ნინა სუბლატი: ცირა რომ გამეშვა პროექტიდან, მისი გულშემატკივრები გამაკრიტიკებდნენ

უკვე მეორე „ლაივკონცერტია“, ნინა სუბლატს უწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ დატოვებს პროექტს.
წინა ტური გაცილებით მტკივნეული იყო მენტორისთვის, ვინაიდან აუტსაიდერების ორივე მხარეს მისი კონკურსანტები იდგნენ. ამჯერად ნინას გაუადვილდა არჩევანის გაკეთება, რადგან მისმა კონკურსანტმა, ნინა ყიფშიძემ მაყურებლის გადაწყვეტილების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა.
– ნინა, უკვე მეორედ გადაწყვიტე კონკურსანტების ბედი. გამოდის, რომ შენ უშვებ პროექტიდან კონკურსანტებს, როგორ ხარ?
– ძალიან კარგად, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამჯერად ჩემი კატეგორიის მონაწილეს დაუჭირეს მხარი. ძალიან საინტერესო ნომერი ჰქონდა და მოხარული ვარ, რომ ის დარჩა პროექტში. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გავიდა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ რთულთან ერთად, ადეკვატურიც. ხმა მივეცი ისეთ მონაწილეს, რომელიც უფრო მეტად არის ჩამოყალიბებული, უფრო კარგად ესმის თავისი ჟანრი, რა წარადგინოს სცენაზე. ამ ყველაფერთან ერთად ცირა არის ის გოგო, რომელიც ამ პროექტის შემდეგაც დარჩება, რაღაც კარგს გააკეთებს და მაყურებელს ის აუცილებლად მოეწონება. რაც შეეხება „იქს ბოიზს“, იმის მიუხედავად, რომ, სამივე მათგანს ძალიან ვგულშემატკივრობდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი ბოლომდე დარჩებოდნენ პროექტში, ვფიქრობ, დრო სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მათ მაყურებლის გული მოეგოთ.
– რისი თქმა გინდა, ცალ-ცალკე რომ ყოფილიყვნენ არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებდი?
– არ მგონია. ალბათ მხარს მაინც იმ მონაწილეს დავუჭერდი, რომელიც ასაკით უფრო დიდია. იმის მიუხედავად, რომ ნიჭს ასაკი არ აქვს, არის მაინც რაღაცები, რასაც ასაკი წყვეტს…
– ნუ დაგავიწყდება, შენც ასაკით პატარა მონაწილე გყავს…
– ჰო, პატარაა და ძალიან რთულია, ამას ყოველთვის აღვნიშნავდი. ნინა ძალიან მიდგას გვერდით და მეხმარება თავისი ნიჭით… მაინც ვფიქრობ, რომ ცირა უფრო მეტად ჩამოყალიბებული იყო ამ პროექტის ფარგლებში, ვიდრე დათოს ბიჭები ერთად.
– როგორ გგონია, არ გაგაკრიტიკებს მაყურებელი ამ გადაწყვეტილების გამო?
– მაყურებელი ნებისმიერ შემთხვევაში გამაკრიტიკებს. ცირა რომ გამეშვა პროექტიდან, მისი გულშემატკივრები გამაკრიტიკებდნენ. კრიტიკა იქნება ყველა შემთხვევაში, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება არა ჩემი გემოვნების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ შესძენს შოუს უფრო მეტ ინტერესს. ამ შემთხვევაში ცირა უფრო საინტერესოა, ვიდრე ბიჭები, რომლებიც ახლა შეიკრიბნენ. თუმცა დათოს დარჩა ძალიან კარგი გოგოები, რომლებიც ბევრად საინტერესოა, ვიდრე ბიჭების ჯგუფი იყო. ასე რომ, ნამდვილად არ მომხდარა ამით კატასტროფა.

 წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები