“პაატა იმნაძის დედა პენსიიდან ფულს აგროვებს და გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს” – გიორგი კეკელიძე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის დედაზე, ნუნუ დუმბაძეზე წერს. მისი თქმით, 90 წლის ქალბატონი, პენსიას აგროვებს და მას გურული დღიურების ფონდისთვის იღებს:
“რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.
ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა”, – წერს კეკელიძე.
აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პაატა იმნაძემ დედის მიერ გაზიარებულ დეზინფორმაციაზე დაწერა კომენტარი და სთხოვა, “ტყუილები არ გაევრცელებინა”.
ქალბატონმა ნუნუმ, შვილის სიტყვებზე აგებული ნიუსი გააზიარა, რაც ინტერპრეტირებული იყო და იმნაძის ნათქვამს არ წარმოადგენდა. აღნიშნულზე პაატა იმნაძემ ხუმრობით დაწერა:
“დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ”, – ეს კომენტარი კი სოციალურმა ქსელმა აიტაცა და ძალიან დადებითადაც შეაფასა. ამ დროისათვის კომენტარს 10 ათასზე მეტი შეფასება აქვს.
შვილის კომენტარს მოგვიანებით თავად ქალბატონი ნუნუ დუმბაძე გამოეხმაურა.