სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალების” ეპატაჟური წამყვანი მიმი ხშირად შეუდარებიათ ინგა გრიგოლიასთვის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ მშვიდი მაია ასათიანისთვისაც. რეალურ ცხოვრებაში მსახიობი ნინო ჭოლაძე საკმაოდ ძლიერი ქალბატონია. მეუღლესთან, მუსიკოს ზაზა ხუბუკელაშვილთან დაშორების შემდეგ ორ გოგონას ზრდის და უკვე რამდენიმე თვეა, მშობლიური ქუთაისიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
– ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, საბავშვოგასართობ თეატრში დავდიოდი და მაშინ მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი და მსახიობობა უნდა ამერჩია. ოჯახმაც ძალიან შემიწყო ხელი. ჩვენს სახლში ყველა მღეროდა, ბაფთიანი გიტარით, მათ შორის მეც. 12 წლის ვიყავი, როდესაც სოფიკო ჭიაურელს შემოქმედებითი საღამო გავუმართეთ, თან კოტე მახარაძეც ახლდა. მე სოფიკოს გმირებიდან ციცინოსა და ფუფალას ვასახიერებდი. მახსოვს, ბანკეტზე კოტე მამასთან მოვიდა და უთხრა, გეხვეწები, ეს ბავშვი გამატანე და ნინოსგან კარგი არტისტი დადგებაო. მამამ ვერ დამთმო, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა, მთელი ცხოვრება კარიერაში ხელი შეეწყო. არ ვიცი, რა მოხდებოდა, კოტე მახარაძეს რომ წამოვეყვანე თბილისში, არ მიყვარს წარსულში ქექვა, ბედის უკმაყოფილო არ ვარ.
– თბილისში სასწავლებლად ჩამოხვედი…
– ოთხი წელი ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში ნუკრი ქანთარიას ჯგუფში. ჩემი კურსელები იყვნენ ნიკა კუჭავა, გიორგი ზანგური, თეკო ჩუბინიძე… მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი, უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, უფროსი ქალიშვილი 6 თვის მყავდა. მომავალი მეუღლე მუსიკალურ სტუდიაში გავიცანი ქუთაისში, ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერის დროს. თბილისში ერთად ვცხოვრობდით, შვილი ოთხი წელი ჩემ გარეშე ქუთაისში ჩემს დასა და სიძესთან იზრდებოდა. ამის გამო, ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები. მეორე გოგონა რომ გავაჩინე, უკვე 26 წლის ვიყავი. თეატრალურის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დავბრუნდი და მესხიშვილის სახელობის თეატრში მივედი. პირველი იყო კიტის როლი ”ანა კარენინაში”, რასაც ბევრი საინტერესო სახე მოჰყვა. ჩემი უფროსი ქალიშვილის თხოვნით, სექტემბრიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად.
– მეუღლეს დაშორებული ხარ?
– დიახ, ერთად 13 წელი ვიცხოვრეთ.
– ”ჩემი ცოლის დაქალებში” როგორ მოხვდი?
– ეკა მჟავანაძემ დამირეკა, რომელსაც ჩემი ფოტოები ჰქონდა. მითხრეს, რომ ჩემი გმირი ხანგრძლივად იქნებოდა სერიალში. მანამდე თოქშოუების მაყურებელი არც ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მქონდა შიდა სამზარეულოზე. არც ჭორაობა მიყვარს. ბავშვებს გაუხარდათ, დედა რომ ამ სერიალში მიიწვიეს, ძალიან მგულშემატკივრობენ.
– მიმიკები, ინტონაცია, გარკვეული წვლილი შენც მიგიძღვის მიმის გმირის შექმნაში.
– პირდაპირ არასოდეს მინახავს სერიალი. ღამე, ოთხ საათზე მარტო ვუყურებ და ვცდილობ, ისეთი რაღაცები აღმოვაჩინო, რისი გამოსწორებაც შემიძლია. მანამდე არასოდეს მქონია კამერასთან მუშაობის გამოცდილება, ჩემს დროს თეატრალურში არ გვქონდა ამის ფუფუნება, არადა, დრამისა და კინოს მსახიობის დიპლომი მაქვს. მახსოვს, გადაღებების პირველ დღეს ძალიან ვინერვიულე, მაგრამ არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავს – აჩიკო და ლელა, რეჟისორები და ძალიან გამიადვილდა ყველაფერი.
– ცხოვრებაშიც იქნებოდი შენი გმირისნაირი ძლიერი?
– არ ვთვლი, რომ მიმი ძლიერია, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. ის სჭირდებათ და მან ეს იცის. ეს ძალიან კარგი თვისებაა (იცინის), მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულ ტელეწამყვანს ჰგავს.
– ამბობენ, რომ რაღაცები ნანუკა ჟორჟოლიანისგან არის აღებული, ინგა გრიგოლიასა და მაია ასათიანისგანაც კი…
– ხანდახან მათი თოქშოუებიც ერთმანეთს ჰგავს და ასეა ჩემი თოქშოუც (იცინის). კოპირება არ გვაქვს გაკეთებული, მაგრამ მართლა ნაკრებია. არ ვუყურებ მათ თოქშოუებს, რადგან მეშინია, ვინმეს რამე არ მოვპარო და ამით გული არ ვატკინო.
– სოციალურ ქსელში რამდენიმე ჟურნალისტი სცენარისტს გაუნაწყენდა, ჟურნალისტები რეალურად ასეთები არ არიანო.
– კინო და თეატრი ისეთი ადგილია, სადაც შეიძლება, რაღაც გაბუქებულად გავაკეთოთ და შენი პატარა შეცდომა გამოგასწორებინოთ. ეს არ უნდა იყოს ვინმესთვის საწყენი. თუ არ მოგწონს, რატომ აიგივებ საკუთარ თავთან. არ დაგიმალავთ და რამდენჯერმე ისეთი გაოგნებული ვიყავი, როდესაც ჩემზე კითხულობდნენ, მართლა ასეთი ვიყავი თუ არა ცხოვრებაში. მიხარია, რომ ისეთი მაგარია სცენარისტი, რომ სერიალსა და რეალობას ვერ ასხვავებენ.
– ახლა შენც გიწევს ჟურნალისტებთან შეხვედრა და პირად ცხოვრებაზე კითხვებს როგორ არიდებ თავს?
– თუ რაღაცის თქმა არ მინდა, ამას პირდაპირ გეტყვი, თუ გამომტეხავ, მაშინ პროფესიონალიზმში ათიანს დაგიწერ (იცინის). საერთოდ, როდესაც თოქშოუს ფორმატი იცი და იქ მაინც მიდიხარ, არ იცი, რას გკითხავენ? არ მოგწონს რამე და დატოვე გადაცემა და ჩააგდე შოუ, რა პრობლემაა.
– სერიალის გმირებს ხშირად ამსგავსებენ რეალურ მსახიობებს, შენზეც ამბობენ, რომ მიმის ჰგავხარ.
– გეთანხმები, თეატრშიც ასეა. რადიკალურად შეცვლა წარმოუდგენელია. მაშინ ისეთი გრიმი უნდა გქონდეს, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდე. შეიძლება, მეც მაქვს ისეთი თვისებები, როგორიც მიმის, მაგრამ წინა პლანზე არ გამომაქვს, მისგან განსხვავებით.
– ამბობ, რომ თუკი პირადზე საუბარი არ სურთ, ადამიანები ყვითელ გადაცემებში არ უნდა წავიდნენ. არც შენ საუბრობ პირადზე.
– ჭორაობის დონეზე არ მიყვარს, თორემ რაც სათქმელია, რატომ უნდა დავმალო. ჩემი ყოფილი ქმარი თბილისში ცხოვრობს და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ შეიძლება, ერთად 13 წელი ცხოვრობდე და გაებუტო, გალანძღო ან სკანდალი მოუწყო. ეს უკვე საკუთარი თავის შეურაცხყოფა და დამცირებაა, მერე იმ ადამიანის.
– პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი ხომ არ გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?
– ვერ ვიტყვი, მაგას რომ დავაბრალო, მაშინ ჩვენი ოჯახი მალე უნდა დანგრეულიყო. არადა, ერთად საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდით.
– ხომ არ გეშინია, მომავალში კიდევ რომ გადადგა იგივე ნაბიჯი?
– არა, არ მეშინია, ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვდივართ (იღიმის).
– შვილებზე მოგვიყევი…
– მყავს 14 წლის მარიამი და 7 წლის ბარბარე. კარგი ბავშვები არიან. მათთან ერთად მარტო ვცხოვრობ და ძალიან მეხმარებიან. უფროსი პატარას უვლის.
– შენს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი რა არის?
– ძალიან მინდა კინოში გადაღება, როგორ შეიძლება, ეს ჩემი პროფესიის ადამიანს არ უნდოდეს…
წყარო: http://www.reitingi.ge