პლაკატზე ნანახი ქალის სიყვარულის სევდიანი დასასრული

ნიკა წურწუმია წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. კიოლნში საკუთარი კლუბი აქვს და გერმანელ ბავშვებს ქართული ხალხური მუსიკის თანხლებით ავარჯიშებს…
მისი კარიერა უკრაინაში დაიწყო და იქ მიღწეული წარმატებების შემდეგ, გერმანიაში წასვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. ქართველ ემიგრანტს წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა მოუხდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა – ნიკა კარატეში გერმანიისა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

– შეიძლება ითქვას, ბავშვობა არ მქონია – რაც თავი მახსოვს, ქვეყანაში სულ ომი და პრობლემები იყო. სპორტი ყოველთვის მიყვარდა და ბავშვობის დროინდელ მძიმე წლებშიც ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის სპორტული დარბაზი იყო (თუ შეიძლება ასე ეწოდოს იმ ადგილს, სადაც ვვარჯიშობდი). მამა ცდილობდა, ჩემთვის სტიმული მოეცა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა… პირველი შეჯიბრება – საქართველოს შიდა რეგიონალური ჩემპიონატი წავაგე, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია, პირიქით – წარუმატებლობამ თითქოს, ბრძოლის ჟინი შემმატა… მერე როცა ზედიზედ რამდენიმე შეჯიბრება მოვიგე, მივხვდი, საქართველოში ბევრს ვერაფერს მივაღწევდი და უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე – მაშინ 15 წლის ვიყავი. კარატეს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას არც უკრაინაში იჩენდნენ, რადგან ოლიმპიური სპორტის სახეობად არ ითვლება, მაგრამ ბევრად უკეთეს პირობებში მიწევდა ყოფნა და იქ მეგობრების იმედად დავრჩი… კიევში გამართულ შეჯიბრებაზე პირველად რომ გავედი, უკრაინაში კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა, ვალერი გალანმა შემამჩნია. მისი ინიციატივით, პატარა ქალაქ ჩერნავციში გავაგრძელე ვარჯიში – უკვე უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ვიყავი. სპორტსმენები ყველაზე მეგობრული ხალხი ვართ და ერთმანეთის წარმატება გვიხარია. ჩემ მიმართ ყველა კეთილგანწყობილი რომ იყო, ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა…

– უკრაინის 18 წლამდელთა ნაკრებში იყავით?

– დიახ… თუმცა, კარატეს გარდა, სპორტის სხვა სახეობითაც ვიყავი დაინტერესებული. კიკბოქსინგში უკრაინის ჩემპიონი გავხდი. ასეთი “გვერდითი ღონისძიებები” დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ნებისყოფას მოითხოვდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, – ეს ჩემი მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად იყო საჭირო… მერე გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე და იქ არალეგალურად გავემგზავრე. ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე. პირველ ხანებში ლამის, ქუჩაშიც მიწევდა ცხოვრება, არც საჭმელი მქონდა, არც ღამის გასათევი. აქ მეგობრებიც არ მყავდა, მაგრამ წარმატების იმედი არ დამიკარგავს. მჯეროდა, თუ დასახულ მიზანს არ გადავუხვევდი, ყველაფერი გამომივიდოდა!
GzaPress
სხვათა შორის, როდესაც უკრაინაში ვთქვი, რომ გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, გაუკვირდათ, – ენა რომ არ იციო?.. – სპორტს ენა არ სჭირდება-მეთქი. ისევ უკრაინელმა მეგობრებმა მიშველეს, – ერთ კაცს, რომელიც უკრაინელებთან მეგობრობდა, გერმანიაში ბიზნესი ჰქონდა და საიმედო ადამიანი სჭირდებოდა. ის ჩეხეთის საზღვარზე, პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ამ კაცმა ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი. მისთვის ოჯახის წევრივით ვიყავი… რამდენიმე თვე მასთან გავატარე, გერმანულიც ვისწავლე, მაგრამ მერე ვიგრძენი, რომ ამ კეთილდღეობის ხარჯზე, სპორტულ ცხოვრებას მოვწყდი და ერთ დღესაც გადავწყვიტე, კიოლნში წავსულიყავი. ჰოდა, 2003 წელს კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი ქუჩაში. კიოლნში ჩამოსული, გამვლელებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ვეკითხებოდი, – აქ ახლოს სპორტული კლუბი სად არის-მეთქი? შემდეგ ერთ-ერთ კლუბში შევედი და მივხვდი, რომ სპორტი უზომოდ მომნატრებია…

– იმ
  კლუბში როგორ მიგიღეს?

GzaPress– კლუბში ერთმა კაცმა მიმიყვანა, როდესაც ვკითხე, – აქ ვარჯიში სად შეიძლება-მეთქი? კლუბში დაახლოებით 60 წლის კაცი დაგვხვდა, მე-6 დანის ოსტატი – ფრითერმ მეისონი. მან საცდელად, რაღაცის შესრულება დამავალა, მაგრამ მისი ნათქვამი არასწორად გავიგე, – მეგონა, უნდა მეჩხუბა და პირდაპირ ჯინსის შარვლით შევვარდი ტატამზე. არადა, რამდენიმეთვიანი ჩავარდნა მქონდა, არც კი მივარჯიშია, მაგრამ ხომ იცით, ქართველებს უკან დახევა გვეთაკილება. ერთი სიტყვით, ალბანელ სპორტსმენს, ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონს, აფრემ ლატიფს “დავეტაკე”. რა თქმა უნდა, მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო. ეს იყო კონტაქტური ბრძოლა და ფიზიკურ მომზადებას თავი რომ დავანებოთ, წონითაც ჩემზე დიდი იყო… მწვრთნელმა ფრითერმ მეისონმა ძლივს გაგვაშველა (იცინის). საბედნიეროდ, მან კარგი თვალით შემომხედა, რისკიან მებრძოლად მიმიჩნია და დღესაც ხუმრობით იხსენებს, – ნიკამ დარბაზში შემოსვლისთანავე ჩხუბი დაიწყოო. ერთი სიტყვით, გამიმართლა და თავის კლუბში ამიყვანა. ადვოკატიც დამიქირავა და რამდენიმე წელში გერმანული პასპორტიც მომცეს…

ერთი განსაკუთრებული ბრძოლა მინდა გავიხსენო, – 2005 წელს ფინალში შევხვდი თურქს, რომელიც გამოცდილი სპორტსმენი იყო, მაგრამ დავამარცხე და გერმანიის აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. იმავე წელს, გერმანიის სახელით გამოვედი ჩიკაგოში, სადაც გავიმარჯვე და 2007-ში გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი. მას შემდეგ, წლების განმავლობაში, ამ ქვეყნის სახელით გამოვდიოდი. შემდეგ ვიასპარეზე ამერიკაში და “შოტოკანის” სახეობაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი… შეჯიბრებებში მხოლოდ გერმანია კი არა, უკრაინელები და ქართველებიც მგულშემატკივრობდნენ, რაც დიდი სტიმული გახლდათ ჩემთვის… ახლა მე და ჩემს მწვრთნელს მხოლოდ მეგობრული კი არა, მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს. ერთხელ სახლში რაღაცას აკეთებდა, სიმაღლიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, სამი თვე საავადმყოფოში იწვა. ოჯახის წევრები არ დადიოდნენ მასთან ისე ხშირად, როგორც მე – ამ დროს განსაკუთრებულად დავმეგობრდით. საბედნიეროდ, გამოკეთდა და ფეხზე დადგა…
GzaPress
– როგორც ვიცი, 2014 წლის შემდეგ აღარ ასპარეზობთ. ახლა რას საქმიანობთ?

– ახლა ქალაქ გუმერსბახში ვცხოვრობ. მაქვს კლუბი, სადაც მწვრთნელად ვმუშაობ. გარდა ამისა, ჩემს მოსწავლესაც აქვს კიოლნთან ახლოს კარატეს დიდი კლუბი, სადაც მთავარი მწვრთნელი ვარ. როგორც იცით, გერმანია 16 მიწად იყოფა (ასე ეძახიან ადგილობრივები), მე ვცხოვრობ “ენერვეს” ნაწილში და როგორც მითხრეს, ამ მიწის მთავარ მწვრთნელად დამასახელეს… 2014 წელს, გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა, მეუღლეს შევპირდი, თუ გავიმარჯვებ, ასპარეზობას შევწყვეტ-მეთქი და ასეც მოვიქეცი…

– თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ რამე…

– მომავალი მეუღლე 2007 წელს გავიცანი. მისი ფოტო ერთ-ერთი ანსამბლის პლაკატზე ვნახე. გასტროლები ჰქონდათ, კიოლნში უნდა გამოსულიყვნენ. ის ანსამბლის სოლისტი იყო. დანახვისთანავე ვიფიქრე, – რა ბედნიერება იქნება, ასეთი სილამაზის მქონე ქალი გვერდით რომ მყავდეს-მეთქი. შემდეგ გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხადასხვა სხეულში. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ნინო ყოველდღე მაოცებდა თავისი განსაკუთრებული თვისებებით, დიდსულოვნებით, ხალისით, სამართლიანობით. ვფიქრობდი, რომ ამდენი წვალებისა და ბრძოლის შემდეგ, უფალმა მისი სახით საჩუქარი გამომიგზავნა…

ერთხელაც, ქართველ მეგობრებთან ერთად ამსტერდამში წავიდა. მეორე დღეს, გერმანიაში ერთად უნდა გვესადილა. ჩამოვიდა, მაგრამ მოულოდნელად, ცუდად გახდა. საავადმყოფოში ანევრიზმა დაუდგინეს. 11 დღე გათიშული იყო. ამ ხნის განმავლობაში ფეხიც არ მომიცვლია, მის სასთუმალთან ვიჯექი და ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო და ცრემლი სდიოდა… ყველაფერი გავაკეთე, რომ გადამერჩინა. ვფიქრობდი, – იქნებ უფალი ჩვენი სიყვარულის სიმტკიცეს ცდის-მეთქი… მეგობრებიც ამოგვიდგნენ მხარში, მაგრამ სიკვდილი ვერ დავამარცხეთ. თუმცა, სიკვდილმა ვერ შეძლო და სიყვარული ვერ წამართვა – მისი გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა, მე კი მუდმივად ვგრძნობ, რომ ის ჩემ გვერდით არის.

– შვილი არ გყავთ?

– საერთო შვილი არ გვყოლია. ნინოს დარჩა შვილი და მასთან ვმეგობრობ…

– თქვენს მშობლებზე რას გვეტყვით?

– დედისერთა ვარ და რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდათ უჩემობა, მაგრამ ჩემი წარმატებით გაიხარეს.

– ვიცი, რომ თქვენს მოსწავლეებს ქართული ფოლკლორის ფონზე ავარჯიშებთ…

– საქართველო პატარა, მაგრამ დიდი წარსულის, კულტურის მქონე ქვეყანაა და მინდა, ეს ყველამ გაიგოს…


GzaPress

– თქვენც ცეკვავთ, არა?

– პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ უზომოდ მიყვარს ქართული ფოლკლორი. 2005 წელს ერთ თვით ჩავედი საქართველოში. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა “ერისიონის” სოლისტი. მას ვთხოვე, ცეკვა მასწავლე-მეთქი. ყოველდღე 3 საათი ვვარჯიშობდი და რაღაც დონეზე ვისწავლე კიდეც. გერმანიაში ჩამოსულმა მოსწავლეებს ქართული ცეკვის ილეთები ვასწავლე. ძალიან მოეწონათ. ყოველი ვარჯიშის წინ მთხოვენ, ქართული მუსიკა ჩაგვირთეო. ბევრმა პირველად გაიგო საქართველოს შესახებ. მათ სულ ჩავჩიჩინებ: შეიძლება, ყველა მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ ადამიანობაში თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ჩემპიონი-მეთქი.

– საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

– აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ მანამდე რაღაც გეგმები უნდა განვახორციელო… წლების შემდეგ კი ჩემი ცხოვრება ასე წარმომიდგენია, – საქართველოს რომელიმე სოფელში მექნება სახლი, სადაც სიბერის წლებს გავატარებ. თან, თუ ვინმეს ჩემი სპორტსმენობა და ცხოვრებისეული გამოცდილება გამოადგება, სიამოვნებით გავუზიარებ.

112102606851084849480051480403797n

წყარო: http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები