მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ სასურველი მეორე ნახევრის შესახებ საუბრობს.
“ვფიქრობ, ქალი უნდა იყოს ქალური, ის უნდა ჰგავდეს ქალს და არა – არაქალს. ყველა ქალი არ არის ნაზი. ადრე ვფიქრობდი, რომ შინაგანი სამყარო იყო მთავარი, მაგრამ მას მერე, რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ასე არ არის. ქალთან ურთიერთობას იწყებ იმიტომ, რომ კარგად გამოიყურება. ვიზუალურ მხარეს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა შეიძლება, ვინც ჩემთვის ლამაზია, სხვისთვის სულაც არ იყოს ლამაზი. სექსუალური უნდა იყოს და არა – ვულგარული. ქალს რომ ყველაფერი უჩანს, არ მომწონს. მიუწვდომელი ქალები მომწონს, ყველა თვალსაზრისით. მიყვარს, როცა მისთვის ვიბრძვი და მიყვარს, როცა ქალი მაწვალებს”, – აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.
როგორც ინტერვიუში მომღერალი აღნიშნავს, იგი მეორე ნახევრისგან აუცილებლად მოითხოვს მოფრთხილებასა და მზრუნველობას.
“გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემს უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური – ერთად. რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემს ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი. პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს”, – აღნიშნავს მომღერალი.