„ოსკარი“ ტელევიზიას ემშვიდობება — 2029 წლიდან ცერემონია ექსკლუზიურად YouTube-ზე გადაიცემა

კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერებების აკადემიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო — 2029 წლიდან, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია პირველად დატოვებს ტრადიციულ ტელევიზიას და მთლიანად ციფრულ პლატფორმაზე გადაინაცვლებს.

აკადემიისა და YouTube-ის შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 101-ე ცერემონიიდან დაწყებული, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის პირდაპირი ტრანსლაცია ექსკლუზიურად YouTube-ზე იქნება ხელმისაწვდომი. შეთანხმება 2033 წლამდე იმოქმედებს და მოიცავს არა მხოლოდ თავად დაჯილდოების პროცესის, არამედ წითელი ხალიჩის ტრანსლაციის, კულისებს მიღმა გადაღებული მასალებისა და აკადემიის სხვა ოფიციალური ღონისძიებების გაშუქებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში „ოსკარის“ ცერემონიას ამერიკაში ტელეკომპანია ABC გადასცემდა. ეს თანამშრომლობა 2028 წელს, მე-100 საიუბილეო ცერემონიით დასრულდება, რის შემდეგაც მაუწყებლობის ახალი ციფრული ეტაპი დაიწყება.

ახალი შეთანხმების პირობებით, YouTube მიიღებს  ექსკლუზიურ უფლებას პირდაპირ ეთერზე. ტრანსლაცია უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო აშშ-ში მაყურებლები ცერემონიას YouTube TV-ის საშუალებითაც შეძლებენ.

აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა მიზნად ისახავს აუდიტორიის გაფართოებას და სხვადასხვა ენაზე გახმოვანებისა და სუბტიტრების საშუალებით საერთაშორისო მაყურებლისთვის ღონისძიებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

აკადემიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ YouTube-თან პარტნიორობა დაეხმარება „ოსკარის“ მრავალწლიან მემკვიდრეობას შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, პარალელურად კი ახალი თაობის მაყურებელი და კინომწარმოებელი აქტიურად ჩართოს მსოფლიო კინემატოგრაფიულ პროცესში.

კომენტარები

სხვა სიახლეები