პატარა ქალაქის სიძულვილის და სიყვარულის 5 მიზეზი

პატარა ქალაქში გავიზარდე. ასაკი რომ მომემატა თბილისში გადმოვედი სასწავლებლად. მოგეხსენებათ, თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია საქართველოში. (ყოველთვის მინდოდა დიდ ქალაქში მეცხოვრა!) პატარა ქალაქიდან ბევრი ახალგაზრდა გარბის. დიდხანს არ დამავიწყდება პატარა ქალაქის დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეიძლება რამდენიმე მათგანი თქვენც გეცნოთ:
1. თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს
დადებითი: პატარა ქალაქებში ადვილად იჩენენ ნაცნობებსა და მეგობრებს, მერე კი ამ კავშირებს ნათესაური წოდებით (ნათლიმირონობით, მეჯვარეობით ან რაიმე სხვა გზით) ამყარებ. როდესაც ბარში შედიხარ ყველას ესალმები, კოცნი და ოჯახის ამბებს ეკითხები. მაღაზიებში პროდუქტის ვალად აღება სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. არავის ეშინია რომ ფულს არ დაუბრუნებენ.
უარყოფითი: ახალს ვერავის გაიცნობ. ჭორები ადვილად ვრცელდება. ნაბიჯს ვერ გადადგამ ისე მთელმა ქალაქმა რომ არ გაიგოს. თუ მეზობლის ქალმა ბიჭთან ერთად დაგინახა, არც კი იფიქრებს რომ მეგობრები ხართ, გაავრცელებს ხმებს რომ შეყვარებული გაიჩიეთ. შეიძლება ნანახი შეალამაზოს: ,,ერთმანეთს კოცნიდნენ და ეხვეოდნენ შუა ქუჩაში! რა უმსგავსობაა?!”
2. შენ და შენი კლასელები ერთად გაიზარდეთ
დადებითი: ერთმანეთთან ბევრი სახალისო და სევდიანი მოგონება გაკავშირებთ. 6-18 წლამდე ბავშვი ცხოვრების 1/3-ს სკოლაში ატარებს. ეს დრო სავსებით საკმარისია ძლიერი კავშირების ჩამოსაყალიბებლად. კლასელებთან ერთად ექკურსიებზე დადიოდი, ღონისძიებებს აწყობდი, შატალოზე მიიპარებოდი ან უბრალოდ მასწავლებლებს ერთად უშლიდით ნერვებს.
უარყოფითი: მათ იციან რომ შენ ოდესაც ,,ბრეკეტებს,” ,,სათვალეს” ან უშნო ვარცხნილობას ატარებდი. ახსოვთ რომ გარდატეხის ასაკში მთლიან სახეზე დაგაყარა. იციან რომ სკოლაში ორიანებსაც იღებდი, ხშირად იწერდი ფრიადოსნებისგან, გაგიფუჭებია სკოლის ინვენტარი, გაგიწვალებია კლასელი და ა.შ. თუ ოდესმე წარსულიდან რაიმე მომენტის დავიწყება მოგინდება ( მაგალითად, როგორ გაგეპარა ნერვიულობისას სადირექტორო წერაზე), საშუალებას არავინ მოგცემს.
3. იგონებდით გასართობებს და გინვითარდებოდათ ფანტაზიის უნარი
დადებითი: პატარა ქალაქებში ბევრი გასართობი ადგილი არ არის. მეტიც, მაგალითად ქუთაისში კინოთეატრი არ გვაქვს. ძლივს იპოვი რამდენიმე კაფეს, რომელიც 7 საათისთვის იკეტება. რით უნდა გაერთონ თინეიჯერები? მათ თამაშების მოფიქრება უწევთ.
უარყოფითი: ერთ დღეს კრიზისი დგება, კრეატიული იდეები ილევა და ყველა სმას იწყებს. პატარა ქალაქებში ხომ ერთადერთი გასართობი ალკოჰოლია.
4. საჭირო არ არის ძილის წინ კარი ჩაკეტო
დადებითი: ყველა ყველას მეგობარია, ვერავინ გაგქურდავთ. თუ ვინმე ეცდება, მეორე დღეს მაინც ყველაფერს უკან დააბრუნებინებენ.
უარყოფითი: ადამიანი სიფხიზლეს კარგავს… დუნდება.
5. საათობით არ დგახარ გრძელ საცობში
დადებითი: პატარა ქალაქში ხალხიცა და ტრანსპორტიც ნაკლებია. სახლები და დაწესებულებები იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, ფეხით გასეირნება სასიამოვნოა და ავტომობილი არ გჭირდება. საცობებში არ დგახარ და დრო გეზოგება.
უარყოფითი: ხანდახან გზაზე მიმავალს უჩვეულო სიწყნარის შეგეშინდება. დაფიქრდები და აღმოაჩენ, რომ ძალიან მოსაწყენ ადგილას ცხოვრობ. ეს კი დეპრესიაში ჩაგაგდებს.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები