თბილისში დატრიალებული უბედურების ფონზე იმედისმომცემი ნაპერწკალიც გამოჩნდა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად შედგა. ყველაზე სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები ჩვენი პატარები არიან. მოხალისეებს შორის აუცილებლად შეამჩნევდით მოზარდებს, რომლებიც ცდილობდნენ საკვები და სასმელი მიეწოდებინათ ადგილზე მომუშავეთათვის. ზოგიერთი პატარა კი თავად იყო ჩართული დასუფთავების სამუშაოებში.
ძნელია ბავშვი კომპიუტერს და ტელევიზორს მოარიდო, სამწუხაროდ, მათ საკუთარი თვალით დაინახეს და შეგნებულად განიცადეს ადამიანების სიკვდილი, ზოოპარკის განადგურება, მოკლული „შუმბა“, მაგრამ ასევე დაინახეს სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითი. პატარებს გაუჩნდათ
სიკეთის კეთების და მათი დახმარების სურვილი, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს. რამდენიმე სკოლამ უარი თქვა ექსკურსიაზე, ბანკეტზე და შეგროვილი თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა.
თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით სთხოვეს მშობლებს და მასწავლებლებს, ექსკურსიისთვის განკუთვნილი თანხა დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხათ.
ქუთაისის ი. ოცხელის სახ. მე-2 საჯარო სკოლის 9 II კლასის მოსწავლეებმა ექსკურსიისთვის შეგროვებული ფული სტიქიის შედეგად დაზარალებულებისა და ზოოპარკის დასახმარებლად გადარიცხეს.
გიმნაზია „შავნაბადას“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ექსკურსიისთვის განკუთვნილი თანხით საჭირო პროდუქტებით შეიძინეს და დაზარალებულებს დაეხმარნენ.
ხშირად ამბობენ და ალბათ თქვენც გაგიგონიათ ფრაზა „რა თაობა მოდის“. ალბათ, თავად ხედავთ, მოდის თაობა, რომელიც ტალახს გაიტანს ჩვენი ქალაქიდან, თაობა, რომელიც გაბრწყინდება.
წყარო: http://www.mshoblebi.ge