“დავიბადე თბილისში, დავამთავრე ორი უმაღლესი სასწავლებელი – იურიდიული და სამედიცინო, ვმუშაობდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში ბატონ ვატო სურგულაძესთან, შემდეგ კლინიკის მენეჯერად… გასულ წელს გუდაურში საკუთარი ბარი-ლაუნჯი მქონდა, მაგრამ ახლა პოლონეთში ვცხოვრობ, კერძოდ, ვარშავაში და ვმუშაობ ტაქსის მძღოლად,” – გვეუბნება მეგი ჭყოიძე, ახალგაზრდა დედა, რომელიც პოლონეთში ფინანსური პრობლემების გამო 7 თვის წინ წავიდა.
“მყავს ორი შვილი, რომლებსაც ძალიან ბევრი რამ სჭირდებოდათ. ცხოვრება ეკონომიკურად გართულდა. მყავდა მეუღლე, რომელმაც გადამაწყვეტინა აქ ჩამოვსულიყავით და გვემუშავა. ასეც მოვიქეცით, უპრობლემოდ ჩამოვედით პოლონეთში და ძალიან ადვილად ვიშოვეთ სამსახური – “უბერის” ტაქსიზე ერთად დავსაქმდით, თუმცა ერთ დღეს, როდესაც ცვლიდან სახლში დავბრუნდი, მეუღლე აღარ დამხვდა… მარტივად და მოკლედ ვიტყვი, მიმატოვა და წავიდა, აღარ უნდოდა ჩემთან ცხოვრება. მე დავრჩი,” – გვიყვება მეგი.
– ადვილად კი დასაქმებულხარ, მაგრამ უცხო ქვეყანაში რთული არ არის ცხოვრება?
– ძალიან რთულია, მარტო უცხო ქვეყანაში ყოფნა, საქმიანობა, ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიე. ტაქსისტობა ადვილად დავიწყე. პრინციპში, გამიმართლა: 5 დღის ჩამოსული ვიყავი, სამსახურის ძებნაში გადასასვლელზე ჩაფიქრებული გადავდიოდი, თან, ქართულად ვსაუბრობდი. იმ დროს უცებ ჩემ წინ მანქანა გაჩერდა და მძღოლმა ქართულად დამიძახა: ქართველი ხარ? ძალიან დავიბენი, მაგრამ გამიხარდა, რადგან მანამდე მეგონა, ისეთი განცდა მქონდა, ცხოვრება უკვე დამთავრდა და ძალიან ცუდ დღეში ვიყავი.
ადამიანი, რომელმაც ტაქსიზე მუშაობა შემომთავაზა, გიორგი ხუციშვილი გახლავთ. თავის უფროსთან წამიყვანა, სადაც გაგვესაუბრნენ და ასე დავიწყეთ პოლონეთში ტაქსისტად მუშაობა.
– როგორი იყო პირველი სამუშაო დღე?
– პირველი სამუშაო დღე ძალიან რთული იყო, როცა არ იცი ქალაქი, ქუჩები, ხალხი, თუმცა ნავიგაცია და ინგლისური ენა ყველაფერში დამეხმარა. პირველ დღეს 6 საათი ვიმუშავე და 303 ზლოტი (პოლონური ვალუტა) გამოვიმუშავე, მაშინ არ ვიცოდი, ეს რამდენად კარგი იყო, თუმცა დილას ცვლის გადაბარებაზე რომ მივედი, ყველა გაოცებული დარჩა.
– ღამე მუშაობა არ იყო რისკი?
– რთული იყო, ცოტა მეშინოდა, რადგან ღამე უნდა მემუშავა, მაგრამ ორი მგზავრის მერე, მივხვდი, რომ საშიში არ იყო. პოლონეთში ცხოვრება ადვილია, რადგან საკმაოდ იაფი ქვეყანაა, ანაზღაურებაც ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან შედარებით, ბევრად კარგი სიტუაციაა. კლინიკის მთავარი მენეჯერი ვიყავი და 4-ჯერ დაბალი ხელფასი მქონდა, ვიდრე აქ ტაქსის მძღოლს.
ემიგრანტი ვარ, საბუთები შეტანილი მაქვს და ვარ მოლოდინის რეჟიმში… ახლა პოლონელ გოგოსთან ვცხოვრობ, რომელიც ძალიან დამეხმარა დაბინავებასა და გზის გაკვლევაში. ის რომ არა, ახლა არც კი ვიცი, სად ან როგორ ვიქნებოდი. ეს გოგონა ჩემი მგზავრი იყო, გზაში ვისაუბრეთ და ბოლოს ნომრებიც გავცვალეთ, მითხრა – თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკეო. გარკვეული დროის შემდეგ, პრობლემა შემექმნა და შევეხმიანე… მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ, მეც ჩემი მხრივ, ვეხმარები. საოცარი შვილი ჰყავს, 6 წლის ჯულია, მაგდას შევთავაზე – სკოლიდან მე გამოვიყვან ბავშვს და სანამ სამსახურიდან მოხვალ, გოგონა ჩემთან იქნება-მეთქი. ასე შეთანხმებულად ვცხოვრობთ.
მერე კი უკვე ჩემი შვილების ჩამოყვანაც გადავწყვიტე და სახლის ძებნა დავიწყე, რომ ცალკე გადავსულიყავი, თუმცა მაგდამ აქაც გასაოცარი სიკეთე გამოიჩინა და მითხრა, რომ არსად გადავიდოდი, ჩემს შვილებსაც მასთან ჩამოვიყვანდი და ერთად ვიცხოვრებდით. ერთი კვირაა, რაც ბავშვები ჩამოვიყვანე და ახლა უკვე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში.
– სავარაუდოდ, ერთადერთი ქართველი გოგონა ხარ მანდ, ვინც ტაქსის მძღოლად მუშაობს.
– კი, ასეა. ერთადერთი ქართველი ქალი ტაქსის მძღოლი ვარ ვარშავაში. ამაზე თავიდან უფრო ჰქონდათ მგზავრებს რეაქციები, ახლა მეც მივეჩვიე, მგზავრები ძალიან კეთილგანწყობილები არიან, ხშირად ფულს მჩუქნიან. შემხვედრია ძალიან მთვრალი ადამიანებიც, მაგრამ არასდროს არავის ზედმეტად არაფერი უკადრებია. პირიქით, სულ ბოდიშებს მიხდიან, რომ მთვრალები არიან, ძირითადად ინგლისურად ვკონტაქტობთ. ვცდილობ, პოლონური ნელ-ნელა ვისწავლო, თუმცა ძალიან რთული ენაა.
ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როდესაც შეხვდები ისეთ ადამინებს, რომელიც ახლა გვერდით მყავს, ყველაფერი იოლდება. მათ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო და ესენი არიან – მაგდა, რომელთანაც ვცხოვრობ, თეონა ფარულავა, ის ერთ-ერთი ქართველი გოგოა, ვისთანაც ვმეგობრობ და ასევე მინდა ვახსენო ირაკლი გამყრელიძე, ადამიანი, რომელსაც შემიძლია ვენდო და მქონდეს მისი იმედი. ასეთია აქ ჩემი ნამდვილი მეგობრების წრე. თუმცა, აქ კიდევ ბევრ ქართველს ვიცნობ და არაქართველსაც…
– ცოტა ხნის წინ მოულოდნელი ამბავი შეგემთხვა, რის შესახებაც ადამიანებს “ფეისბუქიდან” აცნობე – შენი მგზავრი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. მოგვიყევი ეს ისტორია…
– კი, ეს საღამო მართლაც ყველაზე უცნაური იყო. ზოგადად, უიქენდზე, ღამით ვმუშაობ, რადგან მგზავრიც მეტია და შემოსავალიც, ერთ-ერთ გამოძახებაზე მივდიოდი, როდესაც ქუჩაში დავინახე თვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი. სასწრაფოდ გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და დავუძახე. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა და მასაც ასევე. შევთავაზე, წამეყვანა დანიშნულების ადგილას. ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი. მანქანაში რომ ჩავსხედით, ემოციებს ვერ ვიკავებდი, გიჟივით ვიცინოდი…
განაგრძეთ კითხვა:https://www.ambebi.ge