„პრინცესა“ მამაკაცების ბედი – ურთიერთობის ახალი გამოწვევა

თუ აქამდე გეგონა, რომ პრინცესობა მხოლოდ ქალების პრივილეგია იყო, დროა გადახედო სოციალურ რეალობას – დღეს გარშემო სულ უფრო ხშირად ჩნდებიან  „პრინცესა“ მამაკაცები.
არ იფიქრო, რომ საქმე გაქვს სექსუალური იდენტობის ან ორიენტაციის თემასთან – ეს სრულიად განსხვავებული ფენომენია. საუბარია იმ მამაკაცებზე, რომლებიც თავიანთი მოთხოვნებით, ემოციური მგრძნობელობით და მსუბუქი კაპრიზებით თავისუფლად გაუწევენ კონკურენციას ქალბატონებს.
კვირა + გთავაზობთ ფრაზებს, თუ როგორ ამოვიცნოთ ისინი:
იბუტება, როცა არ წერ;
ითხოვს მზრუნველობას და სითბოს გამოხატვას;
ელის მოულოდნელ სიურპრიზებს;
თვლის, რომ ინიციატორი თქვენ უნდა იყოთ;
“გამომიარე და გნახავ” და მსგავსი ფრაზები;
ითხოვს კომპლიმენტებს, უნდა გამოხატოთ, რომ მოხიბლული ხართ მისით;
საკუთარ თავზე აღფრთოვანებით საუბარი;
არ გეუბნებათ კომპლიმენტებს(თვითშეფასებას ხომ არ აგიწევთ, თავად არის “პრინცესა”..);
“საძმაკაცო გავდივართ დასალევად და გვიან გამომიარე,ნასვამი ვერ დავჯდები საჭესთან”;
გთხოვს, რომ მეტი ემოციური ჩართულობა გქონდეს…
“დაგერეკა, თუ გენატრებოდი” და ა.შ
და როცა არ აკმაყოფილებ მის ემოციურ მოლოდინებს, იწყება დრამა, ტოქსიკური პასიურობა ან სრული გაქრობა.
რატომ არიან ასეთი “პრინცესულები”?
ეს კითხვა ბევრ ქალს უჩნდება მას შემდეგ, რაც მორიგი გაბუტული ბიჭის პრეტენზიებს ისმენს გაცნობიდან ერთ კვირაში  „რომ მოგწონდე, იაქტიურებდი..“. ასეთ კაცს არ უყვარს კონფლიქტზე საუბარი, არ უყვარს გადაწყვეტილებების მიღება, არ უყვარს პასუხისმგებლობის აღება, მას ურჩევნია, სხვამ იზრუნოს ურთიერთობის განვითარებაზეც და შენარჩუნებაზეც. მისთვის ურთიერთობა არა პარტნიორობა, არამედ კომფორტის ზონაა, სადაც სამყარო მის გარშემო ბრუნავს.
“პრინცესად” ჩამოყალიბების მიზეზი შესაძლოა ბავშვობის ტრავმა იყოს ან არასწორი აღზრდა. ასევე, ხშირად მიზეზი  დაბალი ემოციური ინტელექტია, ასეთებს საკუთარ თავზე მუშაობა  და ზრდა ეზარებათ. აღსანიშნავია გენდერული როლების შეცვლაც. ადრე კაცი უნდა ყოფილიყო ძლიერი, ინიციატორი, შემტევი.. ახლა მსგავსი ჩარჩოები ნელ-ნელა ინგრევა. დღევანდელ რეალობაში ქალები არა ნაკლებ ძლიერი და წარმატებულები არიან, რაც მამაკაცების თვითშეფასების ვარდნას იწვევს.
პრინცესულ მამაკაცებთან ყველაზე საყურადღებო მომენტი მაშინ დგება, როცა საქმე გრძნობებს ეხება. იშვიათად უყვარდებათ ასეთებს ან არ აღიარებენ იმის შიშით, რომ სასურველ უკუკავშირს ვერ მიიღებენ და დამცირებულად იგრძნობენ თავს. და თუ მაინც გრძნობა ჩნდება, ხდებიან მანიპულატორები და კარგად ირგებენ მსხვერპლის როლს. იწყება კრიზისები, ულტიმატუმები, ეჭვები და ემოციური ტემპერატურის საათობრივი მონიტორინგი.
რაც შეეხება მათ სექსუალურ ცხოვრებას, მსგავსი ტიპის მამაკაცები მუდმივად საუბრობენ სექსუალობაზე, საკუთარ ლიბიდოზე და აქაც უმეტესად მიმღების როლს ირგებენ. ეს ის შემთხვევაა,როცა სექსი იშვიათად არის ორმხრივი სიამოვნება. “პრინცესა” მამაკაცები ქალისგან ელიან ყველაფრის მოგვარებას: შექმნას გარემო, წამოიწყოს, განწყობა შექმნას, იზრუნოს მათ კომფორტზე, არ გამოხატოს კრიტიკა, ყოველთვის ენთუზიაზმით და თავგანწირვით მოეკიდოს პროცესს.
ზოგს ჰგონია, რომ ქალისგან მუდმივი მზრუნველობის მიღება ლოგიკურია და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ასეთი ცალმხრივი ურთიერთობების უმეტესობა განწირულია. შემდგარი და ემოციურად დაბალანსებული ქალები ასეთ კაცებთან დიდხანს არ რჩებიან.
და როცა “პრინცესა” მამაკაცი ჯანსაღი ურთიერთობის მორიგ შანსს გაუშვებს ხელიდან, მას ორი ვარიანტი რჩება:
1. დარჩეს მარტო – გაურკვეველი მიზეზებით მიტოვებული საკუთარი ფანტაზიებით  და კომპლექსებით.
2. ან მოძებნოს ქალი “დედა”, რომელიც მზრუნველად გადააფარებს პლედს, მოუვლის და არასდროს ექნება პრეტენზია იყოს ნამდვილი მამაკაცის გვერდით..
მამაკაცობა მხოლოდ ბიოლოგიური სტატუსი არ არის – ეს არის პასუხისმგებლობის აღება, ემოციური სიმწიფე და მზაობა, იყო პარტნიორი, სასურველი, ძლიერი, შემდგარი, საკუთარ თავში დარწმუნებული და არა ქალზე დამოკიდებული არსება, რომელიც მუდმივად აქეთ ელოდება ყურადღებას, სითბოს, მზრუნველობას და ინიციატივას.
ურთიერთობა არ არის აუდიტორია, სადაც აპლოდისმენტები უნდა მიიღო ქალისგან შენი არსებობისთვის.
ასე რომ, თუ უკვე იპოვე პრინცესა საკუთარ თავში და მაინც გაქვს იმის ილუზია, რომ ჯანსაღ ურთიერთობაში ბედნიერი იქნები, პირველ რიგში, უნდა გააცნობიერო, რომ ურთიერთობები არ შენდება მოთხოვნებზე, მოლოდინებზე და ემოციური მომსახურების მუდმივ საჭიროებაზე.
ჯანსაღი ურთიერთობა ორი ადამიანის თანასწორ კავშირს ნიშნავს  და არა იმას, სადაც ერთი ითხოვს, ხოლო მეორე იღებს. ეს თანაბრად განაწილებული პასუხისმგებლობებია: ემოციური სტაბილურობა, მხარდაჭერა, სურვილი განვითარებისთვის, მზაობა მოსმენისა და გაზიარებისთვის.. და რაც მთავარია, პატივისცემა მეორე ადამიანის ინდივიდუალურობის მიმართ.
საკუთარ თავში პრინცესას ამოცნობა დასასრული არ არის – ეს შეიძლება იყოს დასაწყისი. თუ მზად ხარ გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე, დაიწყო პიროვნული განვითარება, შეცვალო მიდგომები, გადააფასო ღირებულებები, მაშინ დროა გვერდით გადადო “პრინცესას გვირგვინი”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები