პეტრე კოლხი: გაიცანით, ეს თვითმკვლელი თაობაა

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მოზარდთა სუიციდის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.

“თვითმკვლელი თაობა. მეგონა, ყველა ეტაპი გამოვიარეთ… ჰიპების, ბიტნიკების, შეშლილების, გიჟების, მაწანწალების, ჯინსების, მაგრამ არა, ყველაზე საშინელება, კოშმარული პერიოდი თურმე წინ გველოდა… ჰო, გაიცანით, ეს თვითმკვლელი თაობაა…
ინტერესს მოკლებული, უპრინციპო, უმიზნო, ,,სულერთია” თაობა… ბავშვობაში მეგობარს მაღალი სართულიდან მისთვის ძვირფასი ნივთი გადაუვარდა, სანამ მიწას დაენარცხა, ათასჯერ მოვკვდი, რადგან ვიცოდი, მეგობარს რა რეაქცია ექნებოდა… ვიგლოვეთ, დაბლა ჩავედით და ყველა დეტალი მოვაგროვეთ… ცხადია, ვერ გავამთელებდით, მაგრამ სკივრში შეინახა…
ახლა პატარა, უმწეო, დაუცველი, ულამაზესი, ანგელოზივით გოგონები, ოღონდ ფრთების გარეშე მოფრინავენ მრავალსართულიანი სახლებიდან… დაბლა ვდგავართ და ვერ ვიჭერთ… გვერდით ვართ და ვერ ვაკავებთ… გონებაში მიჩნდება ათასი ,,რატომ”?! რა გამოიარეს, რას ვერ უძლებენ, რა ეტკინათ ასეთი?! ფრენა ძალიან კარგია, ოღონდ თვითმფრინავით, ფანჯრიდან რომ გაჰყურებ დათოვლილ მწვერვალებს… არც ზღვაში შესვლაა საშიში, თუ ცურვა იცი… ღმერთზე გაბრაზებული თაობა გარბის დედამიწიდან… მათ არ ესმით განწირული დედის ხავილი, მამის შემზარავი ღრიალი… არ გვესმის, რა არის თავისუფლება… არც ის გვესმის, რას ნიშნავს თავის მოკვლა… ეს ჩვენ გამოვიგონეთ დეპრესია… ეს ჩვენ გვინდა, ყველამ გაგვიგოს… საერთოდ არ ვცდილობთ სხვის გაგებას… საერთოდ არ გვგონია, რომ ოდესმე ვაშავებთ… არავინ და არაფერი მოგვწონს… მღვდელზე გაბრაზებული ეკლესიას ვლანძღავთ… ქრისტე ყველაზე მეტად გაგვიგებს… გაუგებს ჩვენს აწეწილ სულს, არეულ გონებას… ის გვეძებს, გვეძახის და მიწაზე დანარცხებულს რომ დაგვინახავს, უკვე ვერ გვშველის… ანგელოზებო, თავი არ მოიკლათ… თქვენ სხვების მფარველობაც შეგიძლიათ… მადლიერება ვისწავლოთ… დილით, ადრიანად მზე რომ ამოვა, სხივს ჩავებღაუჭოთ, ის გაგვიყვანს სამშვიდობოს… რაც   უნდა გვიჭირდეს, აზრი მაინც აქვს ამ ცხოვრებას… დაველოდოთ, ღმერთი როდის გადაწყვეტს ჩვენს გაყვანას… მანამდე მოვემზადოთ… აი, თქვენ რომ ემზადებით, პაემანზე რომ მიდიხართ ულამაზესები, იმაზე მეტად უნდა მოვემზადოთ ღმერთთან შესახვედრად, რადგან ის ყველაზე ნამდვილი სიყვარულია!..”, – წერს სასულიერო პირი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები