ნინა სუბლატი: „X-ფაქტორის“ Live – გადაცემებიდან არაფერი აღარ ამოიჭრება. რატომ არ გადიოდა ეთერში ნინას შეფასებების უმრავლესობა?
დღეს, 22 საათზე, „X-ფაქტორის“ Live – კონცერტები იწყება. მზადების პროცესზე და პროექტის კონკურსანტებზე ჟურნალ „OK!“-ს ერთ-ერთი მენტორი ნინა სუბლატი ესაუბრა.
“ორი სკამის ტური ჩემთვის ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, დაძაბული იყო, რადგან ამ ტურში უკვე თავად ვმუშაობდი კონკურსანტებთან, მოვახერხე მათი, როგორც არტისტების გაცნობა. უკეთესად გავიგე მათი მონაცემები, სურვილები და სამუშაო პროცესიც საკმაოდ კარგად წარიმართა. რაც შეეხება დარჩენილ მონაწილეებს, ვფიქრობ, ისინი საკმაოდ საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას შეძლებენ მაყურებლისთვის და მათ სიყვარულს და მხარდაჭერასაც მოიპოვებენ.
ნინა ყიფშიძე პროექტის პირველივე დღიდან ერთ-ერთ ძლიერ მონაწილედ სახელდება და ეს ნამდვილად ასეა. მას აქვს ძალიან მიმზიდველი, საუცხოო ხმის ტემბრი, საინტერესოდ გამოიყურება სცენაზე და რაც მთავარია, მისი შესრულება ყოველთვის გულწრფელია! ის მიეკუთვნება ისეთი არტისტების კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე, მინიმალური გაფორმებით კარგი და დასამახსოვრებელი ნომრის შექმნა. ნინა, როგორც კონკურსანტი, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, გემოვნებიანი ადამიანია და ვფიქრობ, ტურიდან ტურამდე მაყურებლის და მსმენელის გაოცებას შეძლებს.
Teen Gals უფრო მეტად პოპჟანრის გოგონების ჯგუფია, რომლებსაც სიმღერასთან ერთად ცეკვაც არაჩვეულებრივად გამოსდით და ამაში მაყურებელი პირველივე Live- კონცერტზე დარწმუნდება. გოგოების კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი მათი გარეგნული მონაცემების თანხვედრაა. ისინი ფანტასტიკურად გამოიყურებიან ერთად და ნელ-ნელა მათი სტილი გამოიკვეთება. დასაფასებელია, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში, თავადვე დგამენ ქორეოგრაფიას, ეს მათ შრომისმოყვარეობაზე მიგვითითებს და ასეთი ფაქტის არშემჩნევა არ შეიძლება”, – აღნიშნა ნინა სუბლატმა.
მენტორის თქმით, Live-კონცერტზე სანახაობა საკმაოდ საინტერესო იქნება. „მონაწილეებთან ერთად დიდ დროს ვატარებ და, აქედან გამომდინარე, ვიპოვე ისეთი დეტალები, რომელთა გამომჟღავნება მათთვისაც ხელსაყრელია და პროექტისთვისაც საინტერესო“, – ამბობს ნინა.
გარდა ამისა, მენტორი აღნიშნავს, რომ დღეიდან გადაცემებში არაფერი ამოიჭრება და მის შეფასებებს თუ კომენტარებს მაყურებელი სრულად მოისმენს.
„ჩემმა გულშემატკივრებმა და, ზოგადად, იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თუ ისე თვალყურს მადევნებენ, იციან, რომ ლაპარაკი ჩემი ნომერ პირველი ჰობია, სასაუბრო თემა კი, ყოველთვის მაქვს. ვლაპარაკობ ყველგან, ყოველთვის და თან ძალიან ბევრს. „X-ფაქტორის“ გადაცემის ჩაწერის დროს, ყველა მენტორი ვალდებულია, მონაწილე შეაფასოს, შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში, ვინც კი პროექტში გამოვიდა, ყველა შეფასებული მყავს და მინდა ვთქვა საკმაოდ ვრცლადაც. ჩაწერის შემდეგ გადაცემა მონტაჟდება, მონტაჟის შედეგად კი, რაღაცები იჭრება. ამიტომ თავს უკეთესად ვიგრძნობ, თუ ის წარმოდგენა ჩემზე, რომ არ ვსაუბრობ, გაქარწყლდება, რადგან გადაცემის მონტაჟთან მე არაფერი მაქვს საერთო. ვინც ამ საკითხით შეწუხებულია, დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ მომდევნო ორშაბათიდან Live გადაცემები იწყება, საიდანაც არაფერი იჭრება”, – განაცხადა სუბლატმა.
მენტორმა ასევე აღნიშნა, რომ “X-ფაქტორი“ არა მენტორების, არამედ მონაწილეების კონკურსია. „მე, როგორც მენტორს და დამოუკიდებელ არტისტს, დიდი სურვილი მაქვს, კონკურსი იმან მოიგოს, ვინც ყველაზე ღირსეული იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩემი კატეგორიიდან იქნება თუ – არა, მთავარია ნიჭი, შრომა და სურვილი იმის, რომ სწორად წარმართოს კარიერა პროექტის დასრულების შემდეგ. სწორედ ასეთ გამარჯვებულს ველოდები და რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიქნები, თუ ასეთი განსაკუთრებული ადამიანი ჩემი კატეგორიიდან იქნება“, – განაცხადა ნინა სუბლატმა.