პატარა ვარსკვლავი ნიაკო ნოზაძე, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

ირაკლი ნოზაძის და ია დუდაშვილის ქალიშვილი ნია სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.
მშობლები უსაყვარლესი ნიაკოს ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ, რომელთაც ათი ათასობით მოწონება და ნახვა აქვს, ერთ სახალისო ვიდეოს კი, რომელზეც ასახულია, როგორ მიირთმევს ნიაკო ორ ცალ ხინკალს, 3 მილიონი ნახვა დაუგროვდა. პატარა ინტერნეტვარსკვლავის შესახებ მისი დედა, ია დუდაშვილი გვესაუბრა.

– გიფიქრიათ ოდესმე, რომ ნიაკო ინტერნეტვარსკვლავი გახდებოდა? რამ მოუტანა ეს პოპულარობა?
– ამაზე არ მიფიქრია და ალბათ შეუძლებელია ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა. თავისთავად მოხდა ყველაფერი. ჩემი პირადი გვერდიდან ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებსაც მილიონობით ნახვა ქონდა სხვადასხვა გვერდზე. პოპულარობა ალბათ იმან მოუტანა, რომ ძალიან უშუალო და პოზიტიურია.
– რას ფიქრობთ მის პოპულარობაზე, რა გავლენას მოახდენს ეს მის მომავალ ცხოვრებაზე?
– ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენ ადამიანს უყვარს და სითბოს გამოხატავენ მის მიმართ. მომავალშიც ალბათ ბევრ რამეში დაეხმარება, მაგრამ ამის გარდა აუცილებლად მიზანდასახული და მებრძოლი გაიზრდება, ანუ ბევრს თავისითაც მიაღწევს. პრინციპში უკვე მიაღწია კიდეც და მშობლებს უკვე ყველაფერში გვაჯობა.
– მამიკო როგორ უყურებს ნიაკოს პოპულარობას?
– მამიკო, რა თქმაუნდა, სიამაყით უყურებს ამ ყველაფერს და ცდილობს ყველაფერში ხელი შეუწყოს.
– ზოგჯერ უარყოფით, კრიტიკულ კომენტარებსაც წერენ. როცა საქმე ბავშვს ეხება, რა რეაქცია გაქვთ ამ დროს?
– ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად იწერება ჩვენს გვერდზე კრიტიკული კომენტარები, მაგრამ ამის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, მით უმეტეს საქართველოში.
– უკვე ვიდეორგოლებშიც იღებს მონაწილეობას, მოდელობას ხომ არ აპირებს?
– ვნახოთ, წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ გვაქვს. რაც თვითონ ენდომება და რის კეთებაც სიამოვნებას მიანიჭებს, ჩვენ ამ ყველაფერში ხელს შევუწყობთ.
– ვინმე გეხმარებათ ნიაკოს აღზრდაში თუ თავად ართმევთ ყველაფერს თავს?
– საბედნიეროდ, ყველაფერს ჩვენით ვართმევთ თავს.
– ნიაკო ბაღში დადის, როგორ ეგუება ახალ გარემოს?

– კი, ნელ-ნელა ვაჩვევთ ბაღს. მხოლოდ რამდენიმე საათით მიგვყავს, რადგან ჩვენი იქ არყოფნისგან სტრესი არ განიცადოს და გართულებების გარეშე შეეგუოს ახალ გარემოს. ნიაკოს ხასიათის და ინტერესების მიხედვით შევარჩიეთ ბაღი და ასევე იქნება სკოლაც. ვფიქრობ, რომ კარგად გრძნობს თავს იმ გარემოში და რაც მთავარია, სწორად ვითარდება.

– ზოგიერთი ემილიასთან აიგივებს და ამბობს, რომ მეორე „ემილიაა“…

ემილია ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ შედარებას რატომ ახდენენ, მე პირადად ვერ ვხვდები. ნიაკოს პოპულარობა სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო და შემდეგ უკვე პირველ რიგში ემიგრანტების და ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნით გავაკეთე მისი გვერდიც და დღემდე ამ ადამიანების სიყვარულისთვის ვიღებთ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების ფრაგმენტებს. ნებისმიერი ასაკის ადამიანი უყურებს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ნიაკო ერთადერთი და უნიკალურია, სწორედ ამიტომ უყვარს ხალხს. ასევეა ემილია და სხვა ნებისმიერი ბავშვი. მსგავსებას და მიბაძვას ვინც ხედავს, ალბათ ძალიან უნდა დანახვა, ან აღქმის პრობლემა აქვს.
– როგორ ხედავთ ნიაკოს მომავალს წლების შემდეგ?
– ჩვენ მის მომავალს წინასწარ არ ვგეგმავთ. მე და ირაკლი ყველა რესურსს და შესაძლებლობას მაქსიმალურად ვდებთ მის განვითარებაში. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვცდილობთ, რომ ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია პირველ ადგილზე იყოს მის ღირებულებებში, ამის იქით თვითონ რასაც მოისურვებს აუცილებლად გვერდში დავუდგებით. მომავლის ასე განსაზღვრა ალბათ წარმოუდგენელია. იმედი მაქვს წარმატებული და საქართველოსთვის საამაყო გოგო გაიზრდება.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები