“პირქუში კვირადღე” (Gloomy Sunday) 1933 წელს უნგრელი კომპოზიტორის, რესო სერეზის მიერ შექმნილი სიმღერაა. კომპოზიტორი ერთი უიღბლო ვინმე იყო, რომელიც თავისი შემოქმედებით ვერ დაიტრაბახებდა. გარკვეული შეხედულებებიდან გამომდინარე, ხელოვნების ნაწარმი ანომალიური გამოვლინებაა შემოქმედისა, რომელიც გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცა. მისთვის ინსპირაციული წნეხი საყვარელ ადამიანთან განშორება აღმოჩნდა. შეიქმნა ის სიმღერა, რომელმაც ხალხში უამრავი მისტიკური მითქმა – მოთქმა გამოიწვია.
ერთმა მუსიკალურმა კომპანიამ სიმღერა შეიძინა და რამდენიმე რადიომ გააჟღერა კიდეც. აქედან კი უბედურებები დაიწყო. ბერლინში ახალგაზრდა კაცმა რადიოში “პირქუში კვირა დღე” შეუკვეთა. მოუსმინა და თავი მოიკლა. რომში ერთი ბიჭი ხიდიდან გადახტა. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ ჩამომხრჩვალი გოგონა იპოვა, რომელსაც პიანინოზე ამ სიმღერის ნოტები ედო. ნიუ-იორკში, სიმღერის დასრულების შემდეგ, ბიჭი ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ნამუშევრის რადიოთი გაჟღერება აკრძალეს. სერეზმა მეგობარ გოგონასთან შერიგება გადაწყვიტა, მაგრამ შეყვარებული გარდაცვლილი იპოვა, გოგონას ხელში “პირქუში კვირის” ნოტები ეჭირა. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში “ბი- ბი- სის“ რადიოსადგურმა სიმღერის გაშვება აკრძალა.
სიმღერის ისტორიას ძნელად თუ განასხვავებთ ქალაქურ ლეგენდებზე ფაქტებისგან. სერეზმა, რომელიც ბუდაპეშტის ერთ-ერთი რესტორნის პიანისტი იყო, ცხოვრებისეულ ამაოებაზე თავად დაწერა ტექსტი. მას შემდეგ ჟურნალისტმა ლასლო იავორმა გადააკეთა ის. ახალ ტექსტში უფრო მძაფრად აღიქმებოდა სუიციდისკენ სწრაფვა. 1936 წელს, თითქოს, უნგრეთს თვითმკვლელობის ტალღამ გადუარა. მთელს მსოფლიოში სიმღერა შემდეგი სათაურით გახდა ცნობილი: “უნგრელ თვითმკვლელთა სიმღერა”. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოების საერთაშორისო პოპულარობა სწორედ მისი რეპუტაცია გახლდათ.
“პირქუში კვირადღე” საკმაოდ მელანქოლიური და სევდიანი ნაწარმოებია. მან შესაძლოა, სამგლოვიარო მარშიც კი გაგახსენოთ. ტექსტი დაკარგულ სიყვარულსა და უიმედობაზეა. ავტორი ვერ ხედავს სხვა გამოსავალს სიკვდილის გარდა, რომელმაც შესაძლოა, საყვარელ ადამიანს კვლავ შეახვედროს. ნაწყვეტი სიმღერის ტექსტიდან:
“My heart will never hope for a new spring again
My tears and my sorrows are all in vain”
სერეზი 1968 წელს, საკუთარი ოთახის ფანჯრიდან გადმოხტა. მისმა შეყვარებულმა კი თავი მოიწამლა.
სიმღერა უამრვმა არტისტმა და ბენდმა შეასრულა, მათ შორისაა Portishead-იც.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=BOkUd4IZHE0[/youtube]
ლექსო მიგრიაული