ნუ ვიქნებით მხოლოდ ამბიციურები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება

რეგიონული თეატრების ფესტივალი, პირველ ყოვლისა, თეატრებს შორის გამოცდილებათა გაზიარების საუკეთესო საშუალებაა, ამავდროულად თეატრების ახალი თაობის მსახიობები სწორედ ფოთში ხვდებიან და ეცნობიან ერთმანეთს. ამის ნათელი დასტური იყო ოზურგეთისა და ფოთის თეატრების არა მხოლოდ ხელმძღვანელების, არამედ მსახიობთა გამოჩენა სხვადასხვა საფესტივალო წარმოდგენებზე ფოთის თეატრის დარბაზში. ეს ფაქტი, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ფესტივალის ინიციატორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ნინელი ჭანკვეტაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ თეატრების გულშემატკივრობა და სხვათა გამოცდილების, წარმატებისა თუ წარუმატებლობის გაზიარება მნიშვნელოვანი პროცესია. 11694941_809441582505150_7306742001541714380_n

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის საკმაოდ თამამი სპექტაკლით „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“ გაიხსნა, რომელიც ახალი ხელოვნების თეატრმა წარმოადგინა. მასში სულ ორი მსახიობი ანა მაქსიმი და მატეუშ მიკოლაიჩიკი მონაწილეობს. ახალგაზრდა მსახიობებმა გამოავლინეს მაღალი სათეატრო კულტურა და ფიზიკური მომზადება არტისტულ ნიჭიერებასთან ერთად. გამოჩენილი პოლონელი რეჟისორისა და დრამატურგის ადამ სროკას დაწერილი ტექსტის მიხედვით მსახიობები მოძრაობენ და სწორედ ამ მოძრაობით გადმოსცემენ არა მხოლოდ გრძნობებს და წუთიერ განცდებს, არამედ დამოკიდებულებებსაც ერთანეთის მიმართ. კონფლიქტი სწორედ ამ დამოკიდებულებების გარკვევაზეა აგებული. ორი პერსონაჟი, ქალი და მამაკაცი ერთ მთლიანობად აღიქმება, რომელშიც ადამიანის ორ საწყისს, ორ რადიკალურად განსხვავებულ მხარეს წარმოადგენს. დარიუშ ეჟერსკის სპექტაკლიც სწორედ ამ ორი პოლუსის ჭიდილს ეძღვნება. პოლონელების სპექტაკლში გამოვლინდა არა მხოლოდ ამ ქვეყნის თეატრის მაღალი საშემსრულებლო დონე, არამედ სარეჟისორო ხელოვნების აზროვნების მასშტაბი.

ფესტივალის მეორე დღე აფხაზეთის თეატრებს დაეთმო. ჯერ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლი  „ჯარისკაცი იყო ერთი“ (ამერიკელი დრამატურგების ალბერტ მალცისა და უილიამ საროანის პიესების მიხედვით), ხოლო შემდეგ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულმა თეატრმა აჩვენა ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ დავით საყვარელიძის რეჟისურით.

სპექტაკლზე „ჯარისკაცი იყო ერთი“ რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძესთან ერთად სცენოგრაფმა ჯეირან ფაჩუაშვილმა იმუშავა, რომელმაც სპექტაკლში დატრიალებული ატმოსფეროს შესაქმნელად მონუმენტური დეკორაცია გამოიყენა, რომელიც გალიისებრი, გამჭირვალე კედლებისაგან შედგება. მსახიობების მიერ შექმნილი არტისტული სახეებისგან გამოირჩეოდა კახა ჭოლაძის ჯერალდ ჰიქსი და ექთანი თომსონი, რომლებმაც თავიანთი მართალი სცენური სიცოცხლით დაამახსოვრეს მაყურებელს თავი.10981702_809430172506291_8228903954169422985_n

დავით საყვარელიძის მიერ ლაშა ბუღაძის რადიოპიესის „ნავიგატორი“ (BBC -ის რადიოპიესების კონკურსში გამარჯებული) დადგმული სპექტაკლი ჩვენს თანამედროვე ყოფას და მკაცრ რეალობას ეფუძნება. დავით საყვარელიძე ხატავს ტრაგიკულ პერსონას, რომელიც საზოგადოებისგან გაუცხოებული ადამიანია და ვირტუალურ სივრცეში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე არსებულ რეალობაში. მთავარ გმირს ბადრი ბეგალიშვილი პროფესიონალურად ასრულებს, რომელშიც ნათლად იგრძნობა გაუცხოებაც, სევდაც და ვირტუალური სამყაროთი გატაცებაც. მთავარი გმირი საზოგადოების კრებითი სახეცაა, რომელიც ცხოვრების რუტინას გაურბის და პარალელურად ცდილობს ძლიოს შინაგან კომპლექსებს. ამიტომაც არის ის კარჩაკეტილი, ყველასგან გაუცხოებული და სხვების წარმოსახვაში უცნაური. ბადრი ბეგალიშვილის გმირი ნავიგატორთან ნახულობს საერთო ენას და მათ შორის გრძნობაც კი ჩნდება. ეს „რეალობა“ კი ყოველგვარ ტექნიკურ პროგრესს სცდება და სპექტაკლიც ტრაგიკული ფინალით სრულდება. მთავარ გმირს იმდენად გაიტაცებს ნავიგატორის ხმა, რომ ის ავარიაში ხვდება. დავით საყვარელიძის სპექტაკლი დახვეწილი სათეატრო ხერხების გამოყენებით გამოირჩევა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ სიყალბეს. რეჟისორმა მოქმედება ვარდების რევოლუციამდელ პერიოდში გადაიტანა, რითაც ხაზი გაუსვა არსებული პროცესების დასაბამს და  ევოლუციის დღევანდელ შედეგს.  

ჩვენში, საბედნიეროდ, რამდენიმე სათეატრო ფესტივალი და თეატრალური კონკურსი არსებობს, რომელთაც განსხვავებული მიმართულებები და ფუნქციები აქვთ. 10985943_857370881014596_9202568740300497983_nრეგიონული თეატრების ფესტივალი ფოთში ერთადერთია, რომელშიც ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ სათეატრო ფესტივალებსა და კონკურსებს შორის (თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა ე.წ. Show Case, კომედიის ფესტივალი გორში, თეატრალური პრემია „დურუჯი“), რომელშიც სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, სენაკის თეატრი კრიტიკოსებისგან ინფორმაციულ ვაკუუმშია, შესაძლოა თეატრი მართავს პრემიერებს, მაგრამ ამის შესახებ ფართო სათეატრო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. ფოთში მიმდინარე ფესტივალის დამსახურებაა, რომ ფართო სათეატრო საზოგადოება გაეცნო სენაკის თეატრის მორიგ ნამუშევარს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი ადამიამ ფესტივალზე საპრემიერო სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ წარმოადგინა. თაბუკაშვილის პიესები დღემდე იწვევს გარკვეული რეჟისორებს ინტერესს. ასე მოხდა სენაკის თეატრის რეჟისორის შემთხვევაშიც, რომლისთვისაც აქტუალურია ადამიანების გამოთაყვანების, მოთვინიერების  პროცესი. ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, ფოთის ქუჩებში გაკრული პლაკატების სახელწოდებით „შენ ხარ გამოტელევიზორებული“ ფუნქციური მნიშვნელობა უფრო 11751822_882864805095906_1127489486_oსაყურადღებო გახდა. როგორც ჩანს გამოთაყვანების პროცესი დღესას გრძელდება, მთავარია, რამდენად ძლიერი იქნება საზოგადოება, რომ მოთვინიერებას არ დაექვემდებაროს. ე.წ. მასა, რომელიც საზოგადოების დიდ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ ნაწილს წარმოადგენს, არის ძლიერი და მის ცნობიერებაზე კვლავაც მუშაობენ.

მომდევნო საფესტივალო წარმოდგენით მაყურებლის წინაშე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრი წარსდგა. სპექტაკლის „ჯაყო“ ავტორი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, რომელმაც მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ახლებური და რადიკალურად განსხვავებული სცენური ვერსია შემოგვთავაზა. გოჩა კაპანაძის სპექტაკლში გამოჩნდა ცხინვალის ქართული თეატრის ახალი თაობა, რომელიც პერსპექტივაში იმედის მომცემია. ახალგაზრდა მსახიობები სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ, რაც მათთვის რთული ამოცანა გახლავთ. მსახიობები რამაზ ხომასურიძე, რეზი გიორგობიანი, თინათინ კობალაძე შეძლებისდაგვარად ცდილობენ ამ პრობლემების გადაჭრას. რამაზ ხომასურიძის ჯაყოს შარმი და მომხიბვლელობა ნამდვილად აქვს, ის სულაც არ გახლავთ ვიზუალურად ისეთი, როგორსაც სხვა დადგმებში ვხდებოდით, მას პრობლემები სულში აქვს, რომელიც ჯერ დამალულია, ხოლო შემდეგ აშკარა და ხილული, სწორედ მისი თავაზიანობა წარმოდგენის დასაწყისში და ძალაუფლება ხიბლავს მარგოს და რა გასამტყუნია, რომ ის უარს ამბობს უსუსურ თეიმურასზე (რევაზ გიორგობიანი), რომელსაც არც უნარი აქვს კრიზისიდან თავის დაღწევის და არც ნება. ახალგაზრდა მსახიობი საინტერესოდ ახერხებს ჯაყოს ხასიათის ეტაპობრივ გამოვლენასა და გასაჯაროებას, რომელიც დასაწყისში მაცდური და მიმზიდველია, ხოლო ფინალში ის მონსტრად გადაიქცევა. რთული შინაგანი გარდატეხის პროცესი ხდება მარგო(ებ)შიც, მათ შორის განსხვავება არა მხოლოდ ასაკში, არამედ გამომეტყველებასა და გამოცდილებაშია. 11749251_883248021724251_1054591858_nსაინტერესო მხატვრული სახეა სპექტაკლში რეზი გიორგობიანი (თეიმურაზი). თეიმურაზი სპექტაკლში  უსუსური პერსონაჟია, ამიტომაც მსახიობი არ ცვლის არც ტონს და არც გამომსახველობით საშუალებებს. მის მიერ გმირის ხასიათოის გადმოსაცემად შერჩეული მონოტონური თამაშის რიტმი, ამ პერსონაჟის ასეთი გადაწვეტის არსებობას ამართლებს. სწორედ, ასე წარმოგვიდგენს სპექტაკლის ავტორი და მსახიობი თეიმურაზის-როგორც ინტელექტუალური საზოგადოების განზოგადებულ მხატვრულ პორტრეტს. საინტერესო მხატვრულ სახეებს და ტიპაჟებს ქმნიან სპექტაკლში მამუკა პავლიაშვილი (ნინაკა), ნელი სალარიძე (დიდედა თამარი) და ვაჟა ციცილოშვილი (ივანე). ცხინვალელის თეატრის  „ჯაყო“ საკამთო სპექტაკლია, რომელიც ტრადიციულ ჩარჩოებს და სტერეოტიპებს არღვევს, გოჩა კაპანაძემ საპოლემიკოდ გამოიწვია არა მხოლოდ სათეატრო საზოგადოება, არამედ მაყურებელიც, რომელიც სპექტაკლის ფათოსს იდეურად ეთანხმება, მაგრამ რეალობა გაცილებით სხვაა. სავალალო და  მტკივნეული, მით უმეტეს, მაშინ, როცა სპექტაკლის გმირის მსგავსად, ჯაყო მცოცავი ოკუპაციის სახით ჩვენს სახლში მოიწევს, ხოლო მარგო (სიმბოლურად ჩვენი ქვეყანა) სპექტაკლის პათოსისგან განსხვავებით დანას კი არ უსმევს ჯაყოს ხელში, არამედ არც იმჩნევს, გაპროტესტებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, დღეს საზოგადოების მასური ცნობიერების ნაწილი  თეიმურაზია, რომელსაც არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ჯაყოს. მარგო კი ჩვენი საოცნებო საქართველოა, რომელიც არავინ იცის ახდება, თუ არა.

ფესტივალის პროგრამის გამრავალფეროვნებაში განსაკუთრებული წვლილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ 11755646_10204636574300290_6599804251832885709_nმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლმა „უსამართლო ლომი“ შეიტანა. წარმოდგენილი სპექტაკლით ფესტივალმა გააფართოვა მაყურებლის აერეალიც. წარმოდგენას ფოთელი პატარა, მაგრამ ყველაზე ობიექტური მაყურებელი ესწრებოდა. კობა ფაცურიას ინტერაქტიულმა სპექტაკლმა პატარა მაყურებლის მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატარა მაყურებელი სცენაზე ავიდა და თოჯინების დათვალიერება დაიწყო. ინდური ზღაპრის გასცენიურება პოეტ დალი თედორაძეს ეკუთვნის. სპექტაკლი ფერადი, მუსიკალური ნომრებით გაჯერებული და სასიამოვნო სანახავი იყო, რომელმაც უფროსი მაყურებელიც კი ბავშვობაში დააბრუნა.

გორის თეატრმა ფესტივალზე ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული, არავერბალური ტიპის სპექტაკლი წარმოადგინა. „საქსო Phone“ – ასე ქვია სოსო ნემსაძის სპექტაკლს, რომელშიც გორის თეატრის ახალგაზრდა და უფროსი თაობის მსახიობები ერთდროულად მონაწილეობენ. სასიხარულოა, რომ გორის თეატრს რეპერტუარში ამ ტიპის სპექტაკლიც აქვს, რადგან რეგიონებში არავერბალური წარმოდგენების დადგმას გასაგები მიზეზების გამო ერიდებიან. ერთი მხრივ სარისკოა, რამდენად მიიღებს რეგიონში მაყურებელი მსგავსი ტიპის წარმოდგენას, მეორე მხრივ კი პლასტიკაზე და სხეულის გამომსახველობით საშუალებებზე ორიენტირებული სპექტაკლები, დასის ფიზიკურ ფორმაში უწყობს ხელს. სხეულის ენით საუბარი კი თანამედროვე მსოფლიო სათეატრო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეტიუდების პრინციპზე აწყობილი სანახაობა ფოთში მაყურებელმა გულთბილად მიიღო და სასიამოვნო საღამოც გაატარა.

მორიგი საფესტივალო დღე ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს დაეთმო. უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის 10981443_857989464286071_943187400427135062_nწყალობით, ფართო საზოგადოებამ გაიცნო ხულოს თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს ხულოს თეატრს საგასტროლო ტურნე ჰქონდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მისი მონაწილეობა ფესტივალში ძალზე მნიშვნელოანი იყო. ხულოს თეატრმა ფოთში ნიკა საბაშვილის „თავშესაფარი“ წარმოადგინა. პიესის ავტორი თავად რეჟისორია, რომელიც საგანგებოდ ხულოს თეატრისთვის დაიწერა. სპექტაკლი ეფუძნება ცნობილ და უცნობ ეპიზოდებს თეატრალური სამყაროდან. თეატრი ვისთვის თავშესაფარი, ვისთვის სამსახური და ვისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ხულოს თეატრის არტისტები მაქსიმალურად შეეცადნენ წარმოეჩინათ არა მარტო თეატრის სამყარო კულისებით, ინტრიგებით, პრობლემებითა და წარმატებებით, არამედ საკუთარი შესაძლებლობებიც, ოცნებებიც კლასიკურ დრამატურგიასთან საჭიდაოდ.

ნიკოლოზ საბაშვილმა ხულოს თეატრის სპექტაკლში რეგიონის თეატრებისთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხიც დასვა. რეჟისორი მწარედ დასცინის Skypeით მომუშავე რეჟისორებს დედაქალაქიდან, როცა რეგიონებში მოწვეული რეჟისორები ინტერნეტით ატარებენ რეპეტიციებს, რომ ეს პროცესი შორს არის შემოქმედებითი პროცესისგან და როგორ არაპროფესიონალურად ექცევიან 11774513_883785001670553_475556940_nრეჟისორები რეგიონის თეატრის არტისტებს, როგორ ფარისევლობენ და ეპირფერებიან მსახიობებს. რეალურად, ჩვენს თეატრებშიც არსებობენ რეჟისორები, რომლებიც ორ კვირაში დგამენ სპექტაკლებს რეგიონის თეატრებში. ეს პროცესი კი გეგმიურ შესრულებას ჰგავს და არც ერთი მხარისთვის (არც რეჟისორისთვის და არც თეატრის დასისთვის) არ არის მომგებიანი და სასარგებლო, რადგან არ ხდება ძიების უმნიშვნელოვანესი პროცესი. საბედნიეროდ, არსებობენ რეჟისორები, რომლებიც რეგიონის თეატრებშიც ისეთივე გატაცებით და ინტერესით მუშაობენ, როგორც დედაქალაქის წამყვან თეატრებშიც. შედეგებიც ყოველთვის შესაბამისია. ამის საუკეთესო მაგალითია ვანო ხუციშვილის „მაკბეტი“ განხორციელებული ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში და ჩემდა გასაკვირად ამავე თეატრმა ფესტივალზე საჩვენებლად სხვა სპექტაკლზე გააკეთა არჩევანი. არჩევანის საკითხი, თუ რომელი სპექტაკლით უნდა მიიღოს მონაწილეობა თეატრმა ფესტივალზე ცალკე განხილვის თემაა და ამ საკითხს ჩვენ მომდევნო ბლოგში აუცილებლად მივუბრნდებით. მანამდე კი დავსძენ, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გარკვეულ თეატრებში გაცილებიტ უკეთესი მხატვრული ხარისხის სპექტაკლებია, ვიდრე მათ წარმოადგინეს ფესტივალზე. თუმცა წარმოდგენილი სპექტაკლები, უფრო რეალურად და ობიექტურად ხატავენ რეგიონის თეატრის სურათს, პრობლემებსა და შესაძლებლობებს.

მნიშვნელოვანი და გამორჩეული საფესტივალო საღამო გვაჩუქა თეატრმა „Teatr nowy w zabrzu“  პოლონეთიდან. მათ ურს ვიდმერის „ტოპ ძაღლები“ წარმოადგინეს გჟეგოჟ კემპინსკის რეჟისურით. სპექტაკლი სვამდა მეტად აქტუალურ პრობლემას, საკუთარი თავის რქმენა თანამედროვე სამყაროში დასაბრუნებლად და ხელახალი ადაპტაციისთვის. სპექტაკლი ტოპ მენეჯერების ცხოვრების იმ ეპიზოდს ეხება, როცა  ისინი თავისი კარიერის ზენიტში ყოფნისას დაითხოვეს სამსახურიდან. 11749718_884343731614680_1290866131_nმთავარი გმირები სარეაბილიტაციო კურსს გადიან და ერთმანეთს უყვებიან თავიანთ განვლილ გზას, იმ თვისებებს ხდიან ფარდას და ერთმანეთს აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომელთა გამოც, სავარაუდოდ, დაითხოვეს ისინი სამსახურიდან. თითოეული პერსონაჟი გმირია, დასრულებული მხატვრული სახე, რომელსაც მაღალი მხატვრული ოსტატობით წარმოგვიდგინეს პოლონელმა მსახიობებმა. გარდა ამისა, სპექტაკლმა აჩვენა მათი ფიზიკური მომზადების დონე, დახვეწილი მეტყველების კულტურა, განსაცვიფრებელი პლასტიკური მონაცემები, რიტმის და ჟანრის გრძნობა, რომელთა გამოისობითაც მათ შექმნეს არა მხოლოდ დასრულებული, მაღალი მხატვრული დონის სპექტაკლი, არამედ ენობრივი ბარიერის მიუხედვად, ფიზიკურად, უხვი გამომსახველობითი საშუალებების ზუსტი გამოყენებით, გვიჩვენეს ადამიანის სულში და ფსიქიკაში მომხდარი ძირეული ცვლები, მოვლენათა და ღირებულებათა გადაფასების პროცესი. იმედი მაქვს, პოლონელთა წარმოდგენაზე მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაყვება ფოთელ და არა მარტო მაყურებელს. ხოლო ფესტივალში მონაწილე დასებისთვის კი გააჩენს მოტივაციას უკეთესი მხატვრული ხარისხის მისაღწევად და ზოგიერთ თეატრს დააფიქრებს დრამატურგიის არჩევანში, მისცემს ბიძგს, უჩვენოს გზა, თუ რა მხატვრული პრობლემების გადაჭრას ლამობს ევროპული თეატრი, რა აღელევებს და რა თემებია დღეს აქტუალური. ამიტომაც, უმჯობესია ამ შემთხვევაში თეატრებმა გვერდით გადადონ დაუკმაყოფილებელი ამბიციები და ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილება გაიზიარონ. 

 

ლაშა ჩხარტიშვილი                                                                                                                                                                                                                                    

კომენტარები

სხვა სიახლეები