ცნობილი ქართველი ფსიქიატრი, ავლიპ ზურაბაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევიში დაიბადა გასული საუკუნის გარიჟრაჟზე, შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო.
მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მოგეხსენებათ, თბილისის ფსიქიატრიული კლინიკა 1925 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ ასათიანია, რომლის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელად იმჟამინდელი ლენინგრადიდან მისი მოწაფე და ასპირანტი
ავლიპ ზურაბაშვილი მოიწვიეს.
ამბობენ, რომ თანამშრომლები სიყვარულით პაპას ეძახდნენ. ის ავადმყოფთან ურთიერთობაშიც საოცრად თბილი და უშუალო იყო. პაციენტები თურმე მოუთმენლად ელოდნენ ყოველ ორშაბათს, როდესაც საავადმყოფოში შემოვლას “პაპა” ავლიპი ატარებდა.
მასზე საბჭოთა საქართველოში ლეგენდები დადიოდა. იუმორის კარგის გრძნობა ჰქონდა და ხშირად იმჟამინდელ მაღალჩინოსნებს სიმართელეს პირში სწორედ ხუმრობით ახლიდა და პასუხსაც ვერავინ სთხოვდა. მასზე ანეკდოტებსაც ბევრს იგონებდნენ, რაზეც თურმე ძალიან ხალისობდა.
ცნობილია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს. ერთ-ერთ შეკრებაზე უთქვამს, – ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ჰკითხეს, – რატომო? – გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა…
როგორც უკვე გითხარით, მასზე მართალი თუ გამოგონილი იუმორისტული ამბები ლეგენდებად დადიოდა. ერთ-ერთ ასეთ ისტორიას ახალა მოგიყვებით:
ბატონი ავლიპი შემოვლაზე იყო, ერთ პალატაში პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ჰკითხა:
– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?
– რა ვიცი, აბა… ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.
– რათა, რა მოხდა?
– გადამრევენ ეს ქალები…
– რაო, რა უნდათ?
– მეც კაცი ვარ, ადამიანი… განა ამდენი შემიძლია?
– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?
– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ… ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან… აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის… ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან… შემიძლია მე ამდენი?!
ავლიპმა ცოტა ხანში “გამოსავალი იპოვა”.
– კარგი… შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ… შეგენაცვლები, გაიგე შენა?
– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.
– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორე პაციენტს – ჟორჟიკას ეკითხება.
– ცუდად, ექიმო… მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..
– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.
– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.
– ჰო, მართლა, მართლა… თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – მერე სიცილით დაამატა – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და… – თქვა და გავარდა პალატიდან.
წყარო:https://www.kvirispalitra.ge