ულამაზესი იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი დღეს იუბილარია, მსახიობს 61 წელი შეუსრულდა. ორნელას ნამდვილი სახელი ფრანჩესკა რომანა რიველია. ის იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა, თუმცა მამამისი ნეაპოლიტანელი, ხოლო დედა წარმოშობით ესტონეთიდანაა.
ფილმებში 15 წლის ასაკიდან თამაშობს. ძირითადად – იტალიურ ფილმებში, თუმცა 1980 წელს ბრიტანულ ფანტასტიკურ ფილმში „ფლეშ გორდონში“ ითამაშა. 1984 წელს გამოჩნდა გერმანელი კინორეჟისორის, ფოლკერ შლენდორფის ფილმში „სვანის სიყვარული“ ალენ დელონთან ერთად. მუტი მუშაობდა იტალიელ რეჟისორებთან, – მარკო ფერერთან და დინო რიზთან, ერთად. ფლობს უძრავ ქონებას იტალიაში, საფრანგეთსა და მონაკოში. 1994 წელს მუტი მონაკოს მცხოვრები გახდა. ორნელა მუტი კანის კინოფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმარია. მსახიობი ორჯერ იყო დაქორწინებული.
1998 წლიდან მსახიობი პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან ერთად ცხოვრობს. მუტის ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 2008 წელს ორნელა მუტიმ აამუშავა საკუთარი საიუველირო ხაზი, ბუტიკების გახსნით რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვსა და ალმა-ათაში. საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი ორი ფილმი – „უზომოდ შეყვარებული“ და „ჭირვეულის მორჯულება“, სადაც მას პარტნიორობას გენიალური ადრიანო ჩელენტანო უწევს. მას და ჩელენტანოს რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდათ რომანი. ჩელენტანო მუტის გამო გარკვეული პერიოდი ოჯახიდანაც წავიდა, თუმცა საბოლოოდ ის ცოლს და შვილებს დაუბრუნდა და ორნელა მუტიზე არ დაქორწინებულა.
Prev Post
სხვა სიახლეები