პარიზის ყველაზე ძვირად ღირებული კურტიზანი კლეო დე მეროდი – 1896 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული (ფოტო)
ფრანგ ქალებს მსოფლიოში დახვეწილი სილამაზის ეტალონად მიიჩნევენ. დღეს მოგითხრობთ მოცეკვავეზე და პარიზის ყველაზე ძვირად ღირებულ კურტიზანზე – კლეო დე მეროდის შესახებ. ბავშვობიდან კლეო ცეკვას სწავლობდა, 1900 წელს კი მსოფლიო გამოფენაში „კამბოჯის ცეკვებს“ წარადგენდა. თუმცა კლეო დე მეროდი საზოგადოებაში ცნობილი გასაოცარი გარეგნობის გამო გახდა. 1896 წელს ჟურნალმა „ილუსტრაციონმა“ სილამაზის კონკურსი ჩაატარა. 130 გოგონადან კლეო საუკეთესო აღმოჩნდა და კონკურსის პირველი ადგილიც დაიკავა. ამის შემდეგ კლეო პოპულარული ხდება. მისი ფოტოები მისალოც ბარათებზე, პლაკატებზე, სათამაშო კარტებზეც კი იყო გამოქვეყნებული. კლეო დე მეროდი ცეკვავდა ბალეტს გაშლილი თმებით, რაც უცნაური იყო. გაშლილი თმები, საზოგადოების აზრით, მისი მფლობელის მსუბუქ ყოფაქცევაზე მიანიშნებდა.
საინტერესოა, რომ ისტორიაში კლეო სხვა ვარცხნილობით შევიდა.
„მუქი თმა ყურებს ეფარებოდა და იქმნებოდა ვარცხნილობა, რომელიც მოდაში მადემუაზელ კლეო დე მეროდის წყალობით შევიდა“, – წერს ერთ-ერთი თავისი გმირის შესახებ მწერალი სომერსეტ მოემი რომანში „ადამიანურ ვნებათა სიმძიმე“.
ფრანგი კურტიზანის შესახებ ასევე ო. ჰენრი წერს მოთხრობაში „ჩვევის ძალა“: „მისტერ სონდერს, თქვენ ჩემი ვარცხნილობა მოგწონთ? ზოგს შინიონი უფრო მოსწონს, მაგრამ ამბობენ, რომ თხელ ნაკვთებს უფრო „კლეო დე მეროდი“ უხდება“.
ვარცხნილობა „კლეო დე მეროდი“ საკმაოდ მარტივი იყო. თმა შუაზე იყო გაყოფილი, ლოყებზე ჩამოსული, უკან შეკრული და შეხვეული. ამ ვარცხნილობამ ჭორები გამოიწვია: ზოგი ამბობდა, რომ კლეო ფარავდა ყურებს, რადგან მას ყურის ბიბილო ჰქონდა მოჭრილი, ზოგი ეჭვიანი საყვარლის შესახებ საუბრობდა, რომელიც თითქოსდა ფრანგი ლამაზმანის გულს უმიზნებდა და ყურში მოხვდა.
საბოლოოდ კლეო დე მეროდიმ „ჯადოქარის“ სახელი, რომელიც მდიდარ მამაკაცებს იზიდავდა, მაშინ მიიღო, როდესაც 1896 წელს კლეო ბორდოს თეატრის დასში მიიწვიეს. ლეგენდის თანახმად, სწორედ თეატრში შენიშნა კლეო ბელგიის მეფემ ლეოპოლდ მეორემ. მიუხედავად იმისა, რომ ლეოპოლდი 60 წლის იყო, მას ძალიან უყვარდა ახალგაზრდა ქალები. ამიტომ სპექტაკლის შემდეგ კლეოსთვის ნაჩუქარი წითელი ვარდების თაიგული საზოგადოების მიერ სრულიად ერთმნიშვნელოვნად იყო შეფასებული. ამის შემდეგ კლეო მეფის ფავორიტის სახელს იმკვიდრებს. თავად მეფე ლეოპოლდ მეორე კი მეტსახელს „კლეოპოლდს“ იღებს.
შემდეგ კლეო მოგზაურობას იწყებს, ცეკვავს პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცების წინაშე. სცენაზე კლეო დე მეროდი 50 წლამდე რჩება. კლეო დე მეროდი პოზირებს ასევე სხვადასხვა მხატვრის წინაშე. საინტერესოა, რომ ფრანგი ლამაზმანი „მულენ რუჟეს“ ცნობილი სარეკლამო პლაკატების შემქმნელმა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა დახატა, კლეოს ცვილის ფიგურა კი გრევენის მუზეუმში მონმარტზე იყო გამოფენილი. 1955 წელს გამოქვეყნდა კლეო დე მეროდის მემუარები „ჩემი ცხოვრების მემუარები“.
ცნობილი კურტიზანი, მოცეკვავე და ლამაზმანი კლეო დე მეროდი 1966 წლის 17 ოქტომბერს 93 წლის ასაკში დაიღუპა.