ოჯახური ცხოვრების ეტაპები

მას მერე, რაც ადამიანები ოჯახს ქმნიან, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გადიან. როგორც გამოცდილი წყვილები ამბობენ, ყველაზე რთული პირველი წელია – ერთმანეთის შეცნობისა და შეჩვევის, ნდობის მოპოვების. პირველი წლის გადალახვა ბევრ წყვილს უჭირს. ასევე კრიტიკულია, უკვე ფსიქოლოგთა აზრით, ყოველი მეშვიდე წელი. ამ პერიოდებშიც ხშირად აქვთ წყვილებს მძიმე ეტაპები და ყველა როდი უძლებს მათ.

ამ შემთხვევაში ყველაზე რთულ – პირველ ორ წელზე ვისაუბრებთ, რომელსაც ბევრი წყვილი ვერ უძლებს. თუმცა ამ ეტაპების გავლა ყველას მოუწევს და ჯობს, მეტი ყურადღებით გაეცნონ ამ ტიპის სტატიებს, დაეკითხონ რჩევას გამოცდილ ადამიანებს და თუ ოჯახი შექმნეს, მაქსიმალურად ეცადონ, ის პირველი სირთულის გამოცდისთანავე არ დაარღვიონ.

მაშ ასე, ოჯახური ცხოვრების ეტაპები:

რომანტიკული
ერთად ცხოვრების პირველი კვირები განსაკუთრებულად სახალისო და რომანტიკულია ორივესთვის. ამ დროს წყვილს ყველაზე ხშირი სქესობრივი ურთიერთობები აქვს, სხვადასხვა ექსპერიმენტსაც მიმართავენ, ხშირად დადიან ერთად სასეირნოდ, ნათესავებში, იგონებენ სიურპრიზებს ერთმანეთისთვის. ცოლი მაქსიმალურად უვლის თავს, იწესრიგებს, ასევე ექსპერიმენტებს ატარებს სამზარეულოში და საკუთარ ნიჭებს ავლენს. კაცი ყოველთვის კარგად გაპარსულია, წინდებს მალავს, სადაც კი მოძებნის ადგილს, ხანდახან ჭურჭლის რეცხვაშიც ეხმარება ცოლს, მაღაზიიდან ძვირი პროდუქტები მიაქვს, დილაობით ყავასაც კი ადუღებს ცოლისთვის.

შეჩვევის
რამდენიმე თვეში ნელ-ნელა მშვიდდება გარემო და იწყება შეჩვევის მომენტი. ცოლსაც და ქმარსაც თანდათან ეხსნება თვალიდან ლიბრი და კარგთან ერთად ცუდის დანახვასაც იწყებს, ერთმანეთის ნაკლოვანებებს ამჩნევს და თავისთვის აკეთებს პატარ-პატარა დასკვნებს. ძირითადად, წყვილი ცდილობს, მიეჩვიოს ერთმანეთის ცხოვრების წესს. ამ ეტაპს ახლავს ეჭვიანობის მომენტებიც, რადგან ჯერ არ არის ისეთი სრული ნდობა, არც ერთმანეთს იცნობენ იმდენად კარგად, რომ ბრმად მიენდონ ყველაფერში.
ამ დროს სქესობრივი ცხოვრება კვლავ რეგულარულია, თუმცა სულ უფრო მეტად ტრადიციული. ქალი თავს ისევ უვლის, თუმცა ახლა შეუძლია თავს ნება მისცეს, ძველი მაისურით იაროს ოთახებში და თმაც ისე სწრაფად არ დაივარცხნოს, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. თანდათან მენიუც ცოტა უფრო ერთფეროვანი ხდება, ან კიდევ სულაც – კაფე-რესტორნებში ინაცვლებენ. გააჩნია, ცოლს რამდენად მოეწონა სამზარეულოში ტრიალი, ქმარს კი – ამ ტრიალის შედეგები.
ქმარი უფრო იშვიათად “იცლის” სიურპრიზებისთვის, სეირნობა და სიგიჟეები კვირაში ერთხელ თუ ხდება მხოლოდ. თუ ქალი ორსულად არ არის, ჩნდება უკვე შფოთვა და დაძაბულობაც ამის გამო.

ოჯახური
ერთი წლის შემდეგ თანდათან დგება ყველაფერი თავის ადგილზე. წყვილმა ერთმანეთის ჩვევები ასე თუ ისე გაიგო და გაიაზრა, ნდობა დამყარდა, სტაბილურობის განცდა გაჩნდა. ამ ეტაპის სირთულე მხოლოდ ის არის, რომ ცოლიც და ქმარიც სულ უფრო მეტად აცნობიერებს რეალობას – მას უკვე ოჯახი აქვს და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება. აქვს მოვალეობები, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარი ენთუზიაზმით ხვდება. ზოგს ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა ძალებს მატებს და ოჯახისკენ მოაბრუნებს, ზოგიერთებს კი პირიქით, მძიმე ტვირთად აწვება და ისეც ხდება, ვერ უძლებენ ამ ტვირთს, იწყება კონფლიქტები, ნერვიულობა, და ოჯახს ანგრევენ. ამ ეტაპზე, რომელიც ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ პერიოდიდან 3-4 წლამდე პერიოდს გულისხმობს, ყველაზე მეტი განქორწინება (იხილეთ 10 ნიშანი, რაც მოახლოებულ განქორწინებაზე მიანიშნებს) მოდის.
ფსიქოლოგები წყვილებს ურჩევენ, ყველა ეტაპს დიდი ყურადღებით და მოთმინებით მოეპყრან, არ დაკარგონ რომანტიკა (ბავშვის გაჩენის შემდეგაც), ეცადონ, გაამრავალფეროვნონ ურთიერთობები, იმეგობრონ ერთმანეთთან და მყარი ოჯახი შეინარჩუნონ.
გისურვებთ, სიყვარულით შექმნათ ოჯახები და ყველა ეტაპი სრულყოფილად გადალახოთ.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები