პლანეტის ყველაზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი-ფრანსისკო ნუნიეს ოლივერა გარდაიცვალა. გასული წლის დეკემბერში მას 113 წელი შეუსრულდა. მისი გარდაცვალების შესახებ ესპანეთის მედია იუწყება.
ოლივერა 1904 წლის 13 დეკემბერს, ესპანეთში, ავტონომიურ თანამეგობრობა ესტრემადურაში დაიბადა, სადაც სულ ორიათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ოლივერამ მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ადგილობრივები მას მარჩენას ეძახდნენ, რადგან ის ფლამენკოს სევილიელ შემსრულებელს პეპე მარჩენას ძალიან ჰგავდა.
მისი ცხოვრების წესის შესახებ იყო ცნობილი, რომ ოლივერა საუზმეზე კექსს მიირთმევდა და თხევად იოგურტს სვამდა. ჰქონდა კარგი წნევა, სისხლში შაქრის შემცველობაც ნორმაში ჰქონდა და არანაირი სერიოზული დაავადება არ აწუხებდა. მისი შვილი ანტონია მასზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე ზრუნავდა. თავის თავს კი ის „მსოფლიოს ბაბუას“ უწოდებდა. მის მშობლიურ ქალაქში ახლა გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები