ნინა სუბლატი – ”საცვლის გარეშე არ ვიყავი…”

ნინა სუბლატისთვის წარმატების განსაკუთრებული ფორმულა არ არსებობს. მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტს ცნობილი ადამიანებისგან მისი გულშემატკივრები მოითხოვენ. ნაადრევ დაოჯახებას სულაც არ მიიჩნევს წარმატების ხელის შემშლელ ფაქტორად.

– ადამიანი წარმატებულად როდის უნდა ჩაითვალოს?
– ადამიანმა თავი წარმატებულად არასდროს უნდა მიიჩნიოს. საერთოდაც, ამ საკითხზე არ უნდა იფიქროს. თუ საკუთარ საქმეს გულით აკეთებს, იცის, როდის და სად უნდა წარადგინოს თავისი ნამუშევარი, მასთან თავისთავად მივა წარმატება. ნიჭიერი და მშრომელი ხალხი უმეტესწილად თავმდაბალია.

– რომელი მუსიკალური მიმდინარეობა არ მოგწონს?
– არ მიყვარს იაფფასიანი მუსიკა, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს. მომღერლობა ინფორმაციისა და ემოციის გავრცელებაა. შენ გასცემ იმას, რაც გაიგე, გადაგხდა და რამაც განსაკუთრებულად იმოქმედა შენზე. როგორც ჟურნალისტს არ მოსწონს სულელური ამბების მოსმენა, ისე არ მიყვარს უგემოვნო მუსიკა.

– შენი გადმოსახედიდან, ყველაზე კარგად რომელი სიმღერა შეგისრულებია?
– სიმღერის კარგად შესრულება არ ნიშნავს მის ტექნიკურ გამართულობას. ნამღერი მაშინ არის კარგი, როდესაც გულით ასრულებ. თითქმის ყოველთვის მთელი სიყვარულით ვმღერი. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვარჩევ ერთს. თუ შესაბამის განწყობაზე არ ვარ, არ ვმღერი.

– საკუთარ თავს მამაც პიროვნებად მიიჩნევ?
– გააჩნია, რა მხრივ. თუ სიმაღლიდან გადმოხტომას დამავალებთ, შეიძლება, სიმამაცე ვერ გამოვიჩინო. სხვა მხრივ, ვფიქრობ, საკმაოდ უშიშარი ვარ. არ ვერიდები რისკზე წასვლას. ისეთ რაღაცებს ვკიდებ ხელს, რასაც სხვები ერიდებიან. ჩემდა საბედნიეროდ, ყველა ჩანაფიქრი გამომდის.

– როგორ გგონია, რა დანაკლისს შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, რომელმაც წარმატების მწვერვალს მიაღწია?
– ის ფაქტი, რომ მწვერვალზე იმყოფები, უკვე დანაკლისია. ადამიანი ბუნებით გაუმაძღარია, ყოველთვის უფრო და უფრო მეტი სურს. მწვერვალის ზემოთ კი აღარაფერია. წარმატების ზენიტში მყოფ ადამიანს მაქსიმუმი აქვს მიღებული ცხოვრებისგან და აღარ იცის, რისკენ უნდა მიილტვოდეს.

– რა ან ვინ ანადგურებს წარმატებული ინდივიდის ფსიქიკას?
– პირველ რიგში, გულშემატკივრები, რომლებიც მისგან გამუდმებით საუკეთესოზე მეტს მოითხოვენ.

– შენს ცხოვრებაში რა დგას პირველ ადგილას?
– ჩემს ცხოვრებაში დანომრილი არაფერია. მხოლოდ ის მაქვს, რაც მინდა მქონდეს და შესაბამისად, პირველ ადგილას დგას ჩემთვის.

– რამ გადაგაწყვეტინა ნაადრევ ასაკში დაოჯახება? ეს კარიერაზე როგორ აისახა?
– ჩემს გათხოვებას ნაადრევს ვერ დავარქმევ, რადგან დაოჯახებისას მნიშვნელობა არა ციფრებს, არამედ გონებრივ მდგომარეობას აქვს. დაოჯახების შემდეგ მოვიგე ყველაზე მასშტაბური პროექტი, გავაფორმე რამდენიმე საინტერესო მუსიკალური ხელშეკრულება, გამოვუშვი სადებიუტო ალბომი, რომელიც ყველაზე გაყიდვადი იყო მთელი წლის განმავლობაში; საქართველოში ჩავატარე კონცერტი, რომელმაც ტრიუმფით ჩაიარა. ასევე, მივიღე უდიდესი მუსიკალური განათლება, შევქმენი საკუთარი მუსიკალური სტუდია, დავიწყე მეორე ალბომზე მუშაობა, გავხდი ვოკალის მასწავლებელი, მოვიგე ”ევროვიზიის” კონკურსი საქართველოში, დაგეგმილი მაქვს ტურნე საზღვარგარეთ, ვუშვებ საკუთარ ტანსაცმლის ხაზს. ასე რომ, გამიხარდება, თუ ქორწინებაზე იმასთან ისაუბრებთ, ვინც საქმით არ არის დაკავებული.

– რა მიგაჩნია წარმატების ფორმულად?
– წარმატების მისაღწევად არანირი ფორმულა არ გჭირდება, უბრალოდ, ყველაფერი უნდა გემეტებოდეს იმისთვის, რასაც აკეთებ.

– ”ევროვიზიის” კლიპისთვის შერჩეულ კაბას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორ გგონია, რატომ? თავად შეარჩიე ტანსაცმელი თუ დიზაინერი დაგეხმარა?
– ვერცხლისფერი კაბა დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ შემიკერა, თუმცა თავად ავუხსენი, როგორი სამოსის ჩაცმა მსურდა. დიდი მადლობა მას გაწეული დახმარებისთვის. ლაშამ, რა თქმა უნდა, თავისი გემოვნების მიხედვით დეტალები დაამატა. არ ვიცი, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი კაბას, მაშინ, როცა ფოტოზე აშკარად კარგად ჩანდა, რომ საცვლის გარეშე არ ვიყავი.

– შენი ცხოვრება ისე განვითარდა, როგორც გეგმავდი?
– კი, ისე განვითარდა, როგორც ვგეგმავდი… უფრო სწორად, როგორც ვშრომობდი. საწადელს აუცილებლად მივაღწევ, თუ ბევრს ვიშრომებ. ფეხს ფეხზე თუ გადავიდებ და იღბლიანი ვარსკვლავის გააქტიურებას დაველოდები, არასდროს არაფერი ისე არ მოხდება, როგორც ვისურვებდი.

– მეგობრისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან კონცერტს ჩაშლიდი?
– კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე არც ზარებს ვპასუხობ, არც მეგობრებს ვნახულობ. შესაბამისად, მისი გასაჭირი ჩემამდე კონცერტის დასრულების შემდეგ მოაღწევდა.

– რა მსხვერპლის გაღება მოგიხდა წარმატების მისაღწევად?
– წუწუნი არ მიყვარს. თითოეული გაღებული მსხვერპლი ჩემი გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილებაა, შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგისთვის მზად ვარ. ამის გამო ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მსხვერპლი არ არის. მსხვერპლი არ გამიღია, უბრალოდ, დავმდგარვარ დილემის წინაშე.

– როგორ ფიქრობ, ადვილად მოახერხებ დედობისა და კარიერის შეწყობას?
– ასეთ საკითხებზე საზოგადოდ არ ვსაუბრობ. თუმცა იმას ვიტყვი, რომ ადამიანი მაშინ უნდა გახდეს მშობელი, როდესაც მზად არის, ორი (ან თუნდაც მეტი) საქმე ერთმანეთს შეუთავსოს.

– როგორია დიდების გემო?
– ჩიფსივით არის. გემრიელია, მაგრამ ბევრს თუ შეჭამ, გავნებს.

– რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს?
– ვფიქრობ, ადამიანი გემოვნებიანი უნდა იყოს, რისკზე წასვლა შეეძლოს და ახალ ეტაპებს არ უნდა უშინდებოდეს. არ უნდა დაავიწყდეს, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის.

– რას შეცვლიდი ქართულ შოუბიზნესში?
– შესცვლელი კი არა, თავიდან დასაწყებია. ამ სფეროს აღორძინებას ახალი სისხლი სჭირდება, გადასხმა აღარ შველის.

– რესტორნებში მღერი?
– ზოგადად, რესტორნებში არ დავდივარ.

– რა შემთხვევაში იტყვი უარს კარიერაზე?
– ჩემთვის მუსიკა კარიერა არ არის. იგი ჩემი განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე მოვკვდები.

– შენი გადმოსახედიდან, აფასებენ შენს ნიჭს?
– საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ მეორედ ამირჩია საუკეთესო მომღერლად. დიახ, ხალხი მიფასებს შემოქმედებას.

– რას ურჩევდი მომღერლებს, რომლებიც ფართო ასპარეზზე ჯერ არ გამოჩენილან?
– ჩვენს ქვეყანაში ბევრი ყალბი არტისტია და მათ არ უყვართ ნიჭიერი ადამიანები, შესაბამისად, არ უსმინონ ხალხს და აკეთონ საყვარელი საქმე.

 

წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები