ქალზე თავდასხმისთვის პიტბულის პატრონი დააკავეს (ვიდეო)

ნიუ იორკის პოლიციამ იმ პიტბულის პატრონი დააკავა, რომელიც მეტროპოლიტენში მგზავრ ქალს დაესხა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო, თვითმხილველმა გადაიღო.

მგზავრების გადმოცემით, ინციდენტი მას მერე დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ვაგონში ძაღლთან ერთად შევიდა და ქალბატონის გვერდით დაჯდა. ქალმა სთხოვა მას ძაღლი მისგან მოშორებით მოეთავსებინა. თხოვნამ ძაღლის პატრონის გაღიზიანება გამოიწვია. ამ ორ მგზავრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ძაღლი ქალის ფეხსაცმელს კბილებით წვდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში აღარ უშვებდა. ქალი ცდილობდა ძაღლის მოშორებას, მაგრამ ამაოდ. თვითმხილველი მგზავრი, რომელმაც ინციდენტი ვიდეოზე აღბეჭდა, აღნიშნავს, რომ ვაგონში სრული ქაოსი სუფევდა, მართალია მეპატრონე ცდილობდა პიტბულისგან ქალი დაეხსნა, მაგრამ არც ერთხელ უთქვამს მას რაიმე მიმანიშნებელი სიტყვა ან არ მიუცია შესაბამისი ბრძანება. ქალმა გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ფეხსაცმელი გაიხადა, რომელიც ძაღლის მეპატრონემ ვაგონიდან გასვლის წინ მიუგდო.
მოგვიანებით კი ნიუ იორკის მეტროლოპილიტენის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა და დაგმო ამ ტრანსპორტით სარგებლობის წესების დარღვევა. მისი თქმით, მეტროპოლიტენში აკრძალულია არა მოსამსახურე ცხოველების გადაყვანა სპეციალური კონტეინერების გარეშე და მგზავრებისთვის დისკომფორტის მიყენება. მისი განცხადებით, ის რაც ვიდეოზე იყო აღბეჭდილი სწორედ მგზავრების შეწუხების და წესების დარღვევის მკაფიო მაგალითია.
ნიუ იორკის პოლიციამ ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ქალბატონი სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა პიტბულის, წესების დამრღვევი პატრონის მიმართ სავარაუდოდ საჯარიმო სანქციები იქნება დაწესებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები