“პროექტის მონაწილეები მძულდნენ და ეს პროექტიც შემძულდა, იმიტომ, რომ აღარ მინდოდა მონაწილეებთან ურთიერთობა”- გიორგი ნაზღაიძის გულახდილი პასუხები
– ვინ არის გიორგი ნაზღაიძე?
– დღეიდან გიორგი ნაზღაიძე არის „რუსთავი 2-ის“ ოფიციალური თანამშრომელი და „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული.
– რა მოიტყუე ბოლოს?
– მოვიტყუე ის, რომ „რუსთავი 2-ში“ არ ვმუშაობ. ბევრი მეკითხებოდა, დავიწყე თუ არა მუშაობა ამ ტელევიზიაში და დაახლოებით, ერთი თვე ვიტყუებოდი, რომ არა.
– თუ მოგიპარავს რამე?
– ბოლო გადაღებიდან ავთანდილის წინდები მოვიპარე. ისე მომეწონა, ფეხზე რომ ჩავიცვი, ყველაფერი დავტოვე და გამოვიპარე. აღმოჩნდა, რომ ყველას გვაჩუქა… (იცინის) მაგრამ მოპარულს მაინც სხვა გემო აქვს.
– თურმე, ეს ცოდვა ტყუილად დაიდე კისერზე. სულ ეს არის?
– პატრიკს მოვპარე კედლის განათება. ის რომ წავიდა, ეს განათება პროექტში დარჩა. მე ჯერ ჩემს ოთახში გადმოვიტანე და ისე მომეწონა, მერე სახლში წავიღე. იასამნისფერი იყო, ძალიან ლამაზი. თვითონ ჯერ არ იცის.
– თუ გაგიკეთებია საქმე, რომელიც გძულდა?
– როგორ არა. რაღაც მომენტში, „პრაიმ ჰაუსში“ ყოფნის დროს, პროექტის მონაწილეები მძულდნენ და ეს პროექტიც შემძულდა, იმიტომ, რომ აღარ მინდოდა მონაწილეებთან ურთიერთობა, მაგრამ ვაკეთებდი საქმეს იმისთვის, რომ პროექტში ბოლომდე უნდა ვყოფილიყავი და მომეგო. ზოგადად, არასდროს მიმუშავია ისეთ ადგილას, სადაც არ მინდოდა. ყოველთვის იქ ვმუშაობდი და იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა.
– ბოლოს როდის იტირე და რატომ?
– ესეც „პრაიმ ჰაუსს“ უკავშირდება. ბოლოს პროექტში ვიტირე, იმიტომ რომ ძალიან მთვრალი ვიყავი და თავი ვერ გავაკონტროლე. საერთოდ, ფილმებზე ვტირი ხოლმე. ემოციურ მომენტებზე თავს ვერ ვიკავებ. ადამიანი რომ წარმატებას მიაღწევს, შეიძლება, მაშინაც ვიტირო.
– ვიღაცას გიორგი ნაზღაიძე ტირანი ჰგონია, თურმე, გულჩვილი ყოფილხარ.
– ვიღაცას ტირანი ვეგონები, ვიღაცას – საყვარელი, რა პრობლემაა?! ყველამ სხვადასხვანაირად უნდა აღგიქვას, ეს კარგია.
– რას გააკეთებდი, ლატარიაში რომ დიდი ფული მოიგო?
– პირველ რიგში, თანხის ნაწილით ჩემს ახლობლებს დავეხმარებოდი. მეორე ნაწილით ჩემს თავს მივხედავდი. ბევრი მიზანი მაქვს და მათ განვახორციელებდი. სამოგზაუროდ წავიდოდი. ჩემს შვილს დავიბრუნებდი უფრო მარტივად.
– გინდა, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო?
– როგორ არა, დიდი სიამოვნებით. ჩემი მეგობრები სულ ამბობენ, იმდენი რამ, რაც შენ გაქვს გაკეთებული და იმდენ პროექტში, რამდენშიც შენ გაქვს მონაწილეობა მიღებული, უცხოეთში რომ ცხოვრობდე, მინიმუმ, კარდაშიანების კლანის წარმომადგენელი მაინც უნდა იყოო (იცინის). რაღაც დოზით, სიმართლეა.
– შენი ცხოვრების ათ წელს დათმობდი მსოფლიო აღიარებისთვის?
– აუცილებლად დავთმობდი.
– ფიქრობ ამაზე?
– არის რაღაც მასშტაბური რეალითი პროექტი უცხოეთში, რომელშიც მინდა, მონაწილეობა მივიღო. შემომთავაზეს, ძალიან კარგი იქნებაო და ვფიქრობ, შეიძლება დავთანხმდე კიდეც. არც ისე შორეული პერსპექტივაა, ახლო მომავლის გეგმაა, თუმცა, ჯერ ვნახოთ, აქ როგორ წარიმართება მოვლენები.
– შენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– გუშინწინ ქუჩაში მივდიოდი და ადამიანმა დახმარება მთხოვა. დამეზარა ჩანთის გახსნა და ფულის ამოღება და არ მაქვს-მეთქი, ვუთხარი. არ მესიამოვნა ჩემგან ეს საქციელი. განა დამენანა, უბრალოდ, გაჩერება დამეზარა. სწრაფად მივდიოდი და მოკლედ, მოვიტყუე. ზოგადად, ბევრი რამ არის, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან მძიმე, ისეთი, რომ ეკლესიაში გაქცევასა და მონანიებაზე მეფიქრა, არ ჩამიდენია. თუმცა, ადამიანები ყოველდღიურად ვაკეთებთ ისეთ რამეებს, რაც კარგი იქნებოდა, რომ არ გაგვეკეთებინა. თუ მაინც ჩამიდენია – სხვისი ქცევის საპასუხოდ. ვიღაცას თუ ცუდი გაუკეთებია ჩემთვის, მისთვის მეც შესაბამისი პასუხი გამიცია და ამას არასდროს ვნანობ.
– ეს შურისძიების მიზნით გამართლებულია?
– ეს შურისძიება არ არის. ეს არის პასუხის გაცემა. შურისძიება არის, როდესაც ადამიანს ჩაუსაფრთდები. ეს, უბრალოდ, საკადრისი პასუხის გაცემაა.
– რას იზამ, თუ საუკეთესო მეგობარი გეუბნება, რომ შენი შეყვარებული მოსწონს?
– რა ვიცი, დაველაპარაკები. არ მქონია მსგავსი შემთხვევა და არ ვიცი. შეიძლება, უბრალოდ, მოეწონოს და თქვას რომ მოეწონა, მაგრამ თუ საწოლში აღმოჩნდნენ ერთად, ეს უკვე სხვა ამბავია.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდა?
– „პრაიმ ჰაუსში“ ძალიან ნასვამი ვიყავი, საპირფარეშოში წავიქეცი და გარშემო ყველაფერი დავლეწე. მართლა ყველაზე უხერხული მომენტი იყო და ძალიან ვითხოვე, რომ ეთერში არ გაეშვათ. არ გაუშვეს და ძალიან მიხარია.
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხარ?
– ისევ და ისევ პროექტში. ბევრ მონაწილესთან ვიყავი სასტიკი, მაშინ, როდესაც მათ საკადრის პასუხს ვცემდი.
– რა არის შენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი არის ის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანაში დავრჩი და ყველაზე დიდი გამარჯვება ახლახან „პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვება და „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლობაა.
– გახსოვს, რა გააკეთე გუშინ, გუშინწინ და ერთი კვირის წინ?
– „ტიკ-ტოკზე“ ვაქტიურობდი და ძალიან დავიღალე. გულშემატკივარი ითხოვს, თუმცა, მე არ ვარ ტიკ-ტოკის ლაივების ასაკის. ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ, მაგრამ მერე ძალიან ვიღლები ამ ყველაფრით. ზოგადად, რა გავაკეთე გუშინ, მის წინ და ასე შემდეგ, მსგავს საკითხებზე ყურადღებას არ ვამახვილებ.
– ბოლოს რა მოისმინე საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?
– კარგი ის, რომ „რუსთავი 2-ში“ დიდ იმედებს ამყარებენ ჩემს აქ მოსვლაზე და ძალიან მესიამოვნა. ცუდი მოვისმინე ის, რომ ისეთმა ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ხაბურძანიას ნათესავი ვარ, ცოტა გამეცინა. თითქოს პროექტი მამაჩემმა ჩააწყო. გუშინ გავიგე, რომ ძალიან სიმპათიური ვარ და კიდევ ერთხელ, მესიამოვნა. თუმცა, ისიც გავიგე, რომ ძალიან მახინჯი ვარ და ესეც გუშინ. ვიღაცისთვის კატასტროფულად მახინჯი ვარ, ვიღაცისთვის ძალიან სიმპათიური (იცინის). კიდევ, ძალიან დებილი რომ ვარ, ეგეც გავიგე.
– მოქმედებს ეს შენზე?
– საერთოდ არა. ძალიან მეცინება ამაზე. ძალიან კარგად ვიცი, დებილი ვარ თუ არა, ისიც ვიცი, ლამაზი ვარ თუ არა – საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცი. რეალისტი ვარ და ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ძალიან ლამაზი ადამიანი არ ვარ, მაგრამ მახინჯიც რომ არ ვარ, ამასაც ვხვდები.
– რომ გაიგო, მეგობარს ბიჭი/გოგო ღალატობს, რას გააკეთებ?
– გააჩნია სიტუაციას, თუ ჩემს მეგობარს ეხება საქმე, აუცილებლად ვეტყვი. როგორ არ უნდა უთხრა, მეგობარია და რა თქმა უნდა, ვეტყვი.
– როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?
– აი, რომ დაიძინებ და მშვიდად და უმტკივნეულოდ, ძილში მოკვდები. ტანჯვით, ტკივილითა და წვალებით მოკვდნენ ჩემი მტრები (იცინის).
– რომელ დროში ისურვებდი დაბადებას?
– ძალიან კარგ დროში დავიბადე, მაგრამ ვისურვებდი ამერიკაში დავბადებულიყავი. იქ მეტი გასაქანია და ამ ყველაფრით, იქ ბევრად წარმატებული ვიქნებოდი.
– არც აქ გაქვს აქტუალობის პრობლემა?
– ჰო, მაგრამ აქ იმდენი გასაქანი და ფინანსები არ არის. ჩემთვის ცნობადობაში საინტერესო, მაინც, ფული და გულაობაა. მაგრამ ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და აქედან გამომდინარე, მაინც ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვცხოვრობ.
– შენი ყველაზე კარგი და ცუდი თვისება? რას ამბობენ შენზე შენი მეგობრები?
– კარგი იუმორის გრძნობა მაქვს და ყველაფერს იუმორით ვუყურებ. ამას მეგობრებიც ხშირად აღნიშნავენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს და ორივეში მართლები არიან. მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ემოციური ვარ და ხშირად თავი უნდა შევიკავო. თუმცა, ახლა, რაც დავღვინდი და გავიზარდე, უფრო თავშეკავებული გავხდი, ამიტომ ნაკლებ კრიტიკას ვიმსახურებ.
– რა გინდა საკუთარი თავისგან?
– ამ ცხოვრებისგან მინდა, უფრო მეტი წარმატება მივიღო და ფინანსურად მეტად ძლიერი ვიყო, რომ სხვების დახმარებაც შევძლო. დღეს მატერიალური მდგომარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამით შეგიძლია, უამრავი პრობლემა მოაგვარო, ამიტომ ეს ერთ-ერთი ამოსავალია.
წყარო: https://tbiliselebi