“ოე, ოე, მსოფლიო, გუშინ რომ “შარლი ებდო” იყავი, ახლა რატომ არა ხარ ის ასირიელი თვალებდათხრილი ბავშვი”?
ოე, ოე, მსოფლიო, გუშინ რომ “შარლი ებდო” იყავი, ახლა რატომ არა ხარ ის ასირიელი თვალებდათხრილი, ყელგამოღადრული და თვალცრემლიანი ბავშვი? ახლა რატომ არ დგები ფეხზე, დემოკრატიულო ევროპავ? ფუი, რა ფარსია ყველაფერი, ვიღაცის ბიზნეს-ფინანსურ ინტერესებს “ოლდეის ულტრასავით” ამოდებული… გვაფრთხილებდა ბებერი აზია – დამაყენეთ ჩემი ჩადრის ქვეშ, ჩემი ფასეულობებით, დაე, ვიყო თქვენთვის ბნელიო, მაგრამ, დააყენა ვინმემ? იმდენი უჩხიკინეს მუსლიმანურ სამყაროს, სანამ ბოროტი ჯინი არ გააღვიძეს! რა ნიშანდობლივია ჟან ბოდრიარის კარგა ხნის წინ დაწერილი ესეი, სახელწოდებით “გლობალურის ძალადობა” და როგორი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა დღეს, აქ და ახლა! ბოდრიარი წერდა: ” ამ კაცობრიობას აღარ აქვს რაიმენაირი დასრულებულობა. თავისუფალი ძველი მტრებისგან, კაცობრიობამ უნდა შექმნას მტრები შიგნიდან, რაც ფაქტობრივად წარმოშობს არაჰუმანური მეტასტაზების ფართე ნაირსახეობებს.
სწორედ აქედან მომდინარეობს გლობალურის ძალადობა. ის არის სისტემის პროდუქტი, რომელიც ბოლომდე მისდევს და დევნის ნეგატიურობისა და სინგულარულობის ყველა ფორმას… უმჯობესია ამ გლობალურ ძალადობას ვუწოდოთ გლობალური საშიშროება. ძალადობის ეს ფორმა, მართლაც, ვირუსულია. ის მოძრაობს ინფექციის გავრცელების გზით, ვრცელდება ჯაჭვური რეაქციით და თანდათანობით ანგრევს იმუნურ სისტემას, სპობს ჩვენს შესაძლებლობას მას წინააღმდეგობა გავუწიოთ”. – სწორედ, ეს არ ხდება ახლა? ახლაც ბნელი და უკუნი საუკუნეა, ქრისტიანებს თავებს რომ კვეთენ? დავიჯერო მსოფლიო საზოგადოებას არ შეუძლია ამ ხოცვა-ჟლეტას წინ აღუდგეს? ამ საშინელი კადრების შემხედვარე ასკვნი, რა ცოდვის “წუპაი და წუპწუპაი” აწვიმს კაცობრიობას და როგორი მხეციც იყო პირველყოფილი ადამიანი, იგივე ნადირია 21-ე საუკუნეშიც! მეცნიერები ადრე თუ მაიმუნისაგან ადამიანის წარმოშობის დამადასტურებელ ფაქტებს იკვლევდნენ, ახლა ადამიანში შერჩენილი ადამიანობის კვალი აქვთ საძიებელი!
ავტორი: თამარ ბოლქვაძე