პირველი ქართველი Victoria secret -ის შოუზე: მატილდა გვარლიანის წარმატებით სავსე გზა საქართველოდან მსოფლიო სცენამდე

სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Victoria secret -ის შოუსთვის შეარჩიეს. ეს ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება და, ამის ფონზე, საინტერესოა, გავიხსენოთ მისი განვლილი გზის მნიშვნელოვანი მომენტები.
მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).
“12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე” – იხსენებდა მატილდა.
მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა იტალიური Vogue-ის სარეკლამო კამპანიაში.
მატილდა გვარლიანის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.
ახლა ყველა მატილდაზე საუბრობს – ქართველი მოდელი ფრანგული Harper’s Bazaar-ის 2024 წლის აგვისტოს ნომერში
მოგვიანებით მატილდა Fendi-ის ერთ-ერთი სახე გახდა. ის გადაღებულია Fendi-ის ახალი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ხაზის, Icons-ის სარეკლამო კამპანიისთვის. 2020 წლის ბოლოს მატილდა გახდა Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე. იგი ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა, Parfois, Diesel და Roberto Cavalli.
ბოლო დროს მატილდა გულშემატკივრებს სულ უფრო ხშირად ახარებს ცნობილ ბრენდებსა და მოდის სახლებთან თუ გავლენიან გამოცემებთან თანამშრომლობით.
სულ რამდენიმე დღის წინ პარიზში Holiday Magazine -ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, გარეკანზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია გამოსახული;
მატილდა გვარლიანი პარიზში, CHANEL -ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
CHANEL -ის შემდეგ, მატილდა გვარლიანი Louis Vuitton -ის ჩვენებაზეც გამოვიდა;
მატილდა გვარლიანი ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზე ვიხილეთ;
მატილდა გვარლიანი Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
მატილდა გვარლიანი Dries Van Noten -ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე პარიზში…
ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე მატილდას საქმიანობის მხოლოდ მცირე ნაწილია. ახალგაზრდა ქართველი მოდელის ამ წარმატებულ ნაბიჯებს სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ბოლო სიახლემ, მატილდას Victoria secret -ის შოუსთვის შერჩევამ, განსაკუთრებით აღაფრთოვანა. შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს იგეგმება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები