პარიზის აუქციონზე მე-19 საუკუნის საქართველოს ფოტოები გაიყიდება

თბილისის დროით 17:00 საათზე, პარიზის აუქციონზე მე-19 საუკუნის საქართველოს ფოტოები გაიყიდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ანა ჭეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აუქციონი ცნობილ სააუქციონო სახლში – ოტელ „დრუოში“ გაიმართება, სადაც 110-ე ლოტად წარმოდგენილი იქნება 1899-1906 წლებში სამხრეთ კავკასიაში გადაღებული ფოტოები.
ჭეიშვილის თქმით, ლოტში უცნობი ავტორის დაახლოებით 192 ფოტო შედის (ფოტოს ზომა 6X8სმ). მათ შორისაა, ბათუმის, ფოთის, თბილისის, სოხუმის სურათები.
„სასწრაფოდ წავედი „დრუოში“ ფოტოების ადგილზე სანახავად. ჩემი აზრით, ავტორი უნდა იყოს ერთ-ერთი ფრანგი გეოლოგი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სპილენძის მაღაროებს ამუშავებდა (მე-19 საუკუნეში ასეთები ბევრნი იყვნენ, და არა მხოლოდ ფრანგები). ფოტოები გადაღებულია 1899-1906 წლებში. უმეტესობას ახლავს ფანქრით შესრულებული მინაწერი. ფოტოების დიდი ნაწილი გადაღებულია ალავერდის სპილენძის მაღაროში (სომხეთი).
როგორც დავთვალე (მცირე ცდომილება შესაძლებელია), ლოტიდან 67 ფოტო გადაღებულია საქართველოში:
ბათუმის პორტი – 10 ფოტო; ტფილისი – 22 ფოტო (ქალაქის ხედები. რამდენიმე ფოტო დაკრძალვიდან – ყარაჩოხელები (?) მიუყვებიან პროცესიას); ფოთის პორტი – 4 ფოტო; სოხუმის სანაპიროსთან – 8 ფოტო (სოხუმს ამ პერიოდში პორტი არ ჰქონდა და დიდი გემებიდან მცირე ნავებზე სხდებოდნენ ნაპირამდე მისასვლელად. სწორედ ეს მომენტია ფოტოებზე ასახული); შავ ზღვაზე – 4 ფოტო; გორი – 2 ფოტო; სადახლო – 1 ფოტო; საქართველოს სამხედრო გზა – 16 ფოტო (ყაზბეგი, დუშეთი, გუდაური, ანანური, მცხეთა…)…
ნამდვილად საინტერესო ფოტოებია! ლოტის საწყისი ფასი არის 1000-1200 ევრო. ჩემი გამოცდილებით, ფასი 2000-მდე თავისუფლად აიწევს. მე მოგაწოდეთ სრული ინფორმაცია, როგორც კატალოგში გამოქვეყნებული, ასევე ჩემი მოპოვებული. ახლა კი გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი, იქნებ რომელიმე ქართველს ამ კოლექციის შეძენის სურვილი გაუჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ აუქციონში მონაწილეობის მიღება ტელეფონითაც არის შესაძლებელი, მთავარია, წინასწარ დარეგისტრირდეთ. წარმატებას გისურვებთ!“- წერს ანა ჭეიშვილი.

Untitled

კომენტარები

სხვა სიახლეები