პედიატრი: „ყალბი კოვიდპასპორტი ჰქონდა – ქალმა საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა“

„ქალმა საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა… განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს“, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძე წერს.

მისი თქმით, გასულ კვირას სრულად ჯანმრთელი, შუახნის ქალი ემსხვერპლა კორონავირუსს და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გაიგეს ქმრისგან, რომ მას ყალბი კოვიდპასპორტი ჰქონდა.

„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში, პროგრესის ეპოქაში!

პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძიება დაიწყო. ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა, და როცა ქმარი ფაქტის წინაშე დააყენეს, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით!

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!

სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს „შეეცოდა“ და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც 200 ევროდ ყალბი სერტიფიკატი გადასცა!

დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!

განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს”! – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები