გადაჭარბებული სიჩქარისთვის პოლიციამ მანქანა გააჩერა. საგზაო შემოწმებისას სამართალდამცავებმა სალონში შავი ხიზილალით სავსე კუბო იპოვეს. შემთხვევა რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოხდა. მომხდარის შესახებ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, „ლენტა.რუ“ იუწყება.
პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ელენა ალექსეევას განცხადებით, ხაბაროვსკის ერთ-ერთი ფირმის დაკრძალვის რიტუალისთვის განკუთვნილ სპეციალურ ავტობუსში მათ კუბო იპოვეს, რომელშიც 500 კილოგრამი შავი ხიზილალა იყო მოთავსებული. როგორც პოლიცია აცხადებს, ტრანსპორტი მათ ხაბაროვსკში, კომსომოლსკი-ამურის მაგისტრალის 34-ე კილომეტრზე გააჩერეს. მძღოლმა სამართალდამცავებს განუმარტა, რომ მას გარდაცვლილი ქალის გვამი სოფელ მაიაკიდან ხაბაროვსკში გადაჰქონდა.
ტრანსპორტის სალონის დათვალიერების დროს, სამგლოვიარო გვირგვინების ქვეშ, პოლიციელებმა პლასტმასის კონტეინერები აღმოაჩინეს, რომლებშიც ზუთხის ხიზილალა იყო მოთავსებული. იგივე სურათი დახვდათ მათ კუბოს გახსნის დროსაც, სადაც მიცვალებულის გვამის მაგიერ, სასახლე ძვირად ღირებული საჭმელი პროდუქტით სავსე დახვდათ.
დაკრძალვის რიტუალების სამსახურის ორი თანამშრომელი ადგილზევე დააკავეს. 31 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის თანამგზავრმა განაცხადეს, რომ მათ უცნობი მამაკაცი დაუკავშირდათ, რომელმაც მისი დაღუპული ნათესავის ცხედრის მორგში გადატანა სთხოვათ. მათივე განმარტებით, სასახლე კატაფალკაში თავად უცნობმა პირებმა მოათავსეს. კუბოს გადასატანად კი, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებს, უცნობები 25 ათასი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ.
ჩამორთმეული ხიზილალა შესანახად გადაიგზავნა. პოლიცია კი ამ დრომდე ადგენს იმ პირთა ვინაობას, ვინც კონტრაბანდული დელიკატესის უკანონოდ გადატანა შეუკვეთა.
ამავე რეგიონში 25 სექტემბერს სატვირთოც დააკავეს, სადაც პოლიციამ 300 კილოგრამი შავი ხიზილალა იპოვა. ზუთხის თევზისა და ხიზილალის უკანონო კონტრაბანდისთვის, 2007 წლიდან სასჯელის სახით რუსეთში 10- წლიანი პატიმრობა მოქმედებს. სასჯელი 2015 წლის მაისიდან, მინიმუმ 1 წლამდე შეამცირეს. ის შემოიღეს ზუთხის სახეობის მკვეთრი შემცირების გამო. გამონაკლისი კი დაშვებულია მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც თევზის წარმოების მეურნეობითაა დაკავებული.
იმის გამო, რომ რუსულ (და არა მხოლოდ) ბაზარზე ზუთხი და მისი ნაწარმი ძალიან ძვირი ღირს, ის ბრაკონიერებისთვისა და კონტრაბანდისტებისთვის ნამდვილი ცდუნების საგანს წარმოადგენს. 2010 წელს რუსეთში ლეგალურად 19 ტონა შავი ხიზილალა აწარმოეს, არალეგალურად კი – 225 ტონა. დღეისათვის, რუსეთში პოპულარული დელიკატესის 1 კილოგრამის ფასი, 40 000 რუბლს შეადგენს. „როსელხოზნადზორმა“ 2014 წლიდან შავი ხიზილალის იმპორტი ირანიდანაც დაუშვა.