„ნუცა“: ბევრი მეუბნება, რომ თორნიკე გოგრიჭიანის ცოლს, ნინოს ვგავარ

სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ ახალგაზრდა ექიმის შოთა კიკნაძისა და მისი მეუღლის, ნუცას ცოლქმრული ცხოვრება ტრაგიკულად ვითარდება. ეს პერსონაჟი სერიალის მოქმედი გმირი არ არის, ის სხვების მეხსიერებაში ცხოვრობს და წარსულიდან დროდადრო ჩნდება. ამ იდუმალი ქალის როლს 24 წლის მსახიობი ანი ბებია თამაშობს.
როგორც მსახიობი „სარკესთან“ საუბარში აღნიშნავს, ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ პარტნიორობას მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი გაუწევდა.
„სერიალში კასტინგის საშუალებით მოვხვდი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ ეპიზოდური როლი ვითამაშე, „ფსიქოპატთა თამაშებში“ მთავარ როლს ვასრულებდი. სწორედ მაშინ მივეჩვიე ასეთ რეჟიმში ყოფნას. ამიტომ, ახლა არაფერი მიჭირს. თორნიკე ჩემთვის ძალიან კარგი პარტნიორია, დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან ნიჭიერია. გამიხარდა, რომ მისთვის უნდა გამეწია პარტნიორობა. გამოცდილი მსახიობია და ვიცოდი, ერთმანეთს კარგად ავეწყობოდით.
ძალიან ბევრი მეუბნება, რომ თორნიკეს ცოლს, ნინოს ვგავარ. სერიალის დაწყებამდეც ხშირად უთქვამთ, ნინო ქორიძეს როგორ გავხართო. ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, ალბათ, თვალებით და ქუთუთოებით ვგავართ.
ნინოს ვიცნობ, გადაღებებზე ხშირად მოდის და იქ გავიცანი. „ხელოვნურ სუნთქვაში“ შოთას და ნუცას ქალიშვილის, მელანოს პატარაობას თორნიკეს და ნინოს შვილი თამაშობს“, – აღნიშნავს ანი ბებია.
მსახიობის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი მეუღლის შეფასებაა.
„ყველაზე მეტად მეუღლის აზრი მაინტერესებს. ის რეჟისორია და, როგორც მას ესმის ეს სფერო, ნეტა ასე მე მესმოდეს. შეფასებებისას, ძირითადად, მეუბნება ხოლმე, რომ კარგია, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. რა თქმა უნდა, მინუსებზეც მიმითითებს, შემდეგ კი ვმუშაობ, რომ გამოვასწორო“, – ამბობს მსახიობი.
რაც შეეხება მისი გმირის, ნუცას ოჯახურ ურთიერთობებს, მსახიობი ფიქრობს, რომ მთავარი ოჯახში სიყვარულია.
„ჩემი აზრით, თუ ოჯახში სიყვარულია, ვინც უნდა ჩაერიოს, ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩემი და თორნიკეს გმირებისნაირი წყვილი ბევრი მინახავს“, – აღნიშნავს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები