ორგანიზმი, რომელსაც 720 სხვადასხვა სქესი აქვს  – ჟურნალისტი “უცხოპლანეტელი” სოკოს შესახებ

ეკატერინე ლომიძე სამყაროში არსებული უცნაური ორგანიზმის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ არსება, რომელიც ჩვენს გარშემო ფართოდ არის გავრცელებული კანონზომიერების “ჩარჩოს” სცდება – სინამდვილეში, არც ცხოველია, არც მცენარე, არც სოკო და დღემდე მეცნიერების გაოცებას იწვევს:

“ამბავი, რომელსაც უცხოური მედიიდან ამოკრეფილი ინფორმაციის მიხედვით მოგითხრობთ, კიდევ ერთხელ მიმყარებს აზრს, რომ სამყაროში ყველაფერი არსებობს, რისი გაფიქრებაც კი ადამიანის ტვინს შეუძლია. უცნაური არსება, რომელსაც ფოტოზე უყურებთ, ფანტასტიკის ჟანრის კინოს “გმირი” გეგონებათ, თუმცა ის ნამდვილად არსებობს და 2019 წელს, პარიზის ზოოპარკმა გააცნო მსოფლიოს.

„ბლობი“ (Physarum polycephalum) იმდენად უცნაური ორგანიზმია, რომ ბიოლოგების „კოშმარსაც” კი უწოდებენ, კლასიფიკაციის არანაირ სტანდარტულ ჩარჩოებში არ ჯდება. არც ცხოველია, არც მცენარე და არც სოკო, თუმცა სამივეს თვისებებს ატარებსო. არ აქვს ტვინი, თვალები, პირი და კუჭი, თუმცა საკვებსაც პოულობს, შთანთქავს და ინელებს კიდეც. ტვინიც არ აქვს. ხო, არ აქვს, მაგრამ ხელს არ უშლის ინფორმაცია მიიღოს, დაამუშავოს, ისწავლოს და გადასცეს კიდეც. შედეგად ლაბირინთში საკვებამდე მიმავალ უმოკლეს გზას პოულობს და თუ მეორე მისნაირთან შეერთდა, ინფორმაციებს გადასცემენ ერთმანეთს. რეგენერაციის საოცარი უნარი აქვს, თუ შუაზე გაჭრიან, ორ წუთში გამთლიანდება და განაგრძობს სიცოცხლეს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, დაახლოებით 720 სხვადასხვა სქესი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ბლობი შეიძლება რამდენიმე კვადრატულ მეტრზე გავრცელდეს, ის მხოლოდ ერთი გიგანტური უჯრედია. მაშინ, როცა ადამიანის ორგანიზმი მილიარდობით უჯრედისგან შედგება, რომელთაც თითო ბირთვი აქვთ. ბლობის ერთი გარსის (მემბრანის) შიგნით მილიონობით ბირთვი დაცურავს.

მოკლედ, ის მიეკუთვნება მიქსომიცეტების (ლორწოვანი სოკოების) კლასს და არც ტვინი აქვს, მაგრამ მშვენივრად ახერხებს გადააგილდებას. როგორ? ციტოპლაზმური ნაკადის სახით. მისი სხეულის შიგნით სითხე (ციტოპლაზმა) წინ და უკან. წუთში ერთხელ მოძრაობს ტალღისებურად. საკვების სუნს რომ გრძნობს, ტალღები ჩქარდება და ორგანიზმი იმ მიმართულებით „მიედინება“, სადაც “საკბილო” (კბილებიც არ აქვს) ეგულება.

არ აქვს კუნთები, თუმცა იყენებს ცილებს (აქტინს და მიოზინს), რომლებიც ადამიანის კუნთებშიც გვხვდება.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: საკვები (შვრიის ფანტელები) ისევე განათავსეს, როგორც იაპონიის ქალაქებია განლაგებული ტოკიოს გარშემო. ბლობმა საკვებს შორის კავშირების დამყარება დაიწყო და 26 საათში შექმნა თითქმის ტოკიოს რკინიგზის სისტემის იდენტური ქსელი. ეს ყველაფერი შეძლო ყოველგვარი ცენტრალური მართვის გარეშე, მხოლოდ ეფექტურობის პრინციპით (მინიმალური ენერგია – მაქსიმალური შედეგი).

აქვს სწავლის უნიკალური მეთოდი: ჩვევა (Habituation)

შეუძლია ისწავლოს ისეთი რამ, რასაც მეცნიერები ჰაბიტუაციას უწოდებენ. ბლობსა და საკვებს შორის დადეს ხიდი, რომელიც დაფარული იყო კოფეინით ან მარილით (რაც სძულს). თავიდან საათობით ყოყმანობდა, თუმცა შიმშილმა აიძულა გადაეკვეთა ხიდი. რამდენიმე დღის შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს ნივთიერებები უსაფრთხოა და ხიდზე ისევე სწრაფად გადადიოდა, თითქოს იქ არაფერი ყოფილიყო.

720 სქესი დაუჯერებლად მოგესმათ?

ბლობი მრავლდება სპორების მეშვეობით. მისი „სქესი“ განისაზღვრება სამი გენეტიკური ადგილით (ლოკუსით): matA, matB და matC. თითოეულ მათგანს აქვს მრავალი ვარიაცია. ბლობი რომ „შეჯვარდეს“, უნდა ჰქონდეს განსხვავებული ვარიაციები ამ ლოკუსებზე. ეს სისტემა უზრუნველყოფს უდიდეს გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რაც გადარჩენაში ეხმარება.

ხო, ყველაზე საინტერესოა უკვდავების საიდუმლო.

ბლობს თუ დაჭრით, არ კვდება, წარმოქმნის ორ დამოუკიდებელ, ცოცხალ ერთეულს. თუ ამ ნაწილებს ისევ გვერდიგვერდ დადებთ, შეერთდებიან და კვლავ ერთ ორგანიზმად იქცევიან.

რას ჭამენ, ან ადამიანს რა შეიძლება დაუშავონ? იმის გამო, სწორედ საშინელებათა ფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს, ამ უცნაური არსების გაცნობისთანავე ყველას უჩნდება კითხვა, რა შეიძლება დაგვიშავონ? ფილმიდან “ბლობი” ხომ ყველაფერს ანადგურებს და შთანთქავს?!

რას ჭამს ბლობი?

ბუნებაში ძირითადად „სანიტარის“ როლს ასრულებს. იკვებება სხვა ორგანიზმების ნარჩენებისგან. ბაქტერიები და სოკოები მისი მთავარი რაციონია. პოულობს მიკროორგანიზმებს ტყის ნიადაგზე, დამპალ ხეებზე ან ფოთლებზე და შთანთქავს მათ. მიირთმევს ყველა ორგანულ ნარჩენს. რაც იხრწნება, ბლობისთვის საკვებია.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბლობს ყველაზე მეტად შვრიის ფანტელები (ჰერკულესი) უყვარს. სწორედ შვრიის გამოყენებით ატარებენ ექსპერიმენტებს ლაბირინთებში, რადგან მისი სუნი ბლობს ძალიან იზიდავს.

შეუძლია თუ არა ადამიანს რაიმე დაუშავოს?

მეცნიერები გადაჭრით ამბობენ, რომ არა, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

არ არის შხამიანი. ბლობი არ გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც ადამიანს ან შინაურ ცხოველს ავნებს.

არ არის პარაზიტი. ის არ სახლდება ცოცხალ ორგანიზმებში. მას მხოლოდ მკვდარი ორგანული ნივთიერებები აინტერესებს.

არ კბენს. არ აქვს კბილები ან სხვა საშუალება ფიზიკური ზიანის მოსაყენებლად.

შეიძლება გამოიწვიოს ალერგია: ერთადერთი პოტენციური საფრთხე შეიძლება იყოს მისი სპორები (გამრავლებისას), რამაც ძალიან მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება მსუბუქი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ისევე როგორც ჩვეულებრივმა მტვერმა ან ობის სოკომ.

მიუხედავად იმისა, რომ 1958 წლის ფილმში “The Blob” უცხოპლანეტელი არსება ადამიანებს ყლაპავდა, რეალური ბლობი ძალიან „მოკრძალებულია“. თუ მას შეეხებით ან სინათლეს მიანათებთ, შეიკუმშება და შეეცდება „გაიქცეს“ (ძალიან ნელა, რა თქმა უნდა).

მოკლედ, ბლობი წარმოუდგენლად საინტერესო არსებაა და მისი დახმარებით მეცნიერები ნამდვილი რევოლუციის მოხდენას აპირებენ. თუ გაინტერესებთ, ამ კუთხითაც მოგიმზადებთ ტექსტს. თქვენ, უბრალოდ გამოხატეთ ინტერესი, მოწონებით და გაიზიარებით.

2019 წელს კი გაგვაცნეს, მაგრამ რამდენი წლის შეიძლება იყოს, იცით? ვერც წარმოიდგენთ.

ორგანიზმების ასაკი დგინდება ორი გზით: ნამარხების მოძიებით და მოლეკულური საათის მეთოდით (გენეტიკური ანალიზით). რაც შეეხება ბლობის, გენეტიკური კვლევების თანახმად, ლორწოვანი სოკოები (მიქსომიცეტები) დედამიწაზე დაახლოებით 600-დან 1 მილიარდ წლამდე პერიოდში გაჩნდნენ.

ჰო, არ მოგესმათ. მაშინ, როდესაც დინოზავრები გამოჩნდნენ დაახლოებით 230 მილიონი წლის წინ. პირველი მცენარეები ხმელეთზე გამოჩნდნენ 470 მილიონი წლის წინ.

თანამედროვე ადამიანი (Homo sapiens) მხოლოდ 300,000 წლისაა.

ბლობი დედამიწაზე იმაზე ბევრად ადრე იყო, ვიდრე ცხოველების ან მცენარეების უმრავლესობა. ის გადაურჩა ხუთ დიდ გადაშენებას, მათ შორის იმ კატასტროფასაც, რომელმაც დინოზავრები იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ბლობის ზუსტი ასაკსი დადგენა, როგორც ამბობენ, რთულია, რადგან ბლობს არ აქვს ჩონჩხი, ნიჟარა ან ხეშეში გარსი. ცხოველებისგან განსხვავებით, რომელთა ძვლებიც ქვავდება, ბლობი რბილი, ლორწოვანი მასაა, რომელიც სიკვდილის შემდეგ კვალს თითქმის არ ტოვებს.

მეცნიერებმა იპოვეს ქარვაში (გახმობილ ფისში) გაყინული ლორწოვანი სოკოები, რომლებიც 100 მილიონი წლისაა და ისინი თითქმის არ განსხვავდებიან დღევანდელი ბლობისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლობმა იპოვა იდეალური გადარჩენის სტრატეგია და მილიონობით წელია აღარ იცვლება.

უკვდავია? ზუსტ პასუხს ვერსად წავაწყდი, რადგან

ლაბორატორიაში თუ მუდმივად აწვდიან საკვებს და ტენიანობას, ის თეორიულად შეიძლება მარადიულად ცოცხლობდეს. არ ბერდება იმ გაგებით, როგორც ჩვენ.

ბუნებაში: როდესაც გარემო პირობები უარესდება, ის „იძინებს“ (ხმება). ამ მდგომარეობაში შეუძლია 30-40 წელი გაძლოს და წყლის მოხვედრისთანავე რამდენიმე საათში გაიღვიძოს. შესაბამისად, რთულია ვთქვათ, რამდენი წლისაა კონკრეტული ბლობი, რომელსაც ტყეში იპოვით — ის შეიძლება იყოს რამდენიმე დღის, ან რამდენიმე ათეული წლის „გაღვიძებული“ უჯრედი.

შეიძლება თუ არა საქართველოშიც ცხოვრობდეს? კი ბატონო. ბლობი ჩვენი ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ეხმარება ტყეს მკვდარი ხეების გადამუშავებაში და ნიადაგის განოყიერებაში. როგორ უნდა ამოვიცნოთ? დააკვირდით დამპალი ხის მორებს ან სველ ფოთლებს. ბლობი ჰგავს კაშკაშა ყვითელ ქაფს ან გადმოღვრილ კვერცხის გულს. არ აქვს მკაფიო ფორმა და შეიძლება ვენების მსგავსი ქსელით იყოს გადაჭიმული ზედაპირზე. თუ რამდენიმე საათის შემდეგ დაუბრუნდებით, შეამჩნევთ, რომ ფორმა ან ადგილმდებარეობა შეიცვალა.

საქართველოში ბლობის „აქტიური სეზონი“ გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც ხშირია წვიმები და ჰაერი ნესტიანია. ზაფხულის სიცხეში ის ჩვეულებრივ ხმება და გადადის „ძილის რეჟიმში“, რათა გადარჩეს. ზამთარში კი ყინვისგან თავის დასაცავად ნიადაგის სიღრმეში ან ხის ქერქის ქვეშ იმალება.”, – მოგვითხრობს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები