„1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის” კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ნიშნავს „მწვანე პასპორტი”.
„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
“მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ “მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.