“პოეტური გულნამცეცობა” – ლევან ჭოტორლიშვილის ბლოგი

ერთ ინტერვიუში რეზო თაბუკაშვილმა თქვა, ეროვნული მადლიერების მუზეუმი უნდა გავხსნათო. მე მგონი ასეთი მუზეუმი ნამდვილად სჭირდება უმადურობის სენით შეპყრობილ ადამიანებს. სამწუხაროდ ქართველი ხშირად სულმოკლეობას ამჟღავნებს, შეიძლება უმნიშვნელო რამეზე გაბრაზდეს (მაგალითად იმაზე რომ საპარლამენტო სიის ნაცვლად საკრებულოში გაიყვანე და დაგივიწყოს ის თუ როგორ გადაარჩინე წამებით სიკვდილს). მაგრამ შენ, რომელსაც პოეტობაზე გაქვს პრეტენზია, როგორ შეიძლება ემოციების გავლენის ქვეშ მყოფმა ხაზი გადაუსვა ყველაფერს? მართალია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ბევრს უჩნდება სუბიექტური შეგრძნება რომ საკმარისად არ დააფასეს, მაგრამ ღირსება გვკარნახობს როგორ დავაღწიოთ თავი შურისძიების გრძნობას, ავიღოთ პაუზა და არ გადავდგათ ნაბიჯი რომელსაც მერე ვინანებთ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, როცა ჯერ

კიდევ ვერავინ ამჩნევდა, რომ მურუსიძე გადაცმული მეფისტოფელია, დავით მაღრაძემ განაცხადა: ხალხმა მოახდინა თვითორგანიზება, ამ წიაღიდან აღმოცენდება ბევრი რამე, რაზეც წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო და რაც ძალიან მალე გამოაშკარავდებაო. ეს არ არის წინასაარჩევნო მოძრაობა. ეს ვნება სახლში არ შებრუნდება. კიდევ ორი წელი გვაქვს, საპარლამენტო არჩევნებამდე ყველაფერს გაიგებთ და ძალიან მძაფრი ლაპარაკი გვექნება 2020-მდეო.

მეტი რა უნდა ეთქვა? აუდიტორიას მოწყურებულმა დეკლასირებულმა არისტოკრატმა დაინახა ივანიშვილის ათასობით მომხრე, რომლებიც დარბაზებს და მოედნებს ავსებდნენ მიშას მეორედ მოსვლის შიშით. ჯერ თამადად დაინიშნა თავი, მერე დაიჯერა, რომ მასპინძელიც თვითონაა და ახლა დააპირა, რომ თავის უტოპიაში ის ხალხიც დააჯეროს. უკვე მაშინ, მაღრაძეს პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ ფული და საბაბი. ფულის წყარო გახდა ეკა ბესელია, ხოლო საბაბი – მურუსიძე.

აი, ასე პროზაულად – ღალატით „გაცოცხლდა“ ყველასგან დავიწყებული „დაიცავი საქართველო“. ამ ღალატს დღეს ბევრი არქმევს „სქიზმას“, რაც პრინციპულად არასწორია, რადგან ეს ტერმინი აღნიშნავს განხეთქილებას, ერთ აზრზე მდგომთა გუნდიდან განდგომას. ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან, არც მაშინ, როდესაც იატაკქვეშეთში „ებრძოდა“ საკაშვილის რეჟიმს და არც მაშინ, როცა იმ რეჟიმისთვის ჰიმნებს წერდა.

ჩვენთვის ივანიშვილს ბრძოლა არ უსწავლებიაო – სიამაყით ამბობდა წაგებული ბრძოლების გმირი. ნეტა ესწავლებინა ბიძინას ნამდვილი ბრძოლა იმპოტენტი „ოპოზიციისთვის“, მაშინ ხომ არ დავაქცევინებდით მიშას ამ ქვეყანას და წაგებული ომის მერე მაინც არ გამოვუცხადებდით მორატორიუმს პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე. აი აქ დგება ზნეობრივი პრობლემა მის „შემოქმედებაში“. მაღრაძე აცხადებს: „ქართული ოცნების“ მართვის ფორმა მიუღებელი გახდა… სადაც ზნეობა დაფასებული არ არის და უზნეობაა წაქეზებული“.

ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მორალური ზღვარი წაიშალაო. პოეტმა ჯერ ტოლობის ნიშანი დასვა მიშასა და ბიძინას შორის და მერე, საზოგადოებისგან ალიყური როცა მიიღო, ინამუსა და თქვა – მოქალაქე ივანიშვილს გარკვეული დამსახურებები მიუძღვისო, მაგრამ ბოღმას მიანც ვერ მოერია და ისევ ზნეობაზე აპელირებით განაცხადა, უსაფრთხო ნაპირიდან მომზირალი ბიძინა ჩემ გმირულ, თუნდაც წარუმატებელ, ბრძოლას არ აღიარებსო.

ახლა ხომ რეტროსპექტიულად დავინახეთ, რომ ყველა მისი ბრძოლა იყო საკუთარი თავისთვის, სადაც ღირსება მხოლოდ პოზა იყო და მისი წითელი ხაზი არასოდეს ყოფილა ზნეობა – არც მაშინ, როცა შევარდნაძეს გადაუდგა, არც მაშინ, როდესაც შევარდნაძის მინისტრი იყო და არც მაშინ, როცა ჯაბა იოსელიანს პანეგირიკს უძღვნიდა და “ინტელიგენციაში ფულს აგროვებდა შეიარაღებული ამბოხისთვის” (ჯაბასვე ციტატა).

სად წაიშალა მორალური ზღვარი მასსა და ქართველი მწერლების „ფრანკფურტულ ფრთას“ შორის, რომლებიც მიშასთან გაბადრულ სელფებს იღებდნენ ხაზარაძის „საბას“ დაჯილდოვებაზე და საქართველოში დემოკრატიის სისუსტეზე გოდებდნენ? ტოლობის ნიშანი ნობელის ნომინანტსა და რიგით ნაციონალ ლიტერატორს შორის დაისვა იქ, სადაც მან ყველაზე ბინძური ილეთი იკადრა – მოახდინა მურუსიძის შეპირისპირება გურამ გირგვლიანთან. „ახალი სამართლებრივი თეორია მივიღეთ, სადაც მურუსიძე გმირია და გირგვლიანი დამნაშავე“ – აი, ამ სიტყვებით წააქეზა მაღრაძემ გირგვლიანის მკვლელებთან მოკლულის ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის ფლირტი შამპანურის თანხლებით, გამყოფ ხაზს გადაახტა და აღმოჩნდა მიშას მხარეზე. დიახ, მიშას მხარეზე, რადგან „ივანიშვილი ისე უნდა გავუშვათ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს“ ფორმულის ავტორი ან მიშასთვის სასარგებლო იდიოტია ან სასარგებლო მოკავშირე ან ორივე ერთად. ვთქვათ, არ უნდა მაღრაძეს სააკაშვილის დაბრუნება და ივანიშვილი მართლა წავიდა ამდენი უმადურობის შემხედვარე – მერე რა მოხდება? ვინ მოვა ხელისუფლებაში? ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე? ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი? თუ ძალაუფლებას ხელში აიღებს „ვიდვიჟენეცი“ მგოსანი?

ისე, როგორი კლასიკური შეპირისპირება იქნებოდა – პოეტი ვერსუს მეფე – მაგრამ გაბრაზებულ გულზე უტოპიური პოლიტიკური მანიფესტების გარითმვა შემოქმედებითი და მორალური კრიზისის სამწუხარო ნიშანია მხოლოდ…

კომენტარები

სხვა სიახლეები