ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც, ალფრედ ნობელის აზრით, შექმნილი აქვს “იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება”. ყოველწლიურად, შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ.
ამჯერად, გთავაზობთ 5 ნობელიანტი მწერლის ნამუშევარს, რომლებიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს:
“ბალახი მღერის“, დორის ლესინგი – ეს დორის ლესინგის პირველი, სანახევროდ ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც ავტორმა აღწერა, ერთი მხრივ, ქალის ბედი ჩაკეტილ, მკვეთრად პატრიარქალურ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი – რასობრივ დისკრიმინაციაზე აგებული ურთიერთობები, მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი.
“სირცხვილი”, ჯონ მაქსველ კუტზეე – ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან ”სირცხვილისთვის” მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.
“გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი”, ორჰან ფამუქი – ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი” ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: ”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა – რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი… როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა, ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: ”სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა”.
“დროშები მტვერში”, უილიამ ფოლკნერი – ეს ნამუშევარი უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ ”იოკნაპატოფას ოლქში” ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს – გამომცემლის დაჟინებით – ”სარტორისი” დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. ”დროშები მტვერში” – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.
“ზიდჰარტა”, ჰერმან ჰესე – ზიდჰარტა, ახალგაზრდა მამაკაცი, ტოვებს თავის ოჯახს, რათა იხილოს და შეიცნოს სიცოცხლის ჭეშმარიტება. ყველგან ეძებს მას, მაგრამ – ამაოდ. სასოწარკვეთილი ზიდჰარტა ყურს უგდებს მდინარის ხმას. მდინარის ბგერებში ნიშანს ამოიკითხავს და ხვდება, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია დიდი სატანჯველის, ცხოვრების უარყოფისა და მისგან განრიდების, რამაც, საბოლოოდ, სულიერი სიმშვიდე და ჭეშმარიტი თავისუფლება უნდა მოუტანოს. წლების შემდეგ, მასში იბადება ჭეშმარიტება და ხვდება, რომ ჭეშმარიტება სიყვარულშია, სამყაროს სიყვარულში.
“მოთხრობები”, თომას მანი – გამოჩენილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, თომას მანის შვიდტომეული მკითხველის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს მისი რომანებით: „ლოტე ვაიმარში“, „ბუდენბროკები“, „ჯადოსნური მთა“ და საუკეთესო მოთხრობების კრებულით, რომელშიც შესულია „სიკვდილი ვენეციაში“, „ტონიო კრიოგერი“, „ტრისტანი“ და სხვ.
“კლოუნის თვალთახედვა”, ჰაინრიხ ბიოლი – მთავარი გმირის – ჰანს შნირის „თვალთახედვა“ საკმაოდ საინტერესო გამოდგა რიგითი კლოუნის კვალობაზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს პროტესტი იმ გარემოს მიმართ, რომელშიც თვითონ ცხოვრობს. სხვათა შორის, პროტესტის ერთ-ერთი საგანი ჰანსის დედაა, რომელმაც ჰანსის და – ჰენრიეთე საზენიტო სამხედრო ნაწილებში გაისტუმრა, სადაც ის დაიღუპა. ჰანსმა ეს ამბავი ვერაფრით მოინელა…
“ჟამი ჩემი სიჭაბუკისა – ოთხი ცხოვრება”, რაბინდრანათ თაგორი – ინდოელი მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე, რაბინდრანათ თაგორი ინდოეთისა და ბანგლადეშის ჰიმნების ავტორი და ნობელის ლაურეატია. დაიბადა 1861 წლის 7 მაისს. ის ეკუთვნოდა ბენგალიელ ბრაჰმანთა ოჯახს, ანუ უმაღლესი სასულიერო კასტის წარმომადგენელი იყო. 1875 წლიდან ბეჭდავდა წერილებსა და ლექსებს. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე წერდა ნოველებსა და დრამებს. ამ ოჯახმა, რომელსაც დიდი დამსახურება ჰქონდა წარსულში, დიდი როლი შეასრულა თავისი ქვეყნის მომავალშიც. 1913 წელს აზიელ მწერალთაგან პირველს რაბინდრანათ თაგორს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში “ძალიან ღრმა, მგრძნობიარე, ორიგინალური და შესანიშნავი ლექსებისათვის, რომლებშიც დიდი ოსტატობითაა გადმოცემული მისი პოეტური აზროვნება, რომელიც, ავტორის თქმით, გახდა დასავლური ლიტერატურის ნაწილი”.
“სუნთქვის საქანელა”, ჰერტა მიულერი – ცნობილი გერმანულენოვანი რუმინელი მწერალი ქალის, ჰერტა მიულერის რომანში „სუნთქვის საქანელა“ აღწერილია მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში გერმანული წარმოშობის ტრანსილვანიელი რუმინელების ბედი საბჭოთა სტალინისტური რეჟიმის ქვეშ, კონკრეტულად კი, 17 წლის ბიჭის გზა საბჭოთა კავშირის გულაგამდე. რომანს საფუძვლად უდევს პოეტ ოსკარ პასტიორის, ასევე, თავად მწერლის დედის ცხოვრება და გამოცდილება. 2009 წელს ჰერტა მიულერი ნობელის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. რომანი „სუნთქვის საქანელა“ 2015 წელს პირველად გამოდის ქართულ ენაზე.
“ძვირფასი სიცოცხლე”, ელის მანრო – 2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია (მანრო მანამდეც არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იყო), გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით, თითქმის, ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო. „ძვირფასი სიცოცხლე“ – კრებული, რომელიც თოთხმეტი მოთხრობისაგან შედგება – სავარაუდოდ, ავტორის ბოლო წიგნია. 2013 წელს ელის მანრომ განაცხადა, რომ წერას თავს ანებებს.
წყარო: studentinfo.ge