურნალისტებს ხელი უჩვენა. მოგვიანებით მოსკოვში, გოგონათა ტანვარჯიშის კონკურსზე, დუმის დეპუტატი კაბაევა წითელი კაბით გამოცხადდა, რომელიც არასტანდარტული ზომის იყო. მედიამ მიიჩნია, რომ ამ ფორმით ქალს ფეხმძიმობის დამალვა სურდა.
კიდევ ერთი დეტალი – თებერვალში პუტინი ერთი კვირით კრემლიდან გაუჩინარდა. რუსეთის პრეზიდენტზე ძებნა მაშინ როგორც თავად რუსეულმა მედიამ, ისე მსოფლიომ გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც მისი საყვარელი მშობიარობდა. ამ ინფორმაციის თანახმად, წყვილს გოგონაც შეეძინათ. კაბაევამ ეს ხმები არც უარყო და არც დაადასტურა. ”ეს ხმები, პირველ რიგში, იმისთვის ვრცელდება, რომ ჟურნალ-გაზეთებმა რეიტინგი აიწიონ. ეტყობა, მასმედია მეტს ვერაფერს იგონებს, რომ მკითხველი მიიზიდოს. მე პირადად ეს არ მსიამოვნებს, როგორც ნებისმიერ ქალს. თუმცა მესმის, რომ ეს ჩემი ახლანდელი საჯარო სტატუსის თანმდევია. კიდევ კარგი, რომ ჩემს ცხოვრებაში არის სიყვარული და ეს დიდი ბედნიერებაა”, – განაცხადა მაშინ კაბაევამ.