იაპონიის ერთ-ერთ ზოოპარკში დაბადებული მაკაკას ნაშიერის — პანჩის — ამბავი მოულოდნელად კომერციულ წარმატებადაც იქცა.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც პატარა მაიმუნი ფუმფულა ორანგუტანის სათამაშოს არ სცილდება, შვედური კომპანია IKEA-ს ამ კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ The New York Times წერს.
კომპანიაში დაადასტურეს, რომ გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით იაპონიაში, შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეაში შეინიშნება. გამოცემა New York Post-ის ინფორმაციით, გაზრდილი ინტერესის ფონზე IKEA Japan-ის პრეზიდენტმა, პეტრა ფარემ, პანჩისთვის საჩუქრად ფუმფულა მაიმუნების ულიმიტო მარაგის გადაცემა გადაწყვიტა, რათა მას ყოველთვის ჰქონდეს ჩასახუტებელი სათამაშო.
სათამაშოს ღირებულება 19,99 აშშ დოლარია (იაპონიაში დაახლოებით 2000–2200 იენი), რაც მას ფართო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცევს.
პანჩი 2025 წლის ივლისში დაიბადა და დაბადებისას დაახლოებით 500 გრამს იწონიდა. ზაფხულის ანომალიური სიცხის გამო დედამ, რომლისთვისაც ეს პირველი მშობიარობა იყო, ნაშიერზე ზრუნვა ვერ შეძლო. ზოოპარკის თანამშრომლებს პატარა ხელოვნურად გაზრდა მოუწიათ, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ.
ფუმფულა ორანგუტანმა პანჩისთვის „მიმღები დედის“ როლი შეასრულა. პატარა მაკაკა სათამაშოს ხელიდან არ უშვებს, ხოლო ვიდეოებმა, სადაც იგი მას ყველგან თან ატარებს, სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა დააგროვა.