პაკისტანში ფრანების გაშვება აიკრძალა — დამრღვევებს ციხე ემუქრებათ

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში, ფრანების დამზადება და გაშვება კანონით აიკრძალა. ახალი რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ხუთ მილიონ პაკისტანურ რუპიამდე ჯარიმა ემუქრებათ.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პენჯაბის საკანონმდებლო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც ფრანებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას მკაცრად არეგულირებს. ოფიციალური განმარტებით, ცვლილებების მიზანი მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დაცვაა.

კანონის მიხედვით, იკრძალება ფრანების დამზადება, შენახვა, გაყიდვა და გაშვება იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ბასრი, მეტალის ან მინის ნაწილაკებით დაფარული ძაფები. ნებადართულია მხოლოდ ბამბის ძაფის გამოყენება. ამასთან, ფრანების წარმოებისა და რეალიზაციისთვის სავალდებულო ხდება რეგისტრაცია, ხოლო ფრანების გაშვებასთან დაკავშირებული ღონისძიებები წინასწარ უნდა შეთანხმდეს შესაბამის უწყებებთან.

კანონი ასევე ითვალისწინებს წახალისების მექანიზმს — დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოქალაქეებს ხუთი ათას რუპიამდე ჯილდო გადაეცემათ.

რატომ მიიღეს აკრძალვა

პენჯაბში ფრანების გაშვება და მათზე შეჯიბრებები ტრადიციული კულტურის ნაწილია,მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და სპეციალურად დამზადებული, ბასრი ძაფის საშუალებით ცდილობენ მოწინააღმდეგის ფრანის ჩამოგდებას.

თუმცა, წლების განმავლობაში მსგავსი შეჯიბრებები არაერთ მძიმე ინციდენტს უკავშირდებოდა. ბასრი და მინის ნაწილაკებით დაფარული ძაფები ხშირად იწვევდა ქვეითებისა და მოტოციკლისტების მძიმე დაშავებას — დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა ძაფმა ადამიანებს ყელი ან სახე გაუჭრა. ასევე არაერთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა მაშინ, როცა ფრანის ძაფები ელექტროგადამცემ ხაზებს ეხვეოდა, რაც დენის დარტყმასა და ფატალურ შედეგებს იწვევდა. ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი ინციდენტების ნაწილი ლეტალურად დასრულდა, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით.

სწორედ ამ მიზეზების გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრადიციული გართობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მკაცრი აკრძალვებით უზრუნველყოს და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პრიორიტეტი დააყენოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები