ორი ჟურნალისტის ორი განსხვავებული ისტორია – რა ხდებოდა თბილისში სტიქიის შემდეგ

თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი ტაქსების მძღოლებს ტარიფების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებდა.
თბილისის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ტაქსის მძღოლები მათ დანიშნულების ადგილზე მიყვანის სანაცვლოდ ორჯერ მეტ თანხას სთხოვდნენ.
აღნიშნულის გამო, ტაქსის მძღოლმა საინფორმაციოა-ანალიტიკური პორტალ “კვირას“ რედაქტორის ანი შენგელიას კრიტიკაც დაიმსახურა. ანი შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერდა, თუ როგორ მოსთხოვა ტაქსის მძღოლმა მას გაორმაგებული ფასი დანიშნულების ადგილამდე მიყვანის სანაცვლოდ.
“15 ივნისს, გლოვის დღეს პავლოვიდან დიღმის მასივში გამოსვლა 10 ლარი ღირდა… დღეს ემოციები შევიკავე და არაფერი არ დავწერე… მხოლოდ ნიუსები გარდაცვლილებზე, დაკარგულებზე, უსახლკაროდ დარჩენილებზე, მოკლულ ცხოველებზე, განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე, ზარალზე და ა.შ. მეტირება ყველა მათგანის გამო, მეტირება იმ პოლიციელების, მაშველების და მოხალისეების გამო, რომლებიც ადამიანების გადარჩენას თუ დახმარებას საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ… დამაკლდნენ სასულიერო პირები ადამიანების გასამხნევებლად – დასალოცად, დამაკლდა ცხოველების გადარჩენის “მონდომება” და კიდევ რაღაც განცხადებები ვერ გავიგე, მაგრამ მაინც ამაყი ვიყავი, ასეთ ერთიანობას რომ ვხედავდი… გამოვედი სამსახურიდან ღამის 2 საათზე ემოციებისგან “გაბერილი”, გულმოკლული და თბილისის მგლოვიარე ქუჩაში ისევ მივხვდი, რომ საშინელი და უგულო ერი ვართ, რომ ასეთ დროს ქუჩაში “ადამიანები” მხოლოდ ფულის საშოვნელადაც გამოდიან… 15 ივნისს, გლოვის დღეს პავლოვიდან დიღმის მასივში გამოსვლა 10 ლარი ღირდა… ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ“,- წერს ანი შენგელია.
მოგვიანებით, პორტალ “კვირას“ კიდევ ერთმა რედაქტორმა ინგა ქვარცხავამ ტაქსის მძღოლების თემაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ინგა ქვარცხავა ტაქსის მძღოლის საპირისპირო,ჰუმანურ საქციელზე წერდა.
“ტაქსის მძღოლების თემაზე არაერთი სტატუსი წავიკითხე ამ დღეებში და მინდა ეს ამბავი მოვყვე: ტაქსში ჩავჯექი თუ არა, მძღოლმა, ჩემდა გასაკვირად, რეალური ფასი მითხრა, რამაც უკვე იმოქმედა იმაზე, რომ ამ ადამიანს ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა. „საშინელება მოხდა, შვილო, დაზაფრული ვარ ამ ყველაფრით, მაგრამ იცი რა მაძლიერებს, აი, ახალგაზრდებს რომ ვუყურებ ასე ერთი იდეით გაერთიანებულებს და ხალხს ეხმარებიან“, – მეუბნება მძღოლი.
– იცით, თურმე ამ ახალგაზრდებს ზოგიერთი ტაქსის მძღოლი მომსახურებაზე უარს ეუბნება, – ვეუბნები მე. – რაო?! (მოტრიალდა)
– დიახ, ასე ამბობენ… ამ დროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართველად გამზადებული ახალგაზრდების ჯგუფი დაინახა და მანქანა გააჩერა. გადმოვიდა, მიუახლოვდა მათ, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და ერთ-ერთს მისცა. მოტრიალდა, მანქანაში ჩაჯდა თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მივხვდი, ტელეფონის ნომერი მისცა, სადაც ალბათ უანგარო მომსახურებას სთავაზობდა“, – წერს ინგა ქვარცხავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები