პირბადეების რეზერვი, დისტანცია – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, სკოლების ადმინისტრაციებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების საფუძველზე რეკომენდაციები შემუშავდა.

კერძოდ, სკოლებში მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში შესვლა უნდა მოხდეს დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ; სკოლებში პირბადეების რეზერვი უნდა არსებობდეს; უნდა ხდებოდეს სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ​ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

აღნიშნული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს ინდივიდუალურად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

სკოლებს ინდივიდუალურ რეჟიმში სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები; საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით; სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

საქართველოში 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები